LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: როგორ გაიცნო ლაშა ჯუხარაშვილმა და, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს: „მატარებლის სადგურზე, ერთ-ერთ ქანდაკებასთან დავთქვით შეხვედრა…“

2447
ლაშა ჯუხარაშვილი დასთან და მეუღლესთან ერთად

მსახიობ ლაშა ჯუხარაშვილს ახლახან ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ეპიზოდი ჰქონდა, რომელიც კინოს ჰგავს. მან გაიცნო და, რომელიც აქამდე არასდროს უნახავს. იმისთვის, რომ საკუთარი და გაეცნო, ლაშამ დიდი გზა გაიარა…

ლაშა ჯუხარაშვილი:

დედაჩემი და მამაჩემი ცხოვრობდნენ გერმანიაში. შემდეგ დედა წამოვიდა საქართველოში, გია დარჩა და შექმნა მეორე ოჯახი. ჩემი და 2004 წელს გაჩნდა. მე ცოტა მერე გავიგე, როცა მამაჩემი გერმანიიდან დაბრუნდა. ძმაკაცური ურთიერთობა გვქონდა. ვიცოდი, რომ ოჯახი ჰყავდა. ბავშვზე არაფერი ვიცოდი. თავად მითხრა, იცოდე, რომ და გყავსო… თავად უნდოდა მისი საქართველოში ჩამოყვანა, მაგრამ ვერ მოხერხდა… ყოველთვის იყო ხაზზე მასთან და ურთიერთობა არ გაუწყვეტია, იყო სხვადასხვა მიზეზი…

ვიცოდი, რომ და მყავდა და სულ გულში მქონდა ეს ამბავი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა ჩვენი გაცნობა. რამდენიმეჯერ მქონდა მცდელობა, რომ მენახა. ფრანკფურტში ვიყავი რამდენიმე წლის წინ წიგნის ფესტივალზე ჩასული, მაშინ პირველად გადავწყვიტე, რომ შევხვედროდი, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა და არ გამოვიდა… სულ ვამბობდი, ვერ მოვაბი თავი-მეთქი… ახალი წლის ღამეს ქეთომ, ჩემმა მეუღლემ გამიკეთა სიურპრიზი. სანტამ ამისრულა სურვილი, ასე ვთქვათ და მაჩუქა ტური გერმანიაში. ზუსტად არ ვიცოდი, რომელ ქალაქში იყო. არ მინდოდა, ჩემი დისთვის მიმეწერა, გამარჯობა, მე შენი ძმა ვარ-მეთქი. მინდოდა, ჩავსულიყავი და პირადად გამეცნო. ალბათ, რაღაცა უნდა მომწიფებულიყო და დრო გვჭირდებოდა ორივეს… ქეთომ შემიქმნა ძალიან კარგი გარემო იმისთვის, რომ გადამეწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა. წარმოიდგინე, როგორი იყო, როცა ჩავალაგე… საკუთარ თავს რომ ეკითხები – „სად მიდიხარ?“ – 33 წლის ასაკში… და რომ პასუხობ – „რა ვიცი, და უნდა გავიცნო…“ ძალიან უცნაური მოცემულობა იყო.

რა კარგია, რომ შენმა მეუღლემ აიღო ეს საკუთარ თავზე… როგორი იყო დასთან შეხვედრა?

როცა გერმანიაში ჩავედი, ჯერ სხვა ქალაქში ვიყავი და შევუთანხმდი, რომ ერთ-ერთ ქალაქში შევხვდებოდი… მატარებლის სადგურზე, ერთ-ერთ ქანდაკებასთან დავთქვით შეხვედრა. სამწუხაროდ, ინტერნეტი არ მქონდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქეთიმ ტური ახალ წელს მაჩუქა და მე ახლა გავფრინდი, ფინანსურად მაინც მოუმზადებელი ვიყავი. ინტერნეტიც არ მქონდა ჩართული ტელეფონში… რადგან ინტერნეტი არ მქონდა, შევუთანხმდი ქანდაკებასთან შეხვედრაზე. ძალიან დიდი ხანი დავყავი გზაში, ხუთი საათი ავტობუსში ვიყავი… დავაგვიანეთ, ზუსტ დროს არ მივსულვარ და შორიდან დავინახე… საოცრება იყო, რომ გაჩერებაზე, ზუსტად გვერდზე, ვიღაცები დაიჭირეს, ჩვენ კი ერთმანეთს ვეხვეოდით…

ახლა ცხოვრება, ალბათ, ცოტა სხვანაირი გახდა…

უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაჩნდა ჩემში. მე მყავს შვილები, ქალ-ვაჟი. ვფიქრობ, ვალერიასთან ურთიერთობით შესაძლოა, მათაც რაღაც გავუზიარო, ვანახო, ვასწავლო…

სხვა დედმამიშვილი გყავს?

ძმა მყავს, რომელიც ასევე საზღვარგარეთ ცხოვრობს, ალალი ძმაა…

დღეს როგორ გრძნობ თავს? სტრესი არ ყოფილა შენთვის ამ ასაკში დის გაცნობა?

არანაირი სტრესი არ ყოფილა. არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა, რაც ძალიან მინდოდა ყოფილიყო. საკმაოდ განსხვავებულია ჩენი კულტურა. ქართული არ იცის… მამა 2006 წელს წამოვიდა საქართველოში… ჩემი და ძალიან ჯუხარაშვილია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა გვარი აქვს, ნამდვილად ჯუხარაშვილია (იღიმის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები