ოლივია დინმა ,,გრემის” დაჯილდოებაზე ტრიუმფის შემდეგ, საკუთარ ფესვებსა და ემიგრანტულ წარმომავლობაზე ისაუბრა.
მომღერალმა ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაციაში გაიმარჯვა და სცენიდან ემიგრანტებს სოლიდარობა გამოუცხადა.
„აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ემიგრანტის შვილიშვილი ვარ“, – მიმართა მან Crypto.com Arena-ზე შეკრებილ აუდიტორიას, რასაც დარბაზის მქუხარე ოვაციები მოჰყვა.
„მე დიდი გამბედაობის ნაყოფი ვარ და ვფიქრობ, ეს ადამიანები დაფასებას იმსახურებენ. ჩვენ ერთმანეთის გარეშე არაფერს წარმოვადგენთ“ – დასძინა 26 წლის ბრიტანელმა მუსიკოსმა.
გაკეთებული განცხადებით ოლივია ემიგრაციასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ბრძანებით დაწყებულ საიმიგრაციო რეიდებს გამოეხმაურა. აღნიშნულ პროცესებს საპროტესტო ტალღა და მსხვერპლი მოჰყვა, რამაც საზოგადოებაში სამართალდამცავთა არაჰუმანური მოპყრობის გამო დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ICE-ის პოლიტიკა ,,გრემის” სცენიდან მკაცრად გააკრიტიკეს ბილი აილიშმა და ბედ ბანიმაც.
შეგახსენებთ, რომ ოლივია დინი ,,გრემიზე” პირველად იყო წარდგენილი. მასთან ერთად კატეგორიაში – ,,საუკეთესო ახალი არტისტი” გამარჯვებისთვის ასევე პირველად იბრძოდნენ: ედისონ რეი, ალექს უორენი, Katseye, ლიონ თომასი, ლოლა იანგი, Sombr და The Marías. სცენაზე მათი სადებიუტო პერფორმანსებიც შედგა.