საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ცესკოს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს – ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი პარალელურ დათვლაზე
“გვინდა, გამოვეხმაუროთ გუშინ საღამოს გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხმის პარალელური დათვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ხმის პარალელური დათვლა – ე.წ. PVT განიხილება როგორც ცესკოს მონაცემების კორექტულობის გადამოწმების მთავარი მექანიზმი. განსხვავებით გასული წლებისგან, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) მიერ ამა წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ PVT-ში პირველად დაფიქსირდა არსებითი გადახრა ცესკოს შედეგებიდან, რაც ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარ საყრდენად იქცა. კერძოდ, PVT-ის თანახმად, ფიქსირდებოდა 2,4-პროცენტიანი ცდომილება „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, რის საფუძველზეც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ.
PVT-ის ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე, ჩვენ იმთავითვე შევიტანეთ ეჭვი მისი მონაცემების კორექტულობაში. აშკარა იყო, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას, დაშვებული იყო უხეში ხარვეზი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, PVT-ის მონაცემები დაემთხვეოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს. ამის თაობაზე, ჩვენ ღიად ვისაუბრეთ პარტიის ოფისში გამართულ რამდენიმე ბრიფინგზე.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა. უაღრესად მნიშვნელოვანია, ხარვეზის მიზეზი სრულად, გამჭვირვალედ და რაც შეიძლება მოკლე ვადებში იქნას შესწავლილი.
დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია 9 წლის მანძილზე და უფრო ადრეც, აყალბებდა არჩევნებს. ამ ადამიანებთან თავდაცვით პოზიციაში ყოფნა და არჩევნების არგაყალბების შესახებ თავის მართლება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთივე სიყალბეა მათი პროპაგანდა ე.წ. კარუსელებთან, ამომრჩევლის მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე საუბრობენ. სწორედ ამიტომ გაურბის რადიკალური ოპოზიცია დღემდე ჩვენს ყველა შეთავაზებას არჩევნების შედეგების გადამოწმებასთან და ამ თემაზე დებატებთან დაკავშირებით“,-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ “შეცდომით” – თეა წულუკიანი ISFED-ისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის პირველად ანგარიში არაზუსტია. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
განცხადების მიხედვით, დაზუსტებული შედეგებით, ცესკოსა და ხმების პარალელური დათვლით დადგენილი სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მანდატების რაოდენობაზე.