ესპანეთმა ბავშვთა საავადმყოფოების მენიუდან არაჯანსაღი საკვები ამოიღო. სასადილოებიდან სრულად გაქრება ინდუსტრიულად გადამუშავებული პროდუქტები, რომელთა ადგილსაც ახალი ხილი, ბოსტნეული და ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული კერძები დაიკავებს. სიახლის შესახებ Euro Weekly წერს.
გადამუშავებულ პროდუქტებად ითვლება ის საკვები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით გაჯერებულ ცხიმებს, მარილს ან შაქარს. ასეთებია, მაგალითად, ძეხვი და სოსისი, კრეკერები, დაკონსერვებული ხილი და ბოსტნეული, ფანტელები და მუსლი, ორცხობილა, შოკოლადი და კანფეტები, ასევე ტკბილი გაზიანი სასმელები და ჩიფსები. კვლევები ამ პროდუქტების რეგულარულ მოხმარებას აკავშირებს სიმსუქნის, მეორე ტიპის დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის გაზრდილ რისკთან.
ეს გადაწყვეტილება ბავშვთა კვების რეფორმის მეორე ეტაპია ესპანეთის სახელმწიფო დაწესებულებებში. აპრილში ქვეყანამ უკვე დააწესა მინიმალური მოთხოვნები სკოლებში კვებაზე – მოსწავლეებს გადამუშავებული პროდუქტების მიღება მხოლოდ თვეში ერთხელ შეუძლიათ, ხოლო გაზიანი სასმელები ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათში შაქრის შემცველობა 5 გრამს არ აღემატება.
ბოლო წლებში ესპანელების რაციონში გადამუშავებული პროდუქტების წილი მკვეთრად იზრდება – ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ის 11%-დან 32%-მდე გაიზარდა. სწორედ ამიტომ, ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისი კვების ახალი სტანდარტები ბავშვთა დაწესებულებებში მოსახლეობას არაჯანსაღი ჩვევების შეცვლაში დაეხმარება.
ევროპის ქვეყნებში არაჯანსაღ საკვებთან ბრძოლა სკოლებშიც აქტიურად დაიწყეს. მაგალითად, პორტუგალიაში სკოლის სასადილოებიდან უკვე ამოღებულია ჰამბურგერები, პიცა, ნამცხვრები, ჩიფსები და ნაყინი.