ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება.
ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება“:
„საუბარია ტერიტორიებზე, რომელთა გამოც სამწელიწადნახევარია სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და ბევრი უკრაინელისა და რუსის სიცოცხლე შეიწირა. ახლა დაგეგმილია ამ მიწების ნაწილის დაბრუნება და ორმხრივი გაცვლის განხორციელება. პროცესი რთულია, მაგრამ ჩვენ დავაბრუნებთ ტერიტორიების ნაწილს, გარკვეულ გაცვლებს განვახორციელებთ და ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ომის დასასრულებლად „რაღაცაზე ხელის მოსაწერად მზად უნდა იყოს“.
„ჩვენ რომ არ ჩავრეულიყავით რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მსოფლიო ომად გადაიქცეოდა. ეს მე შევაჩერე. ახლა ერთადერთი კითხვაა დარჩენილი, თუ როდის მოგვარდება ეს. შესაძლოა ეს ძალიან მალე მოხდეს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ლიდერები „უკრაინის კრიზისის ხანგრძლივი და მშვიდობიანი მოგვარების ვარიანტებს განიხილავენ“.
სრულიად ლოგიკურია, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ასეთი მნიშვნელოვანი სამიტი ალასკაზე გაიმართება, – განაცხადა პუტინის თანაშემწემ.
„რუსეთი და აშშ ახლო მეზობლები არიან, რომლებიც ერთმანეთს ესაზღვრებიან. სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენი დელეგაცია უბრალოდ ბერინგის სრუტეს გადაუფრენს და ორი ქვეყნის ლიდერების ასეთი მნიშვნელოვანი და მოსალოდნელი სამიტი ალასკაზე გაიმართება“, – განაცხადა უშაკოვმა.
15 აგვისტოს ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღოს, ამის შესახებ კი „სიბიეს ნიუსი“ წერს.
მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრის დეტალები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დადგენილი და არსებობს შესაძლებლობა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რაიმე ფორმით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.
