მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა, მედია ყოველდღიურად აშუქებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. მიხეილ სააკაშვილი 24 დღეა შიმშილობს და როგორც მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს.
გიული ალასანია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ამ მდგომარეობას ოჯახი განსაკუთრებით განიცდის.
“ეს დღეები ბავშვთან ვარ, რადგან სანდრას მოუწია ჰოლანდიაში წასვლა, მალე ჩამოვა.
დილით ყველაფერს ვიგებ ტელევიზიით, ასე ვისმენ მის შესახებ ინფორმაციას და შემდეგ – ვინმე თუ დამირეკავს. თუმცა დიდი კავშირები იმ ადამიანებთან, ვისაც მიშასთან კონტაქტი აქვთ, არ მაქვს.
რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, არავინ არ არის კარგად. არ იმჩნევს ბავშვი, მაგრამ ის მუდმივად ღელავს… ოჯახში არ გვაქვს ნორმალური ვითარება” – ამბობს მიხეილ სააკაშვილის დედა.
გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შესახებ მანაც იმ დღეს გაიგო, როცა ყველამ. მისი თქმით, არასოდეს ერევა შვილის პირად ცხოვრებაში და არც ლიზას შესახებ იცოდა რამე.
“ის ვიდეო, რაც დაიდო, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. საერთოდ, ჩემი პრინციპი იყო, რომ მის პირად ცხოვრებაში არასოდეს ჩავრეულვარ. ძალიან პატარა იყო, რომ გავეხუმრე ამ თემაზე და გამომიცხადა, შენ პირადი თემა არ იცი რა არისო? მეც მიმაჩნია, რომ თუ რაიმე შეკითხვე არსებობს ამ მიმართულებით, მას უნდა კითხოთ” – ამბობს გიული ალასანია “ტვ პირველთან” ინტერვიუში.