LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს პარლამენტი სრულფასოვანი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა ამ დარბაზში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლებიც ისხდებიან: პაპუაშვილი

126
1

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო სრულფასოვანი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა სხდომათა დარბაზში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლებიც ისხდებიან.

88 ხმა 1-ის წინააღმდეგ – პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

ამის შესახებ პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

მან ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და აფხაზი და ოსი და-ძმების დაბრუნება:

“ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა, 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების დაბრუნება. ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს.

ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურითა და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე ამ მიზანს მივუძღვნათ.

ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს 88 ხმით ერთის წინააღმდეგ, პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. 

თუ პრინციპულობას ეძახით სიხისტეს, დიახ მე ხისტი ვარ: შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს დაამშვენებდა: ირაკლი კობახიძე

magti 5g