მსახიობ ეკა თვაურის ცხოვრება ორი წლის წინ აბსოლუტურად შეიცვალა, როდესაც მისი მეუღლე, ასევე მსახიობი ბესო მეგრელიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორ უმკლავდება ამ ტკივილს, ჟურნალ „სარკეს“ (24 სექტემბრის ნომერი) უამბობს:
„ბესო თრომბით გარდაიცვალა. საყრდენი გამომეცალა. ბესო ისეთი საყრდენი იყო ჩემთვის, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. საყვარელი მამაკაცის სითბოს დეფიციტს განვიცდი. ბესო რომ მოეკლათ, პიროვნულად არ მიღალატებდა. დარწმუნებული ვარ, გადამეფარებოდა კიდეც, სულ ჩემს მხარეს იქნებოდა. შემეძლო, ბეწვის ხიდზე თვალდახუჭული გავყოლოდი, ისიც გამომყვებოდა თვალდახუჭული. ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო. ჩემი აზრი მისთვის მნიშვნელოვანი იყო.
თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ ოჯახი მეორედ შექმნათ?
არა და აგიხსნით, რატომ. გარდავლილი ადამიანის ბევრი გლოვა არ შეიძლება. ტკივილი მუდამ შენთან იქნება, მაგრამ ცხოვრება მიედინება და გინდა, არ გინდა, არ უნდა ჩამორჩე. ბესოს გლოვა არ უყვარდა, ჩემი მამამთილი რომ გარდაიცვალა, ორმოცამდე შავები მეცვა, ბესო სულ მეჩხუბებოდა, შავები გაიხადეო. ბესო რომ გარდაიცვალა, 40 დღე შავები მეცვა. მერე შავი გავიხადე, თვალები შევიღებე და თავი მოვიწესრიგე, ცხოვრება მიდის და უნდა გაიხარო ცხოვრებით.
იცით, რას მივხვდი? როცა წყვილი ერთმანეთს ეყრება, ადამიანს სულ სხვა ფსიქოლოგიური განწყობა აქვს. იცი, რომ ის თავის ცხოვრებას მიხედავს და შენ შენსას უნდა მიხედო. როცა წყვილიდან ერთ-ერთი გარდაიცვლება, მეორე ვერ ღალატობს. მისი გარდაცვალებით მოყენებული ტკივილი იმდენად მძიმეა, რომ მერე ღალატი გიჭირს. ის ღვთის წინაშე შენს მეუღლედ რჩება, ჯვარდაწერილ მეუღლედ, უბრალოდ, სხვადასხვა განზომილებაში ხართ. ვიღაცას თუ სურს მეორედ გათხოვდეს და შექმნას მეორედ ოჯახი, ეს მისი ნებაა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ, ამიტომ მეორედ აღარ შევქმნი ოჯახს. შინაგანად სულ ჩემშია, ვესაუბრები… როცა ასეთი უხილავი კავშირი გაქვს, როგორ შეიძლება, სხვა შემოუშვა შენს სამყაროში?!“