საქართველოს სტენდი ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB Berlin -2016“ სპეციალური ჯილდოთი „ღვინის ტურიზმის საუკეთესო მიმართულება“ დაჯილდოვდა.
ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყოველწლიურად 170 ათასამდე დამთვალიერებელს ითვლის. გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 180 ქვენის 11 ათასამდე ორგანიზაცია წარადგენს. ტურიზმის სფეროში იგი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში.
როგორც “ფორტუნას” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, გამოფენის ფარგლებში, რეგიონის პოპულარიზაციის და უცხოური გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბერლინში საქმიან შეხვედრებს მართავს დეპარტამენტის თავმჯდომარე მამია ბერძენიშვილი. ის უკვე შეხვდა მეკლენბურგის ოლქის (ქალაქი როსტოკი) ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის საერთაშორისო ასოციაციის Skal, მაკედონიის, ქვემო ბავარიისა და ვალონიის რეგიონის (ბელგია) ტურიზმის სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებს. დეპარტამენტის თავმჯდომარე ასევე შეხვდა TAV holding –ს, პოლონეთისა და ლიტვის მსხვილ ტურ ოპერატორებს Sun and Fun და Novaturas წარმომადგენლებს აჭარაში ფრენების დაწყებით დაინტერესების მიზნით.
ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 9 მარტს დაიწყო და 13 მარტს დასრულდება.
