24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ 18 წლის ლიკა კუჭუხიძეს გუშინ ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც მოგეხსენებათ, მანამდე, კლინიკაში სამკვირიანი მკურნალობის შემდეგ, ლიკა კუჭუხიძე სამედიცინო დაწესებულებიდან 14 ნოემბერს გაწერეს.
აბაშაში ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭუხიძე კლინიკიდან სახლში გაწერეს
ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ლიკას მდგომარეობის შესახებ, Ambebi.ge-სთან მისი ახლობელი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
„ნახევარი საათია, რაც ლიკას ოპერაცია დასრულდა. ხერხემალზე ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. იმედია წამოდგება ფეხზე, უფლის იმედით. ლიკა ორი კვირის წინ გამოწერეს სახლში, მას შემდეგ სულ იწვა, მისთვის გატოკებაც კი არ შეიძლებოდა, არც – სტრესი, ამიტომ არ ეუბნებოდნენ ბაჩოს ამბავს, ტელეფონსაც არ აძლევდნენ.
ხერხემლის ორ მალაზე ჰქონდა დაზიანებები და ამიტომ გაუკეთდა ოპერაცია. სახლში ყოფნისას სულ ბაჩოს კითხულობდა, დამალაპარაკეთო. ეუბნებოდნენ, რომ რეანიმაციაში იყო ბაჩო, თბილისში. ბაჩოს დედაც ყოველდღე ლიკასთან იყო, ახლაც იქაა. ძალიან უყვართ ერთმანეთი. უმაგრესი ქალბატონია ბაჩოს დედა. ძალიან ცოდოა ლიკუნა, ახლა უფრო და უფრო იგრძნობს ტკივილს. რატომ უნდა მომხდარიყო ეს ტრაგედია, ხომ შეიძლება ებედნიერათ“, – ამბობენ ლიკა კუჭუხიძის ახლობლები Ambebi.ge-სთან.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.
