LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფესტივალი ხდება 10 წლის, ჯანო კახიძეს შეუსრულდებოდა 90 წელი, ამიტომ ფესტივალის ბოლოს ორი საღამო სწორედ მის შემოქმედებას მიეძღვნება” – თეკა კახიძე „არტ-FM“-ში

549
თეკა-კახიძე

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ თეკა კახიძე სტუმრობდა, რომელმაც ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის წლევანდელ სეზონზე ისაუბრა.

წელს ორ საიუბილეო თარიღს აღვნიშნავთ. ერთი მხრივ, ფესტივალი ხდება 10 წლის, მეორე მხრივ, ჯანო კახიძეს შეუსრულდებოდა 90 წელი, ამიტომ ფესტივალის ბოლოს ორი საღამო სწორედ მის შემოქმედებას მიეძღვნება.

ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-10 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

ფესტივალი 27 აპრილს გაიხსნება თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და უნგრელი დირიჟორის გაბორ ჰოლერუნგის მონაწილეობით. ჰოლერუნგი საკუთარი პროექტით ჩამოვა და ცნობილი ფილმებიდან შეასრულებს მუსიკას ვიდეოპროექციის თანხლებით. მართალია, მსგავსი კონცერტები ჩვენც გაგვიკეთებია, მაგრამ ამჯერად მუსიკა ვიდეოპროექციის ფონზე შესრულდება.

4 მაისს ეკა მამალაძის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ვატო კახიძე უხელმძღვანელებს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კონცერტი იქნება, მით უფრო, რომ დათო ნოზაძეც მიიღებს მონაწილეობას. სხვათა შორის, ეკა მხოლოდ 16 წლის იყო, როცა ჯანსუღ კახიძის სიმღერების შესრულება დაიწყო და ჩვენდა სასიხარულოდ დღემდე აგრძელებს.

11 მაისს კონცერტს New York Voices გამართავს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ამერიკული კოლექტივი პირველად 2015 წელს გვესტუმრა, როცა პირველად მოეწყო ჩვენი ფესტივალი. უნიკალური ანსამბლია 35-წლიანი ისტორიით, ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ კიდევ ერთხელ გვესტუმრებიან.

15 მაისს კუბელი მესაყვირე რობერტო გარსია წარდგება პუბლიკის წინაშე საკუთარ ბენდთან ერთად. ერთგვარი პრემიერა შედგება, რადგან მანამდე არასდროს გვყოლია სტუმრად კუბელი მუსიკოსები.

18 მაისს Kennedy Administration გამართავს კონცერტს, რომელსაც გასულ შემოდგომაზეც ვუმასპინძლეთ, თუმცა მაშინ სოლო გამოსვლა ჰქონდათ, წელს კი, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგებიან პუბლიკის წინაშე.  

24-25 მაისს ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტები გაიმართება, რომელშიც ანსამბლი „რუსთავი“, ვოკალური კვარტეტი „რანინა“, თბილისის სიმფონიური ორკესტრი და ვახტანგ კახიძე მიიღებენ მონაწილეობას. საღამოზე ჯანოს სიმღერები შესრულდება, იქნება  მისი შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებიც.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს – კულტურის სამინისტროს, რომელიც ჩვენი პარტნიორი და ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელია, სასტუმრო „რუმსს“, რომელიც ფესტივალის სტუმრებს უმასპინძლებს, რესტორანს „თბილისურ მუხამბაზს“, რადიო „ფორტუნას“ და მაღაზიების ქსელს „სუფთა სახლს“. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენი ფესტივალის მხარდამჭერებს კიდევ ერთი ცნობილი ბრენდი, კომპანია „თეგეტა“ შეუერთდა.

ჯანსუღ კახიძე არა მხოლოდ მრავალფეროვანი მუსიკოსი, არამედ მეტად მრავალმხრივი ადამიანი იყო. ძალიან ბევრ ჟანრში მოღვაწეობდა – ფოლკლორით დაწყებული, სიმფონიური მუსიკით დასრულებული. უამრავი მეგობარი ჰყავდა, ძალიან უყვარდა ქართული ტრადიციები თავისი ლხინითა და სიმღერებით. ჯანსუღზე ყველას თავისი შეხედულება აქვს, რადგან ყველასთან განსხვავებულად ურთიერთობა ჰქონდა, ვიღაცასთან ძალიან პრინციპული და უხეში იყო, ვიღაცასთან კი, პირიქით ძალიან თბილი და მოსიყვარულე. საშინლად არ უყვარდა უნიჭობა და საერთოდ არ შეეძლო ტყუილის თქმა, ამიტომ ყველას პირდაპირ ეუბნებოდა, რასაც ფიქრობდა. სიამოვნებით ეხმარებოდა ყველას, ვისაც მცირე ნიჭი მაინც ჰქონდა, ვერ იტანდა უდისციპლინობას და უპასუხისმგებლობას.

მართალია, სახლში იშვიათად ვხედავდით, მაგრამ მაინც ბრწყინვალე მამა იყო, რადგან ნებისმიერ თემაზე შეიძლებოდა მასთან საუბარი, ყველაფერი ესმოდა და ყოველთვის სასარგებლო რჩევებს იძლეოდა. ყოველთვის უამრავი იდეა ჰქონდა, ენთუზიაზმით ებმებოდა ახალ წამოწყებაში, მაგრამ ყოველთვის წინააღმდეგობას აწყდებოდა, რაც განწყობას უფუჭებდა.

უცნაურია, მაგრამ არასდროს თვლიდა თავს კომპოზიტორად, მუსიკა უფრო გატაცებად მიაჩნდა, რადგან მუსიკალურ გარემოში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა და ბავშვობიდან მღეროდა, როგორც ჩანს, სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა მისი სასიმღერო სტილი, რომელიც ყოველთვის განსხვავდებოდა სხვა ქართველი კომპოზიტორების ნამუშევრებისგან. სხვათა შორის, ფესტივალზე ჯანსუღ კახიძის სიმღერების ნოტების სამტომეულის პრეზენტაცია შედგება, რომელზეც ვახტანგმა მთელი ზაფხული იმუშავა.

27 აპრილს, 4,11,15,18, 24 და 25  მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, უმასპინძლებს ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-10 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g