LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის სასამართლომ განსაზღვრა, ვინ აგებს პასუხს „ავტოპილოტით“ გამოწვეულ ავარიაზე

104
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ჩინეთის უზენაესმა სასამართლო ინსტანციამ მიიღო პირველი ოფიციალური განმარტება, რომელიც საბოლოოდ ადგენს პასუხისმგებლობის განაწილებას იმ შემთხვევაში, თუ ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება ავტომობილის მონაწილეობით, რომელიც მოძრაობდა ელექტრონული სისტემების მართვით. როგორც გამოცემა AutoHome წერს, გადაწყვეტილების თანახმად, მოწინავე დამხმარე სისტემების გამოყენების შემთხვევაშიც კი საბოლოო პასუხისმგებლობა გზაზე უსაფრთხოებისთვის მძღოლს ეკისრება.

განმარტება მიღებულია ერთ-ერთი სასამართლო საქმის განხილვის ფარგლებში, რომელიც „უმძღოლო“ ავტომობილის მონაწილეობით მომხდარ ინციდენტს ეხებოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ სხვადასხვა ასისტენტის აქტივაციის შემდეგაც კი, რომლებიც მანქანას დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, ადამიანი კვლავ ითვლება ფაქტობრივ მძღოლად და სრულ იურიდიულ პასუხისმგებლობას იღებს შესაძლო შედეგებზე. აღნიშნული პოზიცია მომავალში მსგავსი დავების გადაწყვეტის პრაქტიკას უნდა დაედოს საფუძვლად.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მძღოლის დამხმარე სისტემების განვითარებასთან ერთად, ჩინეთში ზოგიერთი ავტომფლობელი ზედმეტად დაეყრდნო ელექტრონიკას – საჭესთან ძილი, მობილურით თამაში და სხვა მსგავსი ქცევა გახშირდა. გავრცელდა სპეციალური მოწყობილობებიც, რომლებიც მძღოლის ყურადღების კონტროლის სისტემას ატყუებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ტენდენცია საგზაო უსაფრთხოებისთვის დამატებით რისკებს ქმნის.

საქმე, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გასულ შემოდგომაზე მოხდა. საგზაო კამერამ დააფიქსირა, რომ კროსოვერის სალონში, რომელიც ავტონომიურ რეჟიმში გადაადგილდებოდა, მძღოლს მგზავრის სავარძელში ეძინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავტომობილის მფლობელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ნახევრად ავტოპილოტის უსაფრთხოების სისტემის მოსატყუებლად უკანონოდ დაყენებულ მოწყობილობას იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად საჭესთან არ იჯდა, იგი დამნაშავედ ცნეს სახიფათო მართვაში. სასამართლომ მას 1 თვე და 15 დღე თავისუფლების აღკვეთა და 4 ათასი იუანის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები