LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი ვიფიქრე, ბოლოს ის მომღერლები შევარჩიე, ვისთან ერთადაც ჩემი შემოქმედება დაიწყო და ის ახალგაზრდა შემსრულებლები, ვინც ჩემი სიმღერები ჰიტად აქცია” – ლილიკო ნემსაძე შემოქმედებით საღამოზე „არტ-FM“-ში

484
ლილიკო-ნემსაძე

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძე სტუმრობდა, რომელმაც 29 ნოემბერს დაგეგმილ შემოქმედებით საღამოზე ისაუბრა და სიმღერა „მე და შენ“ წარუდგინა მსმენელს.

პირველი სრულფასოვანი კონცერტით 1994 წელს წარვდექი პუბლიკის წინაშე. მას შემდეგ ზუსტად 30 წელი გავიდა, ამიტომ ერთგვარი საიუბილეო საღამოს მოწყობა გადავწყვიტე. ზოგადად, ძალიან რთულია შემოქმედებითი საღამოს მოწყობა, ამიტომ სხვების მსგავსად მეც იშვიათად ვმართავ კონცერტებს, მით უფრო, რომ მე არც მომღერალი ან ავტორ-შემსრულებელი, არამედ კომპოზიტორი ვარ და ისედაც იშვიათად ვჩნდები პუბლიკის წინაშე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას და კულტურის სამინისტროს, რადგან სწორედ მათი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი კონცერტის მოწყობა.

საღამოს ორგანიზებას ნეკა სებისკვერაძე გაუწევს, ვისთანაც დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. ამასთანავე, ნეკა ბრწყინვალე ორგანიზატორია, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. უამრავ შემსრულებელთან ვთანამშრომლობ, ამიტომ ძალიან გამიჭირდა პროგრამის შედგენა. დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო იმ მომღერლებს, ვინც მთელი ცხოვრება ჩემს გვერდითაა, მაგრამ მაინც ვერ შევძელი მათი კონცერტზე მიწვევა. ბევრი ვიფიქრე, ბოლოს ის მომღერლები შევარჩიე, ვისთან ერთადაც ჩემი შემოქმედება დაიწყო და ის ახალგაზრდა შემსრულებლები, ვინც ჩემი სიმღერები ჰიტად აქცია. საერთო ჯამში პროგრამამ 23 სიმღერა გააერთიანა, რაც ვფიქრობ აბსოლუტურად საკმარისია, რათა მაყურებელი ზედმეტად არ მოიქანცოს. კონცერტს ჩემს შვილებს მივუძღვნი, რომლებიც მუდმივად მთხოვდნენ მის მოწყობას, ამიტომ ერთ სიმღერას ჩემი შვილი, ანაც შეასრულებს.

კარიერის დასაწყისში ერთდროულად გავიცანი ეკა კვალიაშვილი, ეკა მამალაძე, თამრიკო ჭოხონელიძე და გოგი დოლიძე. პირველი სიმღერა „მე მუდამ გელი“ მორის ფოცხიშვილის ლექსზე დავწერე ეკა კვალიაშვილისთვის, რომელმაც ხუთ წუთში ისწავლა მთელი სიმღერა და ძალიან მალე ჩაწერა. 1990-იან წლებში მხოლოდ ერთი ხმისჩამწერი სტუდია „მელოდია“ არსებობდა, სადაც მუსიკა ფირზე იწერებოდა. აღფრთოვანებული ვიყავი ეკათი, რომელსაც არაჩვეულებრივი ხმა, სმენა ჰქონდა და ნამდვილი პროფესიონალი იყო. სწორედ ეკა იქცა ჩემთვის სტიმულად გამეგრძელებინა მუშაობა, მოგვიანებით გოგი დოლიძემ შეასრულა ჩემი სიმღერა, რომელიც აფხაზეთის დაცემის დღეს გაჟღერდა პირველად „ალიონის“ და მაია დათუნაშვილის ეთერში. სწორედ მან გააცნო ჩემი შემოქმედება მსმენელს, ამიტომ საიუბილეო კონცერტსაც მაია დათუნაშვილი და კახა მიქიაშვილი გაუძღვებიან.

მართალია, ძველი ინტენსივობით ვეღარ ვმუშაობ, მაგრამ რამდენიმე ახალი სიმღერა მაინც მაქვს, რომელთა პრემიერა მოგვიანებით შეგება. ახლა ძალიან მოდურია ძველი სიმღერების განახლება, რაც მეც ძალიან მომწონს, რადგან ახალგაზრდებმა ძველი ნამუშევრები გაიცნეს და დააფასეს. ახლა მეტწილად საკუთარი თავის ძიებაში ვარ, რადგან უამრავი სტილი, ჟანრი არსებობს და მინდა რაიმე ახალი მოვსინჯო. ამასთანავე, რამდენიმე საინტერესო პროექტში ვგეგმავ მონაწილეობას, თუმცა დეტალურად ჯერ ვერაფერს ვიტყვი.  

„მე და შენ“, რომელიც ირინა სანიკიძის ტექსტზე შეიქმნა, მარიკა თხელიძის სიმღერაა. მართალია, მარიკა ჩემი უსაყვარლესი მომღერალია, მაგრამ შემოქმედებით საღამოში სამწუხაროდ ვერც ის მიიღებს მონაწილეობას.

მარიკა თხელიძე – მე და შენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g