LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი – ვერკა ჯაჯანიძე: „სამწუხაროდ, მეწყვილე არ მყავს და ტურნირებში მონაწილეობას თავი დავანებე… სცენაზე გამოსვლის სურვილს ჩემი საქმით ვიკლავ…“

1221
ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე ახლახან საქართველოს სპორტული-სამეჯლისო ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, დიდ ბრიტანეთში გამართულ ყოველწლიურ პრესტიჟულ საცეკვაო ფორუმს დაესწრო, რომელსაც პროფესიონალ მოცეკვავეთა მსოფლიო ფედერაცია უწევს ორგანიზებას. ქართველმა მოცეკვავემ, რომლის არაერთი შესანიშნავი გამოსვლა გვახსოვს პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ თუ სხვადასხვა შეჯიბრებაზე, ტურნირებზე, პროფესიონალურ გამოსვლებს თავი დაანება და თეა გობეჯიშვილის საცეკვაო სტუდიაში მოსწავლეებს დიდი ენთუზიაზმით ამეცადინებს.

ვერკა ჯაჯანიძე fortuna.ge-ს ექსკლუზიურად უზიარებს თავის ემოციებს და გულისწყვეტას იმასთან დაკავშირებით, რომ მეწყვილესთან ერთად შეჯიბრებებში მონაწილეობას ვეღარ იღებს. ვერკას ასევე ვკითხეთ, როგორ ახერხებს ასეთი ბრწყინვალე ფორმის შენარჩუნებას.

ვერკა ჯაჯანიძე:

დიდ ბრიტანეთში,სადაც პროფესიონალ მოცეკვავეთა მსოფლიო ფედერაცია ყოველწლიურად მართავს შესანიშნავ შეკრებას და ფესტივალს სახელწოდებით Black Pool Dance Festival პროფესიონალი საუკეთესო მოცეკვავეებისთვის მთელი მსოფლიოდან, საქართველოს სამეჯლისო-სპორტული ფედერაციაც მონაწილეობდა. მე მის ხელმძღვანელთან, ეკატერინე არჩაიასთან ერთად დელეგაციის წევრი გახლდით. დავესწარი სხვადასხვა სამუშაო შეხვედრას, სადაც ცეკვასთან დაკავშირებით ყველანაირი დეტალი განიხილებოდა, შევხვდი საუკეთესო მოცეკვავეებს. ჯადოსნურ დარბაზში საცეკვაო ფესტივალი უკვე 98-ედ გაიმართა და ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საცეკვაო ღონისძიებაა მთელ მსოფლიოში.

რამდენი ხნით იყავით დიდ ბრიტანეთში და როგორ შეაფასებდით ამ მოგზაურობას?

ერთი კვირით გახლდით და ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა. დავესწარი მსოფლიოს ჩემპიონების, მოყვარულებისა და პროფესიონალების ტურნირს. ემოციებით ვარ სავსე. როდის გამოვლის ეს ემოციები? ალბათ, არასდროს… მივიღე მონაწილეობა სამდღიან თათბირში, რომელსაც საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დავესწარი. განიხილავდნენ გეგმებს. დავესწარი პროფესიონალი მოცეკვავეების და ტრენერების შეხვედრებს.

თქვენ რატომ აღარ გამოდიხართ ტურნირებზე?

მეწყვილე არ მყავს. საქართველოში ბევრი პროფესიონალი მოცეკვავე არ არის. ჩემს საქმიანობას ვაგრძელებ, როგორც ტრენერი-მსაჯი და დიდ დროს ვუთმობ ჩემს მოსწავლეებს. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ისეთ მსოფლიო შეკრებაზე, როგორზეც დიდ ბრუტანეთში ვიყავი, ტრენერებმა მკითხეს, ახალგაზრდა ხარ და რატომ დაანებე თავი ცეკვას და ტურნირებზე გამოსვლასო… სამწუხაროდ, თავი დავანებე მეწყვილის გამო. ეს სერიოზული პრობლემაა. ამჟამად თეა გობეჯიშვილის აკადემიაში ვასწავლი, მყავს უამრავი მოსწავლე, მიუხედავად ამისა, მოვახერხებდი ტურნირებში მონაწილეობასა და მომზადებას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ უნდა გადახვიდე საცხოვრებლად და მეწყვილე იქ იპოვო, ეს რთულია, შვილი, მეუღლე მყავს და ძნელია ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ სხვა ქვეყანაში წავიდე. ცეკვის სურვილს ვიკლავ ჩემი საქმის კეთებით. ძალიან ვნანობ, რა თქმა უნდა, რომ აქტიურად ჩემს საქმეში აღარ ვარ, მაგრამ ჩემი მოსწავლეებით დიდი შედეგი დავდე და უამრავი ოქროს მედალი ჩამოვიტანეთ სხვადასხვა პრესტიჟული ტურნირიდან. ამან დამავიწყა ჩემი პრობლემები და გულის ტკივილი…

შესანიშნავ ფორმაში ხართ. როცა აქტიურ ცეკვას თავს ანებებენ, მოცეკვავეები ზოგჯერ წონაში იმატებენ. თქვენ როგორ ახერხებთ ფორმის შენარჩუნებას?

სიმართლე რომ გითხრათ, რთულია, როცა აღარ ხარ მოქმედი მოცეკვავე, ფორმის შენარჩუნება, მაგრამ ვფიქრობ, ვალდებული ვარ, ჩემი მოსწავლეებისთვის სამაგალითო ვიყო. სწორი კვება და ვარჯიში მეხმარება, ვგულისხმობ არა ცეკვას, არამედ ფიტნესს. ფიზიკურად არ ვნებდები. სწორ კვებაში შედის ჯანსაღი საკვები. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს კარგად კვება, რის ხარჯზეც ვიმატებ. რომ არ მოვიმატო, მაქსიმალურად ვცდილობ, შევზღუდო საკვების რაოდენობა და ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო. უარს ვამბობ ბევრ რამეზე, ცომეულზე, ტკბილზე, გემრიელ საკვებზე… კვერცხი, კიტრი, ცილა უფრო მეტად და ზღვის პროდუქტები – ეს შედის ჩემს ყოველდღიურ რაციონში.

რა რჩევას მისცემდით მოცეკვავეების მსურველ გოგონებს?

ცეკვა სხვებისთვის თითქოს გართობად აღიქმება, მაგრამ ეს ძალიან რთული პროფესიაა. ის გზა, რაც მე გამოვიარე, თან, ჩემს ქვეყანაში, სადაც სამეჯლისო-სპორტული ცეკვები ბოლო წლებში გახდა პოპულარული, ადვილი არ ყოფილა. 5 წლიდან, როგორც ჩემი ოჯახი მახსენებს, სულ ვამბობდი, რომ უნდა გამოვსულიყავი ძალიან ცნობილი მოცეკვავე და ჩემი სახელი დიდ ეკრანზე უნდა დაწერილიყო, მიმაჩნია, რომ დიდი შრომის ფასად მივაღწიე ყველაფერს, იოლად ჩემთან არაფერი მოსულა.

ჩემი საქმისთვის ყველაფერს გავაკეთებ მომავალშიც. მთავარია, მიზანი დაისახო და შრომა არ დაიზარო. ხელოვნება არის სასწაული და საინტერესო სფერო, ეს არის ჩემი ცხოვრება, რომლითაც ვიღვიძებ და ვიძინებ. ჩემი ოჯახიც ჩართულია ჩემს საქმეში. სულ ვამბობ, როგორ შეიძლება, ხელოვნებაზე უარი თქვა, სწავლობ დისციპლინას, კულტურას. მიმაჩნია, რომ ყველა გოგონა უნდა დადიოდეს სამეჯლისო-სპორტული ცეკვების შესასწავლად. არ ვიცი, რა პროფესიის გამოვიდოდი, ჩემს მშობლებს ცეკვაზე რომ არ შევეყვანე…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები