LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიტო ქისიშვილი: „9-10 წლის ვიყავი, როცა უკვე ვტაქსაობდი და ამითაც ფულს ვშოულობდი…“

164
დიტო ქისიშვილი

დიტო ქისიშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება, როგორ ახერხებდა პატარაობიდან ფულის შოვნას.

დიტო ქისიშვილი:

მხოლოდ ეს არ იყო. მე სვანეთის უბნისა და კუკიის შუაში დავიბადე. ზემოთ მახათას მთაა, სადაც ადრე საბჭოთა სამხედრო ნაწილი იყო. სპილენძი, ალუმინი, რას არ ნახავდით იქ. ამიტომ, მაშინ თუ მინდოდა, ფული მეშოვა, ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი. ალუმინსა და სპილენძს მოვაგროვებდი, ჩავაბარებდი და უბნელებთან ერთად დიდუბეში, დახურულ აუზზე მივდიოდი. იმდენი ფული მქონდა ათას რამეს ვიგონებდით (იცინის).

9-10 წლის ვიყავი, როცა უკვე ვტაქსაობდი და ამითაც ფულს ვშოულობდი (იცინის). მამამ მოტოციკლეტი მიყიდა. ეს იყო ჩემი პირველი მოტოციკლი. მე მაშინ დედას კასპში ვყავდი წაყვანილი ბიძაჩემებთან. მამამ ვერ მოითმინა და მაშინვე ჩვენთან წამოვიდა. უკვე გვიანი იყო და დედას გაუფრთხილებია, ახლავე ნუ ეტყვი, თორემ ატყდება და ამ ღამესვე გაგაქანებს თბილისში მოტოციკლეტის სანახავადო. ვერ მოითმინა მამაჩემმა, ჩემ გასახარებლად იყო ჩამოსული და რა გააჩერებდა, მაშინვე მითხრა. მეც გადავირიე, ახლავე წავედით-მეთქი და შუაღამისას ჩამოვედით თბილისში. ღამე კატაობას ხომ ვერ დავიწყებდი, მაგრამ მოვეფერე ჩემს მოტოციკლს და დილიდან რომ გავედი სახლიდან, აღარ შემოვსულვარ (იცინის). გული რომ ვიჯერე, მერე ტყუილად ხომ ვერ დავაყენებდი, ამითაც ხომ ფული უნდა მეშოვა?! ჰოდა, ჩვენთან, კუკიაზე ძმათა სასაფლაოსთან კარგი გზა იყო, კარგი საკატაო ადგილი. ვკატაობდი და მოვიდა ერთი ბავშვი, მთხოვა, გამაკატავეო. ერთი გავაკატავე, მეორე, მესამე და ვფიქრობ, რამდენი ხანი ვიყო გულმოწყალე. ავდექი, ტრაფარეტი გამოვჭერი და ჩემს მოტოციკლს საჭესთან მივაკარი. მოვიდოდნენ ბავშვები და მეტყოდნენ, დიტო გამაკატავეო, ბაზარი არ არის-მეთქი, ვეტყოდი, ერთი წრე, ერთი ლარი (იცინის). მაშინ ერთი ლარი, იცით, რა ფული იყო? გაიქცეოდნენ, მამებს გამოართმევდნენ ფულს. ჩემი მოტოციკლეტიც ისეთი ეკონომიური იყო, ხუთი ლიტრით ხაშურში ჩახვიდოდი. ბენზინის ფულიც მქონდა, „მაროჟნისაც“ და აუზისთვისაც მრჩებოდა. მოკლედ, რაც არ მიჭირდა, ფული იყო, მართლა მაგარ ფულს ვშოულობდი (იცინის). ასეა, 13 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობდი (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები