LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი გაჭირვებიდან მდიდრულ ცხოვრებამდე – მომღერალ ბექა ბროლაძის მოგზაურობები კერძო თვითმფრინავით და იახტით სეირნობა:„ღამე რომ გირეკავენ, დილას ლონდონში მიფრინავო, მეგონა, მხოლოდ ფილმებში ხდებოდა, მგონი, მეც ფილმში აღმოვჩნდი…“

1718
ბექა-ბროლაძე

მომღერალი ბექა ბროლაძე რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემას „ვიზიტორი“ ესტუმრა და გიგა ბატკუაშვილთან ინტერვიუში ისაუბრა თავისი საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაზე, სადაც უამრავი ადგილია მოგზაურობისთვის და მდიდრული ცხოვრებისთვის….

ბექა, შენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მეგონა, ან თვითმფრინავით მოხვიდოდი ან იახტით შემოცურდებოდი… მოდი, დავიწყოთ თავიდან, საიდან წამოვიდა ბექა ბროლაძე, როგორ შედგა, როგორც მომღერალი. შენს ცხოვრებაში იყო რეალითი, ბევრი რისკი…

(იღიმის) ბავშვობიდან მინდოდა მუსიკოსობა. არ ვიცოდი, რომელი მიმართულებით უნდა განვვითარებულიყავი, სცენაზე, ადამიანების სიყვარული და აპლოდისმენტები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ჯერ მინდოდა მიმეღო სრული მუსიკალური განათლება, ვმღეროდი ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა კაპელაში, დიდი გამოცდილება მივიღე, მიწევდა მსოფლიო დონის ვარსკვლავების გვერდით სიმღერა, ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საამაყო იყო, ვიქნებოდი 13 წლის. 5 წლის განმავლობაში ვმღეროდი კაპელაში. დიდი ბაზა მქონდა საშემსრულებლო კუთხით, იქ ნოტებით ვმღეროდით, ამის ცოდნა და ბაზა უნდა გქონოდა. გადავწყვიტე, სერიოზულად დავუფლებოდი მუსიკას და ვსწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში საგუნდო-სადირიჟოროზე.

ვინ გიწყობდა ხელს ამ ყველაფერში?

დედაჩემი იყო წამყვანი ფიგურა, მენეჯერივით, სწორ შეფასებებს აძლევდა ჩემს ნაბიჯებს. დედას აქვს მუსიკალური განათლება, 10 წელი მღეროდა გუნდში, ბებიაჩემი ნათელა აზმაიფარაშვილი იყო, მუსიკოსების გარემოცვაში გავიზარდე… სულ თავმდაბალი ვიყავი ამ კუთხით, არ მქონდა მოსაზრება, რომ საუკეთესო ვარ. ხმამაღლა არ ვაჟღერებდი ამ ყველაფერს, რადგან არავინ მიცნობდა. „რუსთავი 2“-მა გამოაცხადა კონკურსი… „ვარსკვლავების აკადემიის“ პირველი სეზონი იყო ფოიერვერკი. მივედი კასტინგზე, დამხვდნენ მარინა ბერიძე, მანანა მორჩილაძე, ნინო ჩაჩავა, ლანა ქუთათელაძე. თამამად შევედი ამ კასტინგზე. მარინას ძალიან მოვეწონე, რეალითი შოუში საინტერესო ტიპი უნდა ყოფილიყავი. სიმართლე გითხრათ? საერთოდ აზრზეც კი არ ვიყავი, რა პროექტი იყო. ვიცოდი, რომ იყო მუსიკალური კონკურსი, იქ თუ უნდა მეცხოვრა, იქ გავიგე (იღიმის). ძალიან საინტერესო პროექტი იყო… რისი ოცნებაც მქონდა, ამ პროექტმა ამისრულა. მახსენდება, რა ხდებოდა კონცერტების მერე, იყო წივილი და კივილ გულშემატკივრების მხრიდან, მოგვდევდნენ მანქანების კოლონებით. მე ფინალის წინა კვირას გამოვეთიშე პროექტს. მეგონა, სხვა სამყაროში გავიღვიძე. ქუჩაში რომ გავდიოდი, ყველა მეხუტებოდა… ეს ყველა მუსიკოსის ოცნებაა. ორთვენახევარი გავატარე პროექტში. აბსოლუტურად ყველა მიცნობდა… უბედნიერესი ვიყავი. იმ დღის მერე ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მერე მოვხვდი ძალიან საინტერესო ადამიანების ჯგუფში. მაშინ ძალიან დიდი აქტივობა და ბუმი იყო. ამის შემდეგ ან უნდა დამჯდარიყავი სახლში, ან უნდა გაგეგრძელებინა შენით აქტიურობა. მე არ გავჩერდი. მგონია, რომ მარკეტინგულად სწორად დავგეგმე და ის პოპულარობის პიკი კარგად და სწორად გამოვიყენე. „სანო სტუდიაში“ მყოფ ადამიანებთან ვმეგობრობდი. მაიკო კაჭკაჭიშვილმა დამირეკა, შენ ამ სფეროში უნდა იყო და მაგარი სტარტისთვის ჰიტი უნდა დაგიწეროო. ხომ ხვდებით, რა მჭირდა, როცა მაიკომ დამირეკა და ეს მითხრა? „მომეცი შანსი“ იყო ჩემი პირველი ჰიტი, ყველა კონცერტზე ამ სიმღერას ვასრულებდი.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა კრიზისი შოუბიზნესში და ბევრი გაჩერდა, შენ კი აბსოლუტურად სხვა პროფესიით გააგრძელე მუშაობა და წახვედი საბანკო სფეროში. როგორი ემოცია იყო, როდესაც სცენას დაემშვიდობე?

ეს იყო ურთულესი პერიოდი. ბევრი ადამიანი მწერდა, სად დაიკარგეო. იყო წლები, როცა ყოველდღიურად მწერდნენ, რატომ არ ჩანხარ და გადაცემებში რატომ არ ჩანხარო. როცა ბუმია და მერე ვარდება, ალბათ, ეს გარკვეულ პერიოდებს უკავშირდება. აღარ იყო კონცერტების სიმრავლე და დამატებითი შემოსავლები. მქონდა სხვა პროფესიაც, ტექნიკური განათლება და გადავწყვიტე, რომ სტაბილური სამსახური მქონოდა. მოვხვდი ბანკში, სადაც ყველა პოზიცია მოვიარე. ბანკში რომ ვიყავი და შემომხედავდნენ, ეგონათ, რომ პოპულარული მომღერალი სესხს ვერ გაუკეთებდა (იღიმის). მიყვარდა ჩემი საქმე, მაგრამ ძალიან რუტინული იყო. სულ მიყვარს მოძრაობაში ყოფნა, იქ კი ვიყავი ჩაკეტილი პატარა რკინის ოთახში. ათიდან უსასრულობამდე რომ მუშაობ… მაგრამ მადლობელი ვარ ამ კომპანიის, სადაც ვმუშაობდი. ეს არის, როცა იქ ხარ, სადაც იძულებით ხარ, გაქვს გულისწყვეტა, ყოველი დღის გათენება აღარ გიხარია, ფიქრობ გამოსავალზე. ამ ყველაფერს მეორე მხარეც ჰქონდა, გავიზარდე, დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრ საინტერესო ადამიანთან ვმეგობრობ, ბევრ ადამიანს დავეხმარე, კარგი საქმეებიც გავაკეთე…

ბოლოს ისე მოხდა, რომ დატოვე ეს ყველაფერი, წამოხვედი და ამოისუნთქე…

როგორც აღწერე, ზუსტად ასე იყო. არ მეგონა, მაგრამ რისკიანი ადამიანი ვყოფილვარ. ერთ დღეს „გადამეკეტა“ და შევედი ხელმძღვანელთან, სასწრაფოდ ამომიბეჭდე განცხადება, ბანკიდან მივდივარ-მეთქი. ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება არ მირჩიეს და სხვადასხვა წინადადება შემომთავაზეს. 10 წელი ვიმუშავე ერთ კომპანიაში. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე ამ ორგანიზაციაში, თუმცა ამ კომპანიამ ბევრი რამ მომცა, რასაც ახალ სამსახურში კარგად ვიყენებ. მერე იყო რთული პერიოდი. სახლში არ დავჯექი, დავტოვე ქვეყანა, ეს იყო კოვიდის პერიოდი. ჩემს მშობლებს მოვკიდე ხელიდან წავედი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. დაპირებები იყო, მხარს დაგიჭერთ და დაგაკვალიანებთო, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დავრჩი. ბოლოს მამაჩემმა მითხრა, ჯვარი სწერია და, თუ არ გინდა, რომ აქედან სახლში ჩამასვენო, აიღე ბილეთი და საქართველოში დავბრუნდეთო. მახსოვს, რომ ჩამოვფრინდით, მიწაზე დაეცა და მიწას კოცნიდა. ძალიან ემოციური ადამიანია… რისკიანი კი ვარ, მაგრამ თუ არ მიღირს რაღაც, აუცილებლად მაქვს ბე გეგმა. დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში და კიდევ კარგი.

რა მოხდა?

ერთი ძალიან მაგარი ადამიანი გავიცანი, რომელიც მუშაობს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში, არ მინდა საჯაროდ დასახელება. ეს კომპანია ეძებდა ადამიანს, რომელიც კარგად ფლობდა ენას, ჰქონდა დრო, სჭირდებოდათ მარკეტინგის მენეჯერი, რომელიც „გუშინ“ გააკეთებდა ყველაფერს. თავიდან ვიფიქრე, შევძლებ ამას-მეთქი? არ მიყვარს, როცა ადამიანს ტყუილად ვპირდები რაღაცას. ალბათ, გადარჩენის ინსტინქტი მქონდა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. დავიწყე, მოვსინჯე, მაგრამ სამი თვე დღე და ღამე არ მეძინა, პროცესს ვეჩვეოდი, ბევრი რამ გამოვიარე, მათ შორის ფსიქოლოგიური წნეხიც. დღეს ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი, რომ უარი არ ვთქვი და ვფიქრობ, რომ კარგად ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობებს.

მდიდრული ცხოვრება, რაც ჩანს შენს სოციალურ ქსელში. ბევრს ჭორაობენ, დიდი მითქმა-მოთქმაა ამ თემასთან დაკავშირებით… ლაქშერი ცხოვრება, იახტები, ყველას ჰგონია, რომ კერძო თვითმფრინავი ჰყავს, კუნძულებზე დასვენება. ამბობენ, რომ ბექა ბროლაძეს მილიონერი შეყვარებული ჰყავს, რომელიც უზრუნველყოფს ამ ყველაფერს… რატომ ვერ იჯერებს საზოგადოება, რომ შენ შეიძლება მუშაობდე კომპანიაში, რომელიც გაძლევს ამის საშუალებას?

ნეტავ, მყავდეს საკუთარი თვითმფრინავი… (იღიმის). ადამიანებს პირადული საკითხები უფრო აინტერესებთ, ვიდრე კლიპი და ახალი სიმღერა. ესეც აინტერესებთ, მაგრამ პირადზე უფრო მეტი განხილვა მიმდინარეობს. როცა პირველი სთორი დავდე და აშშ-ში მივფრინავდი, ჯეტით გავფრინდით მე და ჩემი თანამშრომელი და პირადში მწერდნენ, მანდ როგორ მოხვდიო. მე ვმუშაობ ძალიან წარმატებულ კომპანიაში. დიდი შრომიდან გამომდინარე, აქვთ შესაძლებლობა, რომ თანამშრომელი, რომელიც მათ საქმეზე მიემგზავრება, კერძო თვითმფრინავით გადააფრინონ. ამისთვის ბექა ბროლაძე არაფერს იხდის, ნამდვილად არ მაქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ კერძო ჯეტით გავფრინდე ამერიკაში, თუმცა ჩემი გამომუშავებული 2000 ლარი უფრო გემრიელია ჩემთვის. არავინ ისე უბრალოდ არაფერს უკეთებს. ჩემი შემოსავლით „მარშრუტკით“ რომ ვიარო, ის უფრო მეგემრიელება, ვიდრე რაღაცის კონკრეტული მიზნით რომ აკეთებ… ჩემი „სთორები“ ძალიან ხმაურიანია, მაგრამ ახლა ასეთია ჩემი ცხოვრება. მეტროთიც მივლია, როცა საშუალება არ მქონია, როცა საცობია, ავტობუსითაც მიმგზავრია და მეტროთიც და ახლაც ვმგზავრობ. რა ვიცი, მეგობრებო, არც საყვარელი მყავს, არც პრაივიტ ჯეტი, არც იახტა. მყავს ძალიან მაგარი მეგობრები, ვმუშაობ საინტერესო ადამიანებთან, მიწევს „გულაობებში“ ყოფნა, მაგარ იახტებზე და კერძო თვითმფრინავებითაც დავფრინავ. ღამე რომ გირეკავენ, დილას ლონდონში მიფრინავო, მეგონა, მხოლოდ ფილმებში ხდებოდა, მგონი, მეც ფილმში აღმოვჩნდი. არ ვარ ადამიანი, რომელიც ერთ ადგილას უნდა დასვა, საქმეს უფრო კარგად ვაკეთებ, როცა ვმოძრაობ. სწორ მომენტში აღმოვჩნდი ზუსტად იქ, სადაც უნდა აღმოვჩენილიყავი. მეორე წელია, ამ კომპანიაში ვმუშაობ და საქმეს რომ არ ვაკეთებდე, ალბათ, გამიშვებდნენ.

როგორი რეაქცია გაქვს ამ ჭორებზე? ბევრჯერ დაწერილა შენთან დაკავშირებით ჭორები…

საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას. ადრე ძალიან მძაფრად აღვიქვამდი. ადრე დაწერეს, რომ რაღაც ტაბლეტებს ვიღებდი, რადგან ისე წონაში ვერ ვიმატებდი. მერე დავიწყე ვარჯიში, რომ საზოგადოებისთვის რაღაც დამემტკიცებინა. საზოგადოებას ვუსმენ, ვითვალისწინებ, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა, ახლა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვაკეთებ ყველაფერს. არაფერს განვიცდი. ასი პროცენტით ყველაფრის აფიშირებას ვერ ვახდენ, მაგრამ როცა კუნძულზე იახტაზე ვირუჯები და სთორი გადავიღე, ღმერთმა მომცა ამის საშუალება, მაგრამ ცხოვრებაში დიდი გაჭირვება გამოვიარე. ნულიდან დავიწყე, ვაკოწიწებდი და ყველაფერს ჩემით მივაღწიე. ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ მე შემიძლია. ბევრჯერ დავცემულვარ, სამი წლის განმავლობაში ყოველდღე სასწრაფოს ვიძახებდი… წაგება არ მიყვარს, როცა ვაგებ, ვიმსხვრევი. აწყობისთვის კი დიდი დრო მჭირდება, მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან ბევრად ძლიერი ვარ. მეხმარება საკუთარი თავი… ჩემი გონება, აზროვნება, შეხედულებები კომფორტში მოვაქციე… ვისწავლე, ელემენტარულ რაღაცებზე ნერვები აღარ უნდა მოვიშალო. რთული სამსახური მაქვს, არც მარტივი ცხოვრება მაქვს, როგორიც ჩემს „სთორებში“ ჩანს, ზღაპრული…

გაქვს წარმატებული პროექტი კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილთან ერთად. მის ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო, მაგრამ შემდეგ მასთან ერთად გააკეთე მუსიკალური სკოლა, სადაც უამრავი ადამიანი მიდის ვოკალის შესასწავლად.

ეს იდეა მაიკოს ისედაც ჰქონდა, როდესაც „სანო სტუდიაში“ მოღვაწეობდა, მას სულ ჰყავდა ნიჭიერი ბავშვები, რომელთაც ვოკალის მიმართულებით ამეცადინებდა. მერე ჰქონდა რთული პერიოდი და პაუზა. ბევრი ადამიანი ელოდებოდა, როდის აღადგენდა მეცადინეობებს. ჩემთან სახლში ვისხედით მაიკო, თამთა ჭელიძე, დათუნა ლაზარიშვილი. მქონდა სალონის ბიზნესი, რომელმაც არ გაამართლა და მინდოდა ბიზნესის გაკეთება. იმ საღამოს შემომთავაზა მაიკომ, ხომ არ გავაკეთოთ მუსიკალური აკადემიაო. დიდ მასშტაბებზე ვართ გასული, ჩემი პირადი რესურსებით მოხდა ყველაფერი, ულტრათანამედროვე რემონტი გავაკეთეთ, რომ ოთახიდან ოთახში ხმა არ გავიდეს, ბავშვმა სრულფასოვნად იმეცადინოს. ძალიან მაგარი შენობა გამოვიდა. როცა გახსნაზე მოვიდა მაიკო და შეხედა ბანერს, სადაც ეწერა, მაიკო კაჭკაჭიშვილის მუსიკალური აკადემია, ბედნიერი იყო. ამან დაავიწყა ბევრი პრობლემა, ფეხზე დადგა, არის ჯანმრთელად. მეც ბედნიერი ვარ, რადგან ხელი მოვკიდე მაიკოსთან ერთად იმ საქმეს, რომელიც მიყვარს. გრძელდება მიღება ჩვენთან, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ასეც იყო მოსალოდნელი. ჰიტების 80% არის მაიკოს შექმნილი, მათ შორის ჩემი სამი სიმღერაც. ერთი ახალი სიმღერაც, რომელსაც თქვენი მსმენელი მოისმენს. მაიკო არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ეს ქმნის იმ აურას, რაც ჩვენს მუსიკალურ აკადემიაშია. გაზაფხულზე გვექნება დიდი საიმიჯო კონცერტი, სადაც მაყურებელი ნახავს, თუ რა შეძლო მაიკომ თავის ძალიან მაგარ გუნდთან ერთად.

ბექა, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ამდენი რამ გამოიარე ცხოვრებაში, დაცემა და აღმავლობა… როგორც შემდგარი ადამიანი, რომელზეც ბევრს საუბრობენ, კიდევ რას ელი ცხოვრებისგან, რას ელი, თუ ამ ყველაფრით კმაყოფილდები ჯერჯერობით?

რაც მანამდე მქონდა, იმითაც ბედნიერი ვიყავი, მაგრამ უფრო მეტი მინდოდა. ახლა ყველაფერი დავაბალანსე, რომ თენდება, ბედნიერი ვარ, უამრავი საქმის მიუხედავად. არაფერს ველი. გადავწყვიტე, რომ ვიცხოვრო ყოველდღიურობით. აღარაფერს ვგეგმავ ორი წლით იქით. დღეს რაც გინდა გააკეთო, უნდა გააკეთო დღეს და ისიამოვნო. ეს ცხოვრება მოგონებებია, დანარჩენი მატერიალური, ჰაერში რჩება და არის ფეიქი. ყველას ვურჩევდი, მაქსიმალურად ვისიამოვნოთ ცხოვრებით… ამაზე ძვირფასი ადამიანებისთვის არაფერია…

თუ გიგრძნია შური ამ დროის განმავლობაში?

გარშემო მყოფებს სულ ვაინტერესებ. მივხვდი, რაც უფრო ზემოთ მივიწევ და მეტ წარმატებას ვაღწევ, ბევრი ადამიანი მცილდება, ნამდვილები კი რჩებიან, მაგრამ ძალიან ცოტანი არიან. თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არსებობენ ჩემს ცხოვრებაში, ისინი იყვნენ ცუდ პერიოდებშიც და წარმატებაც უხარიათ. ზედმეტი და ზღვარს გადასული ჭორები გამაღიზიანებელია, მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქცევ. ბევრი ადამიანი შემომეცალა გარშემო. ადამიანი, ვინც შენ მიმართ ბოღმითაა განწყობილი, უნდა მოიცილო. მოსიარულე ნეგატივი არაფერში გჭირდება, თავად უნდა გაუშვა შენ ცხოვრებიდან… მე ჩემს გზას ვაგრძელებ.

სასიყვარულო ურთიერთობებზე ხშირად წერდნენ ხოლმე სოციალურ ქსელში. იყო არაერთი ურთიერთობა… მათ შორის ერთი – ჩემს საყვარელ მეგობართან…

მოდი, არ ვახსენოთ, თუმცა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია…

ეს პიარი იყო თუ ნამდვილი ურთიერთობა?

ნამდვილად არ ყოფილა პიარისთვის… არ ვარ ადამიანი, რომელიც ასეთ რაღაცას აკეთებს, მიტომ, რომ მერე ხალხმა ისაუბროს. ყვითელმა პრესამ შეალამაზა ეს ამბავი. დიდი დრო გავიდა ამ ამბიდან… ჩვენი ურთიერთობა იმიტომ არ გაგრძელდა ალბათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ნამდვილი მეგობრები და გადავუხვიეთ, მერე კი მაინც მეგობრებად დავრჩით…

წარმატებებს გისურვებ, როგორც მომღერალს – ბევრ ჰიტს, როგორც კომპანიის თანამშრომელს – კიდევ უფრო მეტ წინსვლას…

დიდი მადლობა… ასეთი გულახდილი ინტერვიუ ბოლოს არ მქონია, ალბათ, ორი წელი მაინც იქნება… ჩემს მუსიკალურ კარიერაში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ დიდი წვლილი მიუძღვის, მუდამ ჩემ გვერდით იყო, მადლობა თქვენ და მადლობა ამ გადაცემას…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები