LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცემინება, თვალებისა და სასის ქავილი, რინიტი და ხველა – ალერგოლოგი ნათია ჭანტურიძე გვირჩევს, როგორ გავუმკლავდეთ შემოდგომის ალერგიას

2068
ნათია ჭანტურიძე

რა იწვევს შემოდგომის პერიოდში ალერგიული რეაქციების და სიმპტომების მატებას, როგორ განვასხვაოთ ალერგია და ვირუსი, როგორია ალერგიის დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდები“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან ალერგოლოგ-იმუნოლოგმა – ნათია ჭანტურიძემ ისაუბრა.

ნათია, რატომ იმატა ალერგიის სიმპტომებმა სექტემბრის ბოლოს, რატომ ვგრძნობთ მათ ახლა უფრო მძაფრად?

ზოგადად, ალერგიული დაავადებების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და ეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ინდივიდუალური თვალსაზრისით, რადგან ალერგიული დაავადებები ცხოვრების ხარისხს საკმაოდ აქვეითებენ, ასევე სამედიცინო მენეჯმენტის და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.

ვინაიდან, დღეს სეზონურ, შემოდგომის ალერგიებზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნული, სეზონური ალერგია გამოწვეულია კონკრეტული მცენარეების მტვრის მარცვლებით, რომლებიც იწყებენ ყვავილობას და შესაბამისად, სხვადასხვა კონცენტრაციით არიან ჰაერში შეწონილები, რაც ალერგიული ჩივილების განვითარებას იწვევს. ამ ეტაპისთვის, ყველაზე მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარეებია, მაგალითად, ამბროზია, ავშანი. ამბროზია ყვავილობას აგვისტოს დასაწყისში იწყებს, თუმცა შესაძლებელია, მისი ყვავილობა გახანგრძლივდეს და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ან ბოლომდე გაგრძელდეს. ავშანი შედარებით გვიან იწყებს ყვავილობას და თუ კარგი, მზიანი ამინდები იქნება, შესაძლებელია, რომ მისი ყვავილობა ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდეს.

ბევრ პაციენტს უთქვამს, რომ ზემოთ აღნიშნული მცენარეები არ აქვთ ეზოში, რომ არ არის მათ სახლთან ახლოს, მაგრამ მათ მაინც აწუხებთ ჩივილები. ეს განპირობებულია იმით, რომ მცენარეები ჰაერში ქარის საშუალებით ვრცელდებიან, შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, მცენარეები ახლოს გვექნება, თუ შორს, კლინიკური ჩივილი თავს მაინც იჩენს.

პირველი ჩივილი ეს გახლავთ – ალერგიული რინიტი, რაც ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას გულისხმობს. მსოფლიოში, დაახლოებით, 400 მლნ-ზე მეტი ადამიანი არის ალერგიული რინიტით დაავადებული. აქედან მოზარდების, დაახლოებით, 10-30 %-ია, ბავშვების კი – 40 %. კლინიკურად ის ვლინდება ცემინებით, ცხვირიდან გამონადენით, რომელიც წყლისებრი და უხვი გახლავთ, ასევე ცხვირის ქავილით, ცხვირის გაჭედვით, რასაც თან ერთვის თვალის სიმპტომატიკა, ალერგიული კონიუნქტივიტი. რინიტი და თვალის სიმპტომები თითქმის ყოველთვის ერთად გვხვდება, რასაც ალერგიული რინო-კონიუნქტივიტის ჩივილებს ვუწოდებთ და ის თვალის ქავილით, სიწითლით, ცრემლდენით ვლინდება, რასაც თან ერთვის სასის, ყურების ქავილი, რაც ძალიან შემაწუხებელია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი –  ხველა, რომელსაც თან ერთვის სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი ხიხინი, რაც უკვე პაციენტებში ალერგიული ასთმის განვითარებაზე მიუთითებს.

სეზონური ალერგია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მუდმივი ალერგიებიც, როგორიცაა – ოთახის მტვერი, ნესტის სოკოების სპორები.

როგორ უნდა განვასხვაოთ ალერგიის და ვირუსის სიმპტომები?

ეს ძალიან აქტუალური საკითხია. პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ გაციებას და ალერგიას ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. თავიდან ყოველთვის გაურკვევლობა აქვთ ხოლმე, რადგან მათ მართლაც მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ. მაგალითად, ცხვირის გაჭედვა, ცემინება და ხველა ორივე დაავადების დროს შეიძლება შეგვხდეს.

პირველი განმასხვავებელი ნიშანი შეიძლება იყოს ხანგრძლივობა, რადგან გაციების სიმპტომები შეიძლება 3-დან 14 დღემდე მიმდინარეობდეს, ალერგიული სიმპტომები კი მთელი წლის მანძილზეც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ძალიან მნიშვნელოვანი განმასხვავებელი სიმპტომი გახლავთ ტემპერატურის მატება. გაციების დროს ტემპერატურა პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, ალერგიის დროს კი ის თითქმის არასდროს გვხვდება. შეგვიძლია, ავიღოთ თვალის სიმპტომიც. როცა ადამიანს ალერგია აქვს, თვალის წამყვანი სიმპტომატიკა, უმეტესად, ქავილია, ხოლო გაციების და ვირუსის შემთხვევაში ქავილი ნაკლებად არის გამოხატული, ამ დროს, ჩვენ უფრო მეტად გვაქვს ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება. ასევე, შეიძლება არსებობდეს ზოგადი სიმპტომები. გაციების დროს, დამახასიათებელია სახსრების, კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე, რაც ალერგიის დროს ნაკლებად გვხვდება ხოლმე. შესაბამისად, აუცილებლად დეტალურად უნდა შევადგინოთ ანამნეზი და სწორედ ანამნეზის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ, ალერგიასთან გვაქვს საქმე თუ გაციებასთან.

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ალერგიული, გახანგრძლივებული ხველა?

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ხველა ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის დაცვით ფაქტორს მიეკუთვნება. ის ხელს უწყობს ფილტვებში მოხვედრილი სხვადასხვა ნაწილაკების, ჭარბი ლორწოს ფილტვებიდან გამოთავისუფლებას და ინფექციის თავიდან არიდების საშუალებას გვაძლევს. გახანგრძლივებული ხველა ხშირად შეიძლება, საგანგაშო არ იყოს, მაგრამ ის ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანებს, რადგან ხშირად უხერხულ სიტუაციებში იჩენს თავს, ასევე ის იწვევს თავბრუსხვევას, დაღლილობას, კუნთების ტკივილს. ხველისას იმდენად დაძაბულია კუნთი, რომ იშვიათ შემთხვევაში, შესაძლებელია ნეკნის მოტეხილობაც. ხველა განსაკუთრებით დიდი დისკომფორტია ქალებში, რადგან მას უნებლიე შარდვაც კი შეიძლება ახლდეს თან.

გახანგრძლივებული, ქრონიკული ხველა გულისხმობს ხველას, რომელიც 8 კვირაზე მეტხანს გრძელდება. მას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ ყველაზე ხშირი გახლავთ –  ალერგიული ასთმა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, რომლის დროსაც კუჭიდან საყლაპავში ამოსული მჟავე შიგთავსი საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას იწვევს და სწორედ ეს ხდება მუდმივი ხველის მიზეზი. გახანგრძლივებული ხველის ხშირი მიზეზია რინო-სინუსური მდგომარეობებიც, რაც გულისხმობს ცხვირის ზედა სინუსების პრობლემებს, ინფექციებს, ცხვირის უკანა დენას. ასევე, არსებობს ბრონქიტები, რომლებიც სხვადასხვა გზების ანთებებს იწვევენ. შესაძლებელია, ადამიანს ერთად რამდენიმე დაავადების კომბინაციაც კი ჰქონდეს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ყივანახველაც, რომელიც გახანგრძლივებული ხველის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს და რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო ამ სეზონზე. ყივანახველა გამოირჩევა იმით, რომ მისი ხველა არის ძალიან მშრალი, სპაზმური ხასიათის, ის ხშირად მიდის ღებინებამდე, თუმცა მას ტემპერატურა თან არ ახლავს. კარგად უნდა გამოვკითხოთ პაციენტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ხველა აწუხებს, მშრალი, ნახველიანი, თუ რამდენი ხანია, რაც დაეწყო ხველა, არის თუ არა ის სისხლიანი, ახლავს თუ არა მას ტემპერატურის მატება, აქვს თუ არა წონაში კლება და ა.შ. ხველა ცოტა რთული და მნიშვნელოვანი ფენომენია, ამიტომ სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს იმისთვის, რომ შემდეგ სწორად ვმართოთ ის და შევამსუბუქოთ სიტუაცია.

ნათია, ბევრი განსხვავებული სიმპტომი განვიხილეთ, ამიტომ მინდა გკითხო, როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი? ალერგიის სიმპტომების გამოვლენისას, თვითნებურად შეგვიძლია რაიმეს გაკეთება თუ ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად ექიმს უნდა მივმართოთ?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადამიანს უნდა ჰქონდეს კლინიკური ჩივილი, რის გამოც ის ექიმს მიმართავს. ადამიანებს, რომელთაც მინიმალურად გამოხატული ჩივილები აქვთ, რა თქმა უნდა, ურეცეპტო ანტიალერგიული მედიკამენტების გამოყენება შეუძლიათ, რადგანაც ასეთ ანტიჰისტამინურ საშუალებებს სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გააჩნიათ.

ადამიანებს, რომელთაც ცხვირის სიმპტომები აწუხებთ, შეგვიძლია, ვურჩიოთ, რომ ზღვის წყლით გამოირეცხონ.

თუ კლინიკური ნიშნები იმატებს, თუ წლიდან-წლამდე უარესდება ადამიანის მდგომარეობა, თუ გარემოში გასვლისას, მცენარეებთან, ცხოველებთან კონტაქტისას, ჩვენი კლინიკური ჩივილები იზრდება, აღნიშნული მედიკამენტების მიღება საკმარისი აღარ იქნება და რა თქმა უნდა, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს, რადგან ალერგენისგან თავის სრულიად აცილება, ფიზიკურად შეუძლებელია. რადგან ადამიანს ყოველთვის უწევს ალერგენთან კონტაქტი, შეიძლება, რომ კლინიკური ჩივილები წლიდან-წლამდე გაუარესდეს და ადამიანის მდგომარეობა დამძიმდეს. მაგალითისთვის, გვაქვს ასეთი ატოპიური მარშის ფენომენი, რა დროსაც ბავშვობაში იწყება კანის პრობლემები, ატოპიური დერმატიტი, რასაც შემდგომ ემატება ალერგიული რინიტი, რომელიც მოგვიანებით ასთმაში გადადის. აღნიშნული მდგომარეობების თავიდან აცილება მეტ-ნაკლებად შეგვიძლია, ამიტომ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ ექიმს დროულად მივმართოთ. აღსანიშნავია, რომ მკურნალობა და დიაგნოსტიკა ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად არის მორგებული.

რატომ აქვს ადამიანს ალერგიებისადმი მიდრეკილება, ეს გენეტიკიდან გამომდინარეობს თუ ეს არის იმუნური პასუხი რაღაც ტიპის გამღიზიანებელზე?

მოგეხსენებათ, თვითონ ალერგია იმუნური სისტემის არასწორი პასუხია, ანუ ის რეაგირებს ისეთ ნივთიერებებზე, რომლებიც ადამიანების უმეტესობისათვის უსაფრთხოა.

არსებობს რამდენიმე მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება ალერგიული დაავადებების ზრდა. ერთ-ერთი მოსაზრება გახლავთ ჰიგიენის ჰიპოთეზა, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებმა შეიცვალეს ცხოვრების წესი, ვცხოვრობთ შედარებით უფრო სუფთა გარემოში, შესაბამისად, ნაკლებად გვაქვს კავშირი მიკრობებთან, რის გამოც ჩვენს იმუნურ სისტემას ნაკლებად უწევს მასთან ბრძოლა, შესაბამისად, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი იმუნური სისტემა ნაკლებად ვარჯიშობს და მას უკვე უჭირს მისთვის მავნე და არა მავნე ნივთიერების განსხვავება. ეს კი ალერგიული დაავადებების ზრდის ერთ-ერთი ფაქტორია.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას. თუ ერთი მშობელია დაავადებული, მაშინ შთამომავლობაში 30-60 პროცენტამდე შეიძლება მოხდეს ალერგიული დაავადებების გადაცემა. თუ ორივე მშობელია დაავადებული, ამ შემთხვევაში, ეს რიცხვი 60-დან 80 პროცენტამდე იზრდება.

მინდა ვისაუბროთ სამოსზე, რომელიც, ასე ვთქვათ, „იკბინება“, რომელიც შემაწუხებელია ადამიანისთვის. როცა კონკრეტული სამოსი, ქსოვილი იწვევს დისკომფორტს, ასეთი გამოვლინება წარმოადგენს თუ არა ალერგიისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სიმპტომს და არის თუ არა ის ექიმ-ალერგოლოგის პროფილი?

გამომდინარე იქიდან, რომ კანი და ტანსაცმელი უშუალო შეხებაში არიან, უმნიშვნელოვანესია, თუ რა მასალისგან შედგება ტანსაცმელი. რაც უფრო დაბალი ხარისხის გახლავთ ტანსაცმელი, ის უფრო უხეშ ბოჭკოებს შეიცავს და კანთან ხახუნის შედეგად, კონტაქტური, ირიტაციული დერმატიტის განვითარებას, კანის გაღიზიანებას იწვევს, რაც ვლინდება კანის სიწითლით, ქავილით, დისკომფორტით, აქერცვლით და ა.შ. შესაძლებელია, რომ ტანსაცმელმა ალერგიული, კონტაქტური დერმატიტი გამოიწვიოს. ბევრი ტანსაცმელი ქიმიურ საღებავს, სხვადასხვა არაჯანსაღ ქსოვილს და ბოჭკოს, მაგალითად, ნეილონს, პოლიესტერს შეიცავს. თუ ტანსაცმელი მჭიდროდ ეკვრის კანს, ხდება გაოფლიანება, კანი ვერ სუნთქავს კარგად და ამ დროს, შესაძლებელია, სხვადასხვა ინფექციებიც კი განვითარდეს. საღებავები, სხვადასხვა ქიმიური ნარჩენები კანის გაღიზიანებას, ქავილს, წიწკნის შეგრძნებას იწვევენ. მჭიდრო ტანსაცმელი ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს და ეს იწვევს შემდგომ წიწკნის შეგრძნებას. შესაბამისად, აღნიშნული გამოვლინება შეიძლება იყოს ალერგიულიც და გამღიზიანებელი ფაქტორით გამოწვეულიც.

სასურველია, შევარჩიოთ ბუნებრივი ქსოვილის, მაგალითად, ბამბის ქსოვილისგან შემდგარი ტანისამოსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი ტანსაცმელი ჩაცმამდე გავრეცხოთ, რადგან ეს ზედმეტ საღებავებს, ნივთიერებებს და ა.შ. ჩამორეცხავს. სასურველია კანი დავიტენიანოთ და ზოგადად, მოწესრიგებული გვქონდეს კანის მდგომარეობა, რადგან თუ კანის პრობლემა გვაქვს, ამ შემთხვევაში, ნებისმიერი ქსოვილი შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი.

აუცილებლად გასათვალისწინებელია აქსესუარებიც, რადგან ისინიც შეიძლება, შეიცავდნენ საღებავებს, ქიმიურ ნაერთებს და მძიმე მეტალებსაც კი, მაგალითად, ნიკელს, რომელიც იწვევს კანის გაღიზიანებას და ხშირ შემთხვევაში, კონტაქტური დერმატიტის მიზეზი გახლავთ.

შესაძლებელია თუ არა გარემო ფაქტორების, მაგალითად, რომელიმე მცენარის მიმართ არსებული ალერგია, კონკრეტული საკვების მიღებამ გაამძაფროს, ანუ შესაძლებელია თუ არა ერთგვარი ჯვარედინი რეაქცია?

კვება საკმაოდ აქტუალური საკითხია, რადგან ადამიანებს, რომელთაც მცენარეული ალერგია აქვთ, 10-20 %-ში აღენიშნებათ ჯვარედინი რეაქცია ხილსა და ბოსტნეულზე. მაგალითად, თუ ადამიანს ალერგია აქვს ამბროზიაზე, შეიძლება ალერგია ჰქონდეს გარკვეულ საკვებზეც, რადგან ის ცილოვანი სტრუქტურის შემადგენლობა, რაც ამბროზიას აქვს, ასევე შეიძლება შეგვხვდეს, ზოგიერთ საკვებში, ბოსტნეულში. ამბროზიას ჯვარედინი რეაქცია აქვს ბანანთან, კიტრთან, საზამთროსთან, ნესვთან. შესაბამისად, თუ ადამიანი ამბროზიაზე ალერგიულია, მსგავსი შემადგენლობის მქონე საკვების მიღებისას, მას ალერგიული რეაქცია უვლინდება და ეს სამედიცინო თვალსაზრისით ორალური ალერგიის სინდრომით არის ცნობილი. ასეთ დროს, შეიძლება გვქონდეს: ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი ტუჩების გარშემო, უსიამოვნო შეგრძნება პირის ღრუში, ქავილი, შეშუპების შეგრძნება.  

არსებობს ისეთი საკვებიც, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ჰისტამინს ათავისუფლებს. შესაბამისად, თუ მათი მიღებისას, კლინიკური სიმპტომების გამწვავება ხდება, უმჯობესია, მოვერიდოთ მათ. ასეთი საკვებია: რძე, თევზი…

თუ შემოდგომის დადგომასთან ერთად იმატა ალერგიულმა რეაქციამ, სიმპტომებმა, საჭიროა თუ არა ტესტების ჩატარება, დამნაშავე ალერგენის განსასაზღვრად?

ზოგადად, ყველა დაავადების დროს ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა.

დიაგნოსტიკა ალერგოლოგიაში მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, როდის ეწყება და უმთავრდება პაციენტს ალერგიის სეზონი, როდის უნდა დავიწყოთ და დავამთავროთ მკურნალობა. მოგეხსენებათ, ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს მხოლოდ სეზონური ალერგია და დამატებული ჰქონდეს სხვადასხვა ალერგენები. ასეთ ადამიანებს ჩვენ პოლისენსიბილიზირებულ ადამიანებს ვუწოდებთ. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როდის და რატომ უმწვავდება ადამიანს ალერგია, რომ მკურნალობა განვსაზღვროთ.

დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ჩვენს ცენტრში არაჩვეულებრივი საშუალებები გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ტესტები, როგორც კანის სინჯებით, ისე სისხლის გზით, სპეციფიკური იმუნოგლობულინი E – ს განსაზღვრით. ასევე გვაქვს დიდი მოლეკულური ტესტები.

თუ პაციენტი ალერგიულ მედიკამენტებს არ იღებს და მისი კანი ვარგისია კანის სინჯის ჩასატარებლად, შესაძლებელია, კანის სინჯები გავაკეთოთ. ეს ყველაზე მარტივი, იაფი, სწრაფი, უმტკივნეულო პროცედურაა. პაციენტს ძალიან მალე, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში აქვს პასუხი. ამ დროს სპეციალურ ალერგენების ექსტრაქტს ვაწვეთებთ ადამიანს კანის ზედაპირზე, ოდნავ ვჩხვლეტთ და ნახევარ საათში ვიღებთ პასუხს.

თუ პაციენტი ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს, ანტიდეპრესანტებს იღებს და კანის სინჯების ჩატარება შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, პაციენტს ალერგენის სისხლის გზით განსაზღვრა შევთავაზოთ. კონკრეტულ მეთოდზე არ მოქმედებს არც მედიკამენტი, არც კვება და მისი ჩატარება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

დიდ მოლეკულურ ტესტებში ძალიან ბევრი ალერგენია ერთად თავმოყრილი. ეს ტესტიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება  მოლეკულების დონეზე გავიგოთ, რომელია ძირითადი ალერგენი, რასთან გვაქვს ჯვარედინი რეაქცია და ა.შ.  

რა არის ალერგიის მკურნალობის ოქროს სტანდარტი?

მკურნალობა ყველა პაციენტთან ინდივიდუალურად დგება. რა თქმა უნდა, პაციენტს ვურჩევთ, რომ თუ შესაძლებელია, მაქსიმალურად აირიდოს თავიდან ალერგენი. ასევე, ვეუბნებით პრევენციულ ღონისძიებებზე, რადგან პრევენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მცენარეული ალერგენების ყვავილობის პერიოდში, ვურჩევთ, რომ დილის ათიდან სამ-ოთხ საათამდე პერიოდში გარეთ ყოფნას მოერიდონ, რადგან ამ დროს ძალიან მაღალია ალერგენების ჰაერში კონცენტრაცია. მანქანით გადაადგილებისას ფანჯრების ამოწევას ვურჩევთ, ასევე ვურჩევთ ჰეპაფილტრების გამოყენებას. სახლში დაბრუნებისას, ხელების დაბანა და ტანსაცმლის გამოცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. უმჯობესია, ქარიან ამინდში გარეთ ყოფნას მოვერიდოთ. სახლში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული სისუფთავე და არ უნდა იყოს ნესტის სპორები.

მედიკამენტური მკურნალობაც ყველა ადამიანთან ინდივიდუალურია.

თუ დგინდება ასთმა, ინიშნება სპეციალური აეროზოლი, ვიყენებთ მკურნალობის სპეციალურ საფეხურებს. ცხვირის, თვალის სპეციალურ სპრეებს.

აღსანიშნავია იმუნოთერაპიაც, რა დროსაც ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა განზავებით შედის კონკრეტული, დამნაშავე ალერგენი. ჩვენს ცენტრში იმუნოთერაპიის ორი შესაძლო ვარიანტია, ერთი – ინიექციით და მეორე – ლაბიალური სპრეით. იმუნოთერაპია მკურნალობის ოქროს სტანდარტი გახლავთ. ის დაავადებების მიმართ ტოლერანტობას, შეგუებას იწვევს. ის ძალიან უსაფრთხო მეთოდია და მსოფლიოში, თითქმის, 100 წელზე მეტია, რაც გამოიყენება. ის გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ალერგიული ასთმა, რინიტი და კონიუნქტივიტი. როგორც უკვე გითხარით, იმუნოთერაპია ხელს უწყობს ტოლერანტობას ალერგენის მიმართ, ასევე გვიხანგრძლივებს კლინიკური სიმპტომების რემისიას, გვეხმარება შევამციროთ ან საერთოდ ამოვიღოთ გარკვეული მედიკამენტები და რაც მთავარია, ამაღლებს ცხოვრების ხარისხს. ის 85-დან 100 %-მდე ამცირებს კლინიკურ სიმპტომებს და ძალიან კარგ შედეგებს იძლევა პაციენტებში.

ისაუბრეთ იმ გარემო ფაქტორებზე, რომელიც შემოდგომით გვაზიანებს და ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების განვითარებას. რამ შეიძლება გაამძაფროს ალერგიული სიმპტომატიკა ახლო მომავალში, ნოემბერში, დეკემბერში?

ნოემბრის შუა რიცხვებში ავშანი, სარეველა მცენარეები დაასრულებენ ყვავილობას და შემდეგ, იანვრის ბოლოდან, ხე-მცენარეები დაიწყებენ ყვავილობას. შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეკემბერ-იანვარში მცენარეულმა საფარველმა არ უნდა შეგვაწუხოს, მაგრამ გვაქვს მუდმივი ალერგენები, ოთახის მტვერი, ნესტი, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებით აწუხებს ადამიანს, რადგან სახლებში ჩართულია გათბობა, დახურულია ფანჯრები, ნაკლებად ნიავდება ოთახები და ა.შ. ასევე მინდა აღვნიშნო, შინაური ცხოველები, რომლებმაც ასევე შეიძლება, გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები. ამ შემთხვევაშიც, შესაძლებელია, მივმართოთ იმუნოთერაპიას. უმჯობესი იქნება, თუ ცხოველებს საძინებელ ოთახს მოვარიდებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები