LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლექ აიდ ფისი“: „ჩვენ საქართველოში დავბრუნდებით!..“

760
blackeyedpeaceblackseaaarena19

საათნახევარზე მეტის განმავლობაში, „ბლექ სი არენას“ სეზონის გახსნაზე, 16 ივნისს, ფერადი ემოციებისა და მუსიკალური ჰანგების თანხლებით, ათასობით ადამიანმა „ბლექ აიდ ფისის“ დაუვიწყარი შოუ ნახა და მოისმინა მუსიკა, რომელსაც ამერიკული ჯგუფი ათეულობით წელია, მილიონობით თაყვანისმცემლისთვის ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მოითმენლად ელოდნენ ქართველ ფანებთან შეხვედრას, მაინც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ შოუმდე რამდენიმე საათით ადრე, სასტუმრო „პარაგრაფის“ აკვარიუმიან დარბაზში შეხვდებოდნენ ჟურნალისტებს, რომელთა უმრავლესობა ბავშვობიდან მათი მუსიკის თაყვანისმცემელი იყო.  ჯგუფის ერთ-ერთმა მამოძრავებელმა ძალამ, ცნობილმა პროდიუსერმა ვილ აი ემმა, რომელსაც არაერთ ვარსკვლავთან უმუშავია, საკუთარ ჯგუფს თუ არ ჩავთვლით, ქართველ ჟურნალისტებს ისიც გაუმხილა, რომ ქართულ ფოლკლორს მოისმენდა სიამოვნებით და მოგზაურობის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული სხვადასხვა ტიპისა და მიმართულების, მუსიკალური თუ გასტრონომიული პორციები მათთვის ძალიან საინტერესოა. მათი მრავალფეროვანი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდად კი აუცილებლად იქცევა საქართველოში მოგზაურობა, ჩამოსვლის ღამეს ბათუმის ღამის კლუბებში გართობიდან დაწყებული, ღიმილიან ხალხთან და მათი მუსიკის მოყვარულებთან შეხვედრით დასრულებული…

ჯგუფის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან მომხიბვლელი აღმოჩნდა რეგიონის საუკეთესო საკონცერტო არენად აღიარებული „ბლექ სი არენა“, ხოლო სასტუმრო „პარაგრაფში“ დაბინავების გამო ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ, საჯაროდ გადაუხადეს მადლობა.

პრესკონფერენციაზე ჯგუფის წევრები, უილ აი ემი, ეფლ დი ეფი და ტაბუ ჟურნალისტებთან სელფების გადაღებასაც არ მოერიდნენ. ვილ აი ემს ბოლო კითხვა „ბალენსიაგას“ შესახებ დაუსვეს, რომლის ფეხსაცმელიც ეცვა. „იცით, ვინ არის „ბალენსიაგას“ მთავარი დიზაინერი? დემნა ქართველია“, აღინიშნა პრესკონფერენციაზე. უილ აი ემს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა და ჯგუფის წევრები ამ ახალ ამბავს აღფრთოვანებით შეხვდნენ.

ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ ჯგუფი დასასვენებლად გაეშურა, „ბლექ სი არენაზე“ კი ამ დროს მზადების ბოლო შტრიხები ევლებოდა. გარე პერიმეტრზე ყველა კომპანია, რომელიც არენასთან თანამშრომლობს, სრულად იყო მზად დიდი რაოდენობით მსმენელის მისაღებად, დარბაზში კი საბოლოო ტექნიკურ საკითხებს გადიოდნენ…

დადგა საღამოს ექვსი საათი, როდესაც კარები გაიღო. არენაზე ჩასულ მაყურებელს, პირველ რიგში, გარე სივრცეში აშენებული სცენით შეეგებნენ, სადაც დიჯეი უკრავდა. დიჯეი იდგა ასევე დარბაზის მთავარ სცენაზეც, სადაც „ბლექ აიდ ფისის“ წინ ე.წ. „ვორმ აფი“ მიმდინარეობდა.

დარბაზი ნელ-ნელა შეივსო და საღამოს ათი საათიც მოახლოვდა, როდესაც სცენის მთავარ ეკრანზე აინთო სიტყვები: „Black Eyed Peas“, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ სულ რამდენიმე წუთში დაიწყებოდა კონცერტი, რომელსაც ჯგუფის თაყვანისმცემლები დიდხანს ელოდნენ.

პირველივე სიმღერამ დარბაზი წამებში აიყოლია და ბოლო კომპოზიციამდე, რომელთა შორის, ძირითადად, ძველი სიმღერები ჭარბობდა, თითქმის ყველა მსმენელი ზეპირად ასრულებდა ყველა ნაცნობ ჰიტს. ჰიტების ნაკლებობა  კი „ბლექ აიდ ფისის“ შემოქმედებაში ნამდვიკლად არ იგრძნობა. ჯგუფი მუდამ გრძნობს ახალ მუსიკალურ ტენდენციებსა და მსმენელის მოთხოვნებს და შესაბამისად მოქმედებს, ამიტომაც არის მათ რეპერტუარში ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ამდენი სიმღერა…

ის, რომ უილ აი ემს ძალიან მოეწონა ქართველი გოგონები, სცენიდან მოგვახსენა. ისიც გვითხრა, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდებიან, უფრო დიდი ხნით და კიდევ უფრო საინტერესო თავგადასავლებისთვის, რომელთა ნაწილი ჩვენთვისაც საიდუმლო დარჩა.

გუშინ გვიან ღამით, „ბლექ აიდ ფისის“ წევრების პირადი თვითმფრინავი, რომელშიც ჯგუფის წევრებთან ერთად, მათი 30-კაციანი ჯგუფიც იჯდა, ბათუმიდან გაფრინდა გრანდიოზული ტურნეს მორიგი დანიშნულების ადგილას.

ჯგუფისგან მიღებული შთაბეჭდილებებით თავბრუდახვეული მსმენელი დარბაზს ნელ-ნელა ტოვებდა. „საუკეთესო კონცერტი, რაზეც ვყოფილვარ“, „ფერგის არყოფნა საერთოდ არ გვიგრძნია, ახალი სოლისტით ძალიან მოხიბლული დავრჩი“, „ეს შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრება გამყვება“, ამ და სხვა ფრაზებით აფასებდა მსმენელი „ბლექ სი არენას“ სეზონის გამხსნელ პერფორმანსს.

დარბაზში ერთი განსაკუთრებული ადამიანი იყო – პატარა ბიჭუნა, სანდრო გოგიშვილი, რომელიც ზუსტად სცენის წინ ისე ენერგიულად ცეკვავდა, რომ ჯგუფის წევრებმა ის სცენაზე აიყვანეს და ერთ კომპოზიციაზე მათთან ერთად იცეკვა. სანდროს ეს მომენტი კიდევ დიდხანს დაამახსოვრდება, თანაც, „ბლექ სი არენამ“ მას სიურპრიზი მოუმზადა და ამ სეზონის ყველა კონცერტის მოსაწვევი მისია…

„სად არის სიყვარული?“ – ამ კითხვაზე პასუხი „ბლექ აიდ ფისის“ წევრებმა ვიპდასაჯდომების წინ მოწყობილ პატარა სცენაზე გადანაცვლებისას გაგვცეს, როდესაც მთელი დარბაზი ანთელბული ტელეფონებით ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა…

კითხვაზე, სად გელოდებათ ყველაზე მაგარი კონცერტები, პასუხი ასევე გაცემულია. „ბლექ სი არენა“ სეზონის განმავლობაში შეგახვედრებთ ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ჯეისი ჯეი და ჯარედ ლეტო ბენდით 30 Seconds to Mars. იქნება ქართული პროექტებიც და ასევე გველოდება სეზონის დახურვის უცხოელი არტისტიც, რომლის შესახებაც „ბლექ სი არენა“ ინფორმაციას საკუთარი „ფეისბუქის“ საშუალებით გაავრცელებს.

შეგახსენებთ, კონცერტები „ბლექ სი არენაზე“ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები