„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.
როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, დარწმუნებულია მიხეილ სააკაშვილი ლომის წილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში და მიესალმება მის გადაწყვეტილებას აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში:
„პუტინისტური რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, ჯერ კიდევ 2003 წელს მან შეძლო და რუსულ ორბიტას მთლიანად მოწყვიტა საქართველო და წავედით წინ დიდი ნაბიჯებით ევროპისკენ, დასავლეთისკენ. ამის შემდეგ იყო უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ ბრძოლა, პოროშენკოს წინააღმდეგ ბრძოლა და გამარჯვება.
მე დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე მქონდა რწმენა და ამას ყველა საჯარო გამოსვლაში ვაფიქსირებდით, ვამბობდით და ვაფიქსირებთ, რომ ცხადია პრეზიდენტ სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის და რუსი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს ამ რეჟიმის დამარცხებაში“ — აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძის განცხადებასაც, რომლითაც მან 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა. ხაბეიშვილი მმართველი გუნდის განცხადებებს „მოღალატეობრივს“ უწოდებს.
„ეს მართლა ლაჩრები, მშიშარები, ერთ დაძახებაზე მართლა მათი ლანდი რომ არ იქნება, აკრიტიკებენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც 2008 წელს ჩვენს გმირ ბიჭებთან ერთად უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია პუტინის რეჟიმს და მეტიც, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ არა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მათი ამოცანა იყო თბილისის აღება და ყველას კარგად ახსოვს პუტინის შეთავაზება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი წასულიყო დედაქალაქიდან, დაეტოვებინა ქვეყანა, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი სიცოცხლე და მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის არც ქვეყანა დატოვა და არც მისი ხალხი არ მიატოვა“— აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.