23 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტი ერევანში ჩავიდა.
პუტინმა მონაწილეობა მიიღო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უხელმძღვანელა.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გადაუდებელი პრობლემები განიხილეს.
სომხეთისა და რუსეთის ლიდერების გარდა, ОДКБ-ს სამიტში მონაწილეობა მიიღეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა და ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა.
ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა.
სომხეთის პრემიერის თქმით, პროექტები საკმარისად არ არის დამუშავებული. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის აგრესიას მოკავშირეებმა მკაფიო პოლიტიკური შეფასება არ მისცეს.
რა გვაჩვენა პუტინის ერევანში ჩასვლამ, რას ნიშნავს ფაშინიანის განცხადება და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები – ამ კითხვით „ფორტუნამ“ უსაფრთხოების ექსპერტს ანდრო გოცირიძეს მიმართა.
„ფაშინიანის განცხადებაში, რომ დეკლარაციას ხელს არ მოაწერს, უცნაური არაფერი ყოფილა. ეს ბუნებრივიცაა. სომხეთის უსაფრთხოების გარანტი წლების განმავლობაში რუსები იყვნენ. სომხეთი წარმოადგენდა რუსეთის სატელიტს, მათ შორის ამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რუსეთმა კი ვერ შეძლო სომხეთის უსაფრთხოების დაცვა.
როდესაც აზერბაიჯანთან არსებული კონფლიქტი აქტიურ ფაზაში იყო, სომხეთის არაერთ მოწოდებაზე, რუსეთმა ვერანაირი დახმარება ვერ აღმოუჩინა და აზერბაიჯანმა მოახდინა ყარაბაღის დაბრუნება. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მხარეს იყო სიმართლე.
ფაქტია, რომ სომხეთის იმედები, რომ რუსეთის დახმარებით მისი უსაფრთხოება გარანტირებული იქნებოდა, არ გამართლდა და შესაბამისად, მის ყოფნას ОДКБ-ში აზრი დაეკარგა.
ОДКБ- ც ისეთივე მკვდრადშობილი ორგანიზაცია აღმოჩნდა, როგორც დსთ, როდესაც 2008 წელს რუსეთმა დსთ-ის წევრ საქართველოზე განახორციელა თავდასხმა და აგრესია
ფორმალურად ჯერ კიდევ დსთ-ის წევრ საქართველოზე.
ბუნებრივია, ფაშინიანის განცხადება და დეკლარაციაზე ხელის არმოწერა ნიშნავს, რომ ერევანი მოსკოვს აღარ ენდობა.
მოსკოვი ერევანს ვერ დაეხმარა მაშინ, როდესაც ერევანს ყველაზე მეტი უჭირდა. ახლა სავსებით მოსალოდნელია, ოფიციალური ერევნის პოზიციონირება დასავლურ ფლანგზე.
ახლა ეს რამდენად გამოვა და რამდენად დღევანდელი დღის თემაა, რთული სათქმელია, მაგრამ რუსეთიც გრძნობს, რომ კარგავს მოკავშირეს.
სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი ისედაც ნაკლებად არის რუსეთის მხრიდან კონტროლირებული, ამ ქვეყანაში დასავლური ინვესტიცია ბევრია და დასავლეთისთვის ნავთობისა და ენერგორესურსების ძირითადი მიმწოდებელი ხდება საქართველოს გავლით.
ცხადია, სომხეთის დაკარგვა რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიიდან ფეხის ამოკვეთას და ირანზე გამავალი ხაზის გაწყვეტას ნიშნავს.
ამიტომ ცდილობენ, ამ ორგანიზაციის რეანიმაცია მოახდინონ.
სხვათა შორის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში რუსეთს მარტო სომხეთთან არ აქვთ პრობლემები. ცენტრალური აზიის ქვეყნებმა წინა შეხვედრაზე სერიოზული სკეპტიციზმი გამოავლინეს ამ ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით“. – ამბობს ანდრო გოცირიძე „ფორტუნასთან“.
ერევანში, ლიდერების ფოტოს გადაღების დროს ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა სომხეთის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპკიანს მარჯვნივ გაწევა სთხოვა, რაზედაც სერგეი ლავროვმა უხეშად მიმართა:
„კიდევ რა გინდათ, თქვენი საქმე სურათების გადაღებაა“.
ანდრო გოცირიძის თქმით, ლავროვის მხრიდან ასეთი უხეშობა გასაკვირი არაა. მით უფრო, ახლა, როდესაც რუსეთი გაღიზიანებულია მსოფლიოს დამოკიდებულებით.
„ლავროვის მხრიდან ასეთი გამოთქმები და გამოხტომები უცხო არაა. ინტერნეტი სავსეა მისი უხამსი გამოთქმებით ჟურნალისტების მიმართ, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იგი ღიზიანდება არა ჟურნალისტებზე, არამედ იმ ნეგატივით, რომელიც რუსეთს დამსახურებულად აქვს მსოფლიო მხრიდან.
მთელი მსოფლიო ფიქრობს, რომ რუსეთი აგრესორია და გარდა ამისა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროსაბჭოს საპარლამენტო სტრუქტურამაც, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარეს.
ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ გამოაცხადა – რა წერია რეზოლუციაში
უნდა აღნიშნოს, რომ ხისტი და უხეში სტილი, რუსეთის დიპლომატიისთვის დამახასიათებელია“. – ამბობს ექსპერტი.
აღსანიშნავია, რომ გამართულმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტმა ერევანში პროტესტის ფონზე ჩაიარა.
აქტივისტები ორგანიზაციიდან სომხეთის გამოსვლას მოითხოვდნენ, ვინაიდან მათი თქმით, ორგანიზაციამ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების დროს სომხეთის დასახმარებლად არაფერი მოიმოქმედეს.
მედიის ცნობით, მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ: „რუსეთი მტერია!“.
ОДКБ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი არიან.
ცნობისთვის, როგორც მედია წერდა, 2022-2023 წლებში ОДКБ-ს თავმჯდომარეობას ბელარუსი გადაიბარებს, რის გამოც ალექსანდრე ლუკაშენკომ სამიტზე ის პრიორიტეტები წარადგინა, რომელიც მომავალ წელს განხორციელდება.