LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექნუ ქაფიანიძე: „რთული სათქმელია, რამდენად გავამართლე მამის იმედები, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ არ გავაკეთო ის, რაც მას არ გაუხარდებოდა და გავაკეთო ის, რაც მას გაუხარდებოდა…“

370
ბექნუ

მსახიობ ზურა ქაფიანიძის ვაჟი, თავადაც მსახიობი და ტელეწამყვანი, ბექნუ ქაფიანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, გაამართლა თუ არა მამის იმედები.

– ლექსების კითხვის საოცარი ნიჭი გაქვს და ეს სიამოვნებას თავად განიჭებს. ბავშვობაში, როცა სკამზე გაყენებდნენ და სტუმრისთვის ლექსის წაკითხვას გთხოვდნენ, როგორი რეაქციები გქონდა?

– არავითარ შემთხვევაში არ წავიკითხავდი, თუ მეტყოდნენ: აბა, სკამზე დადექი და ლექსი წაიკითხეო (იცინის). არ დამავიწყდება, დედა კონსერვატორიაში მუშაობდა. ნოდარ ანდღულაძესთან მეგობრობდა. პირველ სკოლაში ვსწავლობდი და გაკვეთილების მერე დედასთან მივდიოდი სამსახურში, ფაქტობრივად, კონსერვატორიაში გავიზარდე. მოკლედ, დედამ ნოდარ ანდღულაძეს სთხოვა, ხმა შეუმოწმე, როგორ მღერისო. ბატონი ნოდარი აუდიტორიაში, როიალთან იჯდა და რომ მითხრა, აბა, რას მიმღერებო, ვუპასუხე, არ გიმღერებ-მეთქი. აბა, რას იზამო? ლექსს წავიკითხავ-მეთქი. და, სწორედ მაშინ წავიკითხე პირველად ლექსი ხმამაღლა. ძალიან ბევრი იცინა ბატონმა ნოდარმა და დედას უთხრა: ჯერ ძალიან პატარაა, რომ წამოიზრდება, გარდატეხის ასაკში რომ შევა, მერე მოვუსმინოთო.

– დედამ რომ მოუყვა მამას, ბატონ ზურა ქაფიანიძეს, მან რა თქვა?

– დედამ ეს ამბავი მამას რომ მოუყვა, მას ჩაეღიმა. ყოველთვის დიდი იმედი ჰქონდა ჩემი და ამბობდა: ვიცი რა ჭკუისა და გონების მატარებელია ჩემი შვილიო.

– როგორ ფიქრობ, გაამართლე მამის იმედები? და, შენი აზრით, მამას რაში ჰგავხარ?

– რთული სათქმელია რამდენად გავამართლე მამის იმედები, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ არ გავაკეთო ის, რაც მას არ გაუხარდებოდა და გავაკეთო ის, რაც მას გაუხარდებოდა. ზოგადად, მამას ბევრი რამით ვგავარ – ხასიათით, გულწრფელობით, სიალალით, ემოციურობით. საქმესთან და პროფესიასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ზურა საერთოდ სხვანაირი ფიგურა იყო, არაჩვეულებრივი და არ ვცდილობ, კარგი გაგებით ვამბობ, რაიმეში დავემსგავსო, რადგან პროფესიული თვალსაზრისით, ეს არასწორია და შეუძლებელიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g