LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპრომტად შექმნილი სიმღერა „თბილისის ქუჩებს“ და პირველი ქართული საშობაო ალბომი – „სიკეთე თოვლად მოვა“ – ნოდარიკო ხუციშვილი მუსიკალური სიახლეებით „არ დაიდარდოში“

133
ნოდარიკო-ხუციშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ნოდარიკო ხუციშვილი სტუმრობდა. გადაცემაში ნოდარიკოს და საბა ზაკალაშვილის სიმღერის – „თბილისის ქუჩებს“ პრემიერა შედგა.

ნოდარიკო, გამოდის შენი ახალი ალბომი, მოგვიყევი, რამდენი სიმღერა შევა მასში და როდის იქნება პრეზენტაცია?

ზოგადად, ბავშვობიდან ძალიან მიყვარს შობის განწყობა, ზამთარი. ვიფიქრე, რომ ქართულ რეალობაში საშობაო ალბომი არ არის და გადავწყვიტე, რომ ასეთი ალბომი გამომეშვა. ალბომს „სიკეთე თოვლად მოვა“ ერქმევა. ალბათ, მასში სულ 8 სიმღერა იქნება, აქედან 2 საავტორო. ყველა სიმღერაში ზამთრის განწყობა იქნება. ზუსტი თარიღი არ ვიცი, მაგრამ, ალბომი, ალბათ, დეკემბრამდე გამოვა.

უკვე მეხუთე წელია, ტრადიციად იქცა, რომ 6 ან 7 იანვარს კონცერტს ვაკეთებთ, იმედია, წელსაც არაფერი შეგვიშლის ხელს და ალბათ, ამ კონცერტზე იქნება ამ სიმღერების პრემიერა. სიმღერები სხვადასხვა პლატფორმებზე დეკემბერში უკვე დაიდება. არ ვიცი, წელს მოვასწრებთ თუ არა, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ვინილიც გამოვუშვა.

ვისაუბროთ სიმღერაზე „თბილისის ქუჩებს“ და მასზე გადაღებულ კლიპზე.

კლიპებთან დაკავშირებით, ბოლო დროს, 3-4 სიმღერა, რაც დამიდია, სულ ჩემი ძალებით, ჩემი მეგობრების დახმარებით ვიღებ ხოლმე. კლიპს შეიძლება ყოველ წამს არ ვუყუროთ და ყველა სიმღერაზე არ გამოვიდეს გადაღება, მაგრამ მე მიყვარს. თან, გიდი ვარ და სანამ სცენაზე დავდგებოდი, მუსიკის განხრით, ფოტოგრაფია უფრო ადრე იყო ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ ძალიან მიყვარს ვიზუალური მხარე და სულ ვცდილობ გადაღებას. კადრებით ამბის მოყოლა, ძალიან საინტერესოა ჩემთვის.

რაც შეეხება სიმღერის ისტორიას, „Open air“- ის ფესტივალზე ვიყავით. სცენაზე ბოლოს უნდა ავსულიყავით და უკვე დილა იყო, დაკვრა რომ დავიწყეთ. დაკვრა რომ დავიწყეთ, მზე რომ ამოდიოდა და ხალხმაც რომ დაიწყო შეკრება, იქვე წამოვიდა ტექსტი „თბილისის ქუჩებს მზე ისევ ათბობს და ისევ ერთად შევხვდებით ამ დროს“ და ამაზე დავიწყეთ დაკვრა. ბიჭებს, ვინც უკრავდნენ, ეგონათ, რომ არსებული ტექსტი იყო. სცენიდან რომ ჩამოვედი, საბა ზაკალაშვილს, იმ წამს, ვინც კლავიშთან იჯდა, ვუთხარი, ხომ არ ჩავწეროთ ეს სიმღერა-მეთქი. საბამ მითხრა, მე მეგონა არსებობდა ეს სიმღერა და თუ არ არსებობს, უეჭველი უნდა ჩავწეროთო. მერე, საბამ თავისი ვერსია გამომიგზავნა, რაღაც ტექსტი მიამატა. თავიდან, უფრო მშვიდი ბითი იყო, შემდეგ, ცოტა ავაჩქარეთ. ბევრი ვჭერით, ვკერეთ და საბოლოოდ, ამ ფორმაზე შევთანხმდით.

რამდენად ხშირად გაქვთ კონცერტები?

გვაქვს ხოლმე რაღაცები, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, უფრო კორპორატიულ ღონისძიებებზე ვუკრავთ, მაგრამ იმ მუსიკას, რაც ჩვენ გვიყვარს. წელიწადში 2-3-ჯერ ვცდილობთ, რომ ცოტა უფრო მასშტაბური კონცერტები გავაკეთოთ.

როგორც მივხვდი, ამ სფეროში, აკეთებ იმას, რაც შენ გიყვარს და იმიტომ, რომ უბრალოდ გაყიდვადი იყოს, ისეთ რამეს არ გააკეთებ, რაც არ მოგწონს.

მე ასეთ რაღაცებს ძალიან ვუფრთხილდები. მესმის, რომ რაღაც ადგილებში უკრავენ ძალიან კარგი მუსიკოსები და სულ ისე არ გამოდის, რომ ბოლომდე შენი სიამოვნებისთვის გააკეთო რაღაც და შეიძლება, კვირაში ორჯერ რაღაც ადგილას უკრავდე და ვფიქრობ, ესეც, ასეთი რამის მიგნებაც, ძალიან დიდი ბედნიერებაა, რადგან იმ ადამიანისთვის ოფისში რომ იჯდეს, ალბათ, ბევრად უფრო რთული იქნებოდა, მაგრამ მე რადგან სხვა პროფესიაც მაქვს და სიმღერა არ იყო ჩემი შემოსავლის მთავარი წყარო, მუსიკაშიც ისე შევედი, რომ რაც მიყვარს, ის გამეკეთებინა. იმედია, ბოლომდე ასე იქნება, რადგან გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის რთულია, რაღაცას რომ მოვერგო.

შენს ტურისტებს თუ სთავაზობ ხოლმე მუსიკალურ საღამოებს?

დიდად არა, მაგრამ რამდენიმე უცნაური სიტუაცია მქონია. რეგიონში ყოფნისას, მომსალმებიან, ფოტოს გადაღება უთხოვიათ და ძალიან დაბნეულან ტურისტები და უკითხავთ, რატომ გადაიღეს ფოტო ჩემთან. მეც ცოტა მორიდებულად ვეუბნები ხოლმე, რომ ვმღერი. მერე, ზოგი მეხუმრება ხოლმე, გიდად რატომ მუშაობო. მე კი ვეუბნები, რომ პირიქით, მიყვარს ეს საქმიანობა.

ნოდარიკო ხუციშვილი & საბა ზაკალაშვილი – თბილისის ქუჩებს

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ნოდარიკო ხუციშვილი. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები