აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსა და მექსიკის პრეზიდენტთან კლაუდია შეინბაუმ პარდოსთან საუბრის შემდეგ, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები 30 დღით შეაჩერა. აღნიშნული ქვეყნები საზღვრის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესაჩერებლად შესაბამისი ზომების მიღებას დათანხმდნენ. მაგალითად, მექსიკის მთავრობამ პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ საზღვარს ეროვნული გვარდიის 10 000 ჯარისკაცით გაამაგრებს, რათა მექსიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების კონტრაბანდა შეაჩეროს და უსაბუთო მიგრანტების ნაკადი გააკონტროლოს.
კანადისა და მექსიკისგან განსხვავებით, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა ჩინეთთან, შესაბამისად, ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული 10%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ, აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების გამო, აშშ-დან იმპორტირებულ ზოგიერთ პროდუქტზე საპასუხო ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
გამოცხადებული ზომები გულისხმობს 15%-იანი ტარიფის დაწესებას ქვანახშირსა და თხევად ბუნებრივ აირზე და 10%-იან ტარიფს – ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და დიდგაბარიტიან ავტომობილებზე.
აღნიშნული ტარიფები 10 თებერვლიდან ამოქმედდება.