გასული წლის ზაფხულში კომპანია Bugatti-მ ახალი მიმართულება – Solitaire დააანონსა, რომლის მიზანიც განსაკუთრებული, ერთეულად გამოშვებული ავტომობილების შექმნაა, კოლექციონერებისა და ბრენდის გულშემატკივრებისთვის. ამ ხაზის პირველი ნამუშევარი გახდა ჰიპერქარი Brouillard, რომელიც მხოლოდ ერთ ეგზემპლარად დამზადდა. გამოცემა Supercar Blog-ის წყაროების ინფორმაციით, მეორე მოდელი ლეგენდარულ Veyron-ს მიეძღვნება, ხოლო მისი პრემიერა 22 იანვარს გაიმართება – ზუსტად 20 წლის შემდეგ, რაც პირველი Bugatti-ის ჰიპერქარი ფართო საზოგადოებას წარუდგინეს.
Veyron ინჟინერიის ნამდვილ შედევრად მიიჩნევა, რომელმაც სრულად შეცვალა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ერთდროულად მძლავრი, სწრაფი და ლუქს კლასის ავტომობილი. ეს კუპე ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი სერიული ავტომობილი 1000 ცხენის ძალის ძრავით, ასევე როგორც პირველი მოდელი, რომელსაც ოფიციალურად დაუდასტურდა 400 კმ/სთ-ზე მეტი მაქსიმალური სიჩქარე.
ვარაუდობენ, რომ ახალი ექსკლუზიური ჰიპერქარი, Brouillard-ის მსგავსად, Chiron-ის პლატფორმაზე აიგება, თუმცა დიზაინში არაერთ ელემენტს ისესხებს ორიგინალი Veyron 16.4-ისგან. მათ შორის იქნება კორპუსის კლასიკურ ფერთა კომბინაცია. განსხვავებით თანამედროვე Tourbillon-ისგან, ეს მოდელი შეინარჩუნებს ბრენდის საკულტო ტურბოდამჭერ W16 ძრავს, რომლის სიმძლავრე 1600 ცხენის ძალის დონეზე დარჩება.
Bugatti-ის Solitaire განყოფილება წელიწადში არაუმეტეს ორი ექსკლუზიური ავტომობილის გამოშვებას გეგმავს.