გვანცა დარასელიამ ახლახან „იუთუბზე“ საკუთარი პოდკასტი გააკეთა, სადაც ოჯახურ ურთიერთობებზე ისაუბრებს. ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ ოჯახისთვის უფრო მეტი დრო დარჩა, თუმცა fortuna.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ტელევიზიაში მუშაობის პერიოდშიც ცდილობდა ბალანსის დაცვას სახლსა და ტელევიზიას შორის.
გვანცა დარასელია:
მიხარია და მომწონს, რასაც ვაკეთებ. გავაკეთე პლატფორმა „იუთუბზე“, ძალიან აჟიტირებული ვარ და ვღელავ. მაქვს სათქმელი, გამოცდილებაც დამიგროვდა და მგონია, საინტერესო პროექტი იქნება.

ტელევიზიის გარეშე რთულია?
ტელევიზიაში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება მაქვს. ძნელია, რადგან ეს არის ჩემი პროფესია, საქმე, რაც ვიცი და მიყვარს ყველაზე ძალიან. ამ პროფესიიდან ვერსად გავიქცევი და არ წავალ. შეიძლება, საქმიანობა ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალო, მაგრამ რაც ძალიან მიყვარს, მას ვერასდროს შეველევი. დღეს ბევრი ალტერნატიული საშუალებაა, რომ შენი სურვილები აიხდინო. დღეს არსებულ ტელევიზიებში ჩემს თავს ვერ ვხედავ, მაგრამ ჩემს ჭიას მაინც გავახარებ სადაც იქნება და როგორც იქნება, ძალიან მენატრება მაყურებელთან შეხვედრა.
15-წლიანი სტაჟი კი ახსენე, მაგრამ 15 წლისას ჰგავხარ სულ… რას აკეთებ, რომ ასეთ ფორმაში იყო?
აბსოლუტურად არაფერს, ეს არის ჩემი ფიზიოლოგია, გენეტიკურია, რომ წონაში არ ვიმატებ. დედაჩემიც ახალგაზრდულად გამოიყურება და არ ეტყობა წლები. იმედია, მეც ასე შევალ ასაკში. ვცდილობ, შევინარჩუნო სტილი, წონაში არ ვიმატებ. ვვარჯიშობ, მაგრამ გულწრფელად თუ ვიტყვი, ამას წონის მოსამატებლად ვაკეთებ. მე ვარ ის შემთხვევა, რომელსაც ვარჯიში სჭირდება იმისთვის, რომ კუნთის მასა მოიმატოს.
ჭამა არ გიცდია?
(იცინის) ვჭამ, როგორ არა. მხოლოდ ეს არ მყოფნის (იღიმის).

გვანცა, შენი შვილები ბედნიერები არიან, რომ დედას უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვს მათთვის?
8 და 13 წლის შვილები მყავს. ერეკლე უკვე დიდი ბიჭია. თავიდან, როცა ტელევიზიიდან წამოვედი და უფრო მეტი დრო მქონდა ოჯახისთვის, გავხდი დედა სრულ განაკვეთზე, გააზრებული მქონდა კარგად ეს არჩევანი. ვიცოდი, რომ ეს პაუზა ჩემი შვილებისთვისაც უნდა გამომეყენებინა. ისეთ ასაკში იყვნენ, როცა მშობელი შვილებთან ურთიერთობის თვალსაზრისით ბევრ რამეს უნდა ჩაეჭიდოს. ბევრი ოჯახური საქმე გვქონდა და კარგად გამოვიყენე ეს დრო, – იმ დანაკლისთან და გულისწყვეტასთან ერთად, რაც ტელევიზიიდან წამოსვლას უკავშირდება და არავინ თქვას, რომ ასე არ არის… ადრე შევადარე, ოჯახი რომ გენგრევა და ადამიანს შორდები, ასე აღვიქვი, სახლიდან წამოვედი და ძალიან მძიმე იყო, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და საჩემოდ გამოვიყენე ეს პერიოდი.
მეუღლე როგორ დაგიდგა გვერდით და თქვენს ურთიერთობას პირიქით ხომ არ წაადგა ეს დრო, რომელიც ტელევიიზიდან გამოითავისუფლე?
მე ყოველთვის ვიცავდი ბალანსს. ჩემი მეუღლე არის საოცრად ყურადღებიანი, მოსიყვარულე და მეოჯახე ადამიანი, ორივე ერთმანეთს ვუბრუნებთ ზრუნვას, ამიტომ ყოველდღიურად მქონდა დრო ოჯახისა და მეუღლისთვის. რომ გითხრათ, განსაკუთრებული განსხვავება დავინახე-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ უფრო მეტ დროს ვატარებ სახლში, ზოგჯერ სახლიდან ვმუშაობ. მაშინაც ვიხარჯებოდი ოჯახისთვის და ახლაც ვიხარჯები…