ჩოგბურთი მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამ სპორტის მოყვარულები საშუალოდ თითქმის 10 წლით მეტხანს ცხოვრობენ არა მხოლოდ მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებზე, არამედ სხვა სპორტის წარმომადგენლებზეც.
ცნობილია, რომ აქტიური ცხოვრების წესი ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, თუმცა ყველა სპორტს ერთნაირი ეფექტი არ აქვს. კოპენჰაგენში ჩატარებულმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მრავალწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ სიცოცხლეს ყველაზე მეტად ახანგრძლივებს ე.წ. „ჩოგანიანი“ სპორტის სახეობები – ჩოგბურთი და ბადმინტონი.
მეცნიერების აზრით, ამ სპორტის უნიკალური სარგებელი განპირობებულია იმით, რომ ის აერთიანებს კარდიოდატვირთვას, კოორდინაციის ვარჯიშებს, სოციალურ ჩართულობასა და უწყვეტ მოძრაობას მთელი მატჩის განმავლობაში. კვირაში სამი საათი ჩოგბურთის თამაში გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ორჯერ ამცირებს.
სხვა სპორტის სახეობები – მაგალითად, ფეხბურთი, სირბილი ან ველოსპორტი, ასევე ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას, თუმცა არცერთი მათგანი არ იძლევა ისეთ ძლიერ ეფექტს, როგორსაც ჩოგბურთი და ბადმინტონი.
ჩოგბურთი დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. 45 წელს გადაცილებული ჩოგბურთელები იშვიათად იტანჯებიან სიმსუქნით, დიაბეტითა და იშემიური დაავადებებით.

მეცნიერები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ და მიაჩნიათ, რომ ჩოგბურთი, როგორც დაავადებების პრევენციისა და ჯანმრთელობის გამაძლიერებელი საშუალება, შესაძლებელია სკოლების სასწავლო პროგრამაშიც კი შევიდეს ადრეული კლასებიდან.
სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ზრდა სხვადასხვა სპორტის მიხედვით:
ჩოგბურთი – 9,7 წელი
ბადმინტონი – 6,2 წელი
ფეხბურთი – 4,7 წელი
ველოსპორტი – 3,7 წელი
ცურვა – 3,4 წელი
სირბილი – 3,2 წელი
სავარჯიშო დარბაზში ვარჯიში – 1,5 წელი.