ზედიზედ უკვე მეორე წელია, რაც ანსამბლ „ივერიის“ ლეგენდარული მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ წარმატებით იდგმება. 2018 წელს, ისევე, როგორც წლევანდელ სეზონზე,  „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გამართულ განახლებულ „ჩხიკვთა ქორწილს“ ათასობით ადამიანი დაესწრო.

სიმღერები, რომლებიც სპეციალურად „ჩხიკვთა ქორწილისთვის“ 40 წლის წინ ალექსანდრე ბასილაიამ დაწერა, დღემდე ცოცხალია, აქტუალობას არ კარგავს და მიუზიკლის მიღმაც აგრძელებს ცხოვრებას, თუმცა მის ფარგლებში, ზაქარასა და ქეთევანის სიყვარულის ამბის მოსასმენად და სანახავად, მაყურებელი არასდროს იშურებს ენერგიას, ხანგრძლივი აპლოდისმენტებისთვის, რომელიც „ივერიის“ ძველი თუ ახალი თაობის შემადგენლობას „ბლექ სი არენაზე“, 1-ელ სექტემბერსაც უხვად ხვდა წილად.

მონაწილეთა შორის გახლდნენ: თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ნუცა ბუზალაძე, ანდრია გველესიანი, ბორის ბედია, ხვიჩა მაღლაკელიძე, ვახტანგ ტატიშვილი, გურამ ჯაში, მანანა თოდაძე, ქეთი წიკლაური, თამუნა ტაბატაძე, მერაბ სამყურაშვილი, დიტო საკანდელიძე, ჯანო იზორია, გია დავითიანი, გუჯა მარდალეიშვილი, ავთანდილ თაბუკაშვილი, გოგა ოსეფაშვილი, ლუიზა კობალაძე, ლილი ზღვაური, ჯემალ ბაღაშვილი,ზურა ლალიაშვილი, ვიქტორ ლალიაშვილი, დათო აბულაძე, გია ბაღაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე (უმცროსი), ლაშა მძინარაშვილი, მირიან ბერელიძე, ირაკლი ნადირაშვილი, მაიკო ვაწაძე, შორენა ჯაფარიძე, ცისია კალანდაძე, ეკა მოდებაძე, ილია საბაძე თენგო გუმბერიძე, დათო მჭედლიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე.

გია ბაღაშვილი:

ამხელა არენაზე მიუზიკლის განხორციელება არ არის ადვილი საქმე და აქამდე „ბლექ სი არენაზე“ მიუზიკლი არც დადგმულა. კიდევ ერთხელ ამდენი ადამიანი შეკრიბა არენაზე ალექსანდრე ბასილაიას გენიალურმა მუსიკამ და იმ სიყვარულმა, რომელიც „ჩხიკვთა ქორწილს“ 40 წელია, მოჰყვება. მაყურებლისგან საოცარი სიყვარული ვიგრძენით.

უღრმესი მადლობა ჩვენს გუნდს და იმ მრავალთასიან პუბლიკას, რომელიც ღონისძიებას დაესწრო.

მას შემდეგ, რაც „ჩხიკვთა ქორწილი“ დასრულდა, გია ბაღაშვილმა ერთი სიუპრიზი შემოგვთავაზა. მან სიტყვა გადასცა დარბაზში მდჯომ ნიკა მნათობიშვილს, რომელმაც ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეს და მიუზიკლის მონაწილეს, შორენა ჯაფარიძეს, დარბაზიდანვე სთხოვა ხელი და შემდეგ ვარდების დიდი თაიგულით და ბეჭდით სცენაზე გადაინაცვლა. „ჩხიკვთა ქორწილი“ რეალური ქორწილით დაგვირგვინდა, მაყურებელმა კი დარბაზი ემოციებით დატოვა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05