გიორგი ნაზღაიძემ დიდი გზა გაიარა, სანამ რეალური შოუს „პრაიმჰაუსის“ გამარჯვებული გახდებოდა და მისი ცხოვრება შეიცვლებოდა. მანამდე იყო უმუშევრობის წლები, ფინანსური პრობლემები და ასევე შვილი, რომელიც, როგორც გიორგი ამბობს, აშშ-შია. მისი დაბრუნებისთვის ბრძოლას მთელი სერიოზულობით აპირებს. ჩვენი ინტერვიუ „ღამის პრაიმ ტაიმის“ გადაღების შემდეგ შედგა…
„პრაიმჰაუსში“ გამარჯვების შემდეგ შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, გახდი ბინის მფლობელი, გაქვს ახალი სამსახური „რუსთავი 2“-ში. წარუმატებელი პერიოდის შემდეგ თუ ფიქრობდი, რომ ცხოვრებაში გამონათება გექნებოდა?
ძალიან ბევრ სამსახურში მითხრეს უარი. ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანთან მივედი. ყველამ მირჩია, რომ მასთან მივსულიყავი და იმედი მქონდა, რომ გამიგებდა. იცოდა ჩემი ისტორია – იცოდა, რომ ჩემი შეყვარებული ტრაგიკულად დაიღუპა… იცოდა, რომ მჭირდებოდა ეს სამსახური მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ვეუბნებოდი, რომ შვიდას ლარზეც კი თანახმა ვიყავი და არც კადრში გამოჩენა მინდოდა. თუ გამოვიჩინე თავი, დამინახავთ-მეთქი. ტელევიზიაზეა საუბარი. ექვსი თვე და 15 დღე იყო ტყუილი – ორი თვის შემდეგ მივხვდი, რომ მატყუებდა და უბრალოდ, მაინტერესებდა, სადამდე გასტანდა ეს… ეს ადამიანი მიხვდება, რომ არასწორად მომექცა. დიდ თანამდებობაზეა. ძალიან მიყვარს, რადგან უამრავი რამ გვაკავშირებდა, ცუდს ვერაფერს ვიტყვი, დიდი პატივს ვცემ დღემდე.
ერთ რამეს გაგიმხელ ექსკლუზიურად, სხვა გამოსავალი რომ არ მქონდა, ყაზახეთის საელჩოში უნდა დამეწყო მძღოლად მუშაობა. ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაიმე ამბავს ვიგონებ, მიმოწერაც მაქვს შენახული. ჩემებმა მკითხეს, მზად ხარ მძღოლად მუშაობისთვისო? მზად ვიყავი. ფინანსურად ძალიან მიჭირდა. როცა ენერგიული ხარ, იდეები გაქვს და ამას ვერსად ხარჯავ, ნებისმიერ ადგილად უნდა დასაქმდე. ბოლო ერთადერთი შანსი მქონდა. მეგობარმა შემომთავაზა და თანახმა ვიყავი. ხელფასი იყო თვეში 1500 ლარი, მაგრამ 24 საათი უნდა ვყოფილიყავი მძღოლ, სხვას ვეღარაფერს გავაკეთებდი. ბოლო მომენტში აღმოჩნდა, რომ ვიღაცას ნაცნობი ჰყავდა და ჩემ მაგივრად სხვა დაასაქმეს (იცინის). ხალხი ამბობდა, ჯადო ხომ არ გაქვს გაკეთებულიო.
გქონდა ის შეგრძნება, რომ ვიღაცამ გაგთვალა?
კი. ჩემი ცხოვრება სულ აღმავლობაში იყო და მერე წლები დაღმავალ გზაზე ვიდექი, დაუსრულებლად.
გყავდა ვინმე ბოროტისმსურველი?
ასე არ ვიცი… 15 წელია ბინა არ ამიშენდა „ცენტრ პოინტში“. დაზარალებული ვარ. მე ყველაფერი მქონდა, სამი სამსახური, – ყველა დავკარგე. პრობლემებიდან ვერ ამოვდიოდი.
პრობლემებისგან თავის დაღწევა„პრაიმჰაუსის“ საშუალებით შეძელი?
როცა შემომთავაზეს „პრაიმჰაუსში“ მონაწილეობა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს არ სურდათ, რომ ამ პროექტში შევსულიყავი. მეუბნებოდნენ, რომ რაც ამდენი წელი მქონდა ნაშენები, შეიძლებოდა, ერთ დღეში ჩამონგრეულიყო, რადგან უკვე ვიყავი ასეთი პროექტის მონაწილე და გამარჯვებული. ჩემმა მეგობარმა, თამარ ბოჭორიშვილმა მითხრა, მოდი, ვა-ბანკზე წავიდეთ, რა მოგიტანა ამ ოცმა წელიწადმა, თუ დაკარგავ, დაკარგაო…
კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გიორგი ხაბურზანიასა და დემნა ჯაფარიძეს, თაკო ფხაკაძეს. ხომ შეეძლოთ, ეს შანსი ჩემთვის არ მოეცათ, როგორც არ მომცეს შვიდასლარიანი სამსახური. დიდი მადლობა ამ ადამიანებს შანსისთვის. როცა ჩემ წინააღმდეგ უსამართლო ბრძოლა დავინახე, მივხვდი, რომ აქაც არ ავიტანდი უსამართლობას. აქ იყო ჩემი პირადი ბრძოლა. მაყურებლისთვის უნდა დამენახვებინა, რომელიც იყო ნეიტრალური, რომ არ ვარ ცუდი ადამიანი.
მოახერხე ეს, შენი აზრით? ისეთი ადამიანი ხარ, ან ძალიან მოსწონხარ, ან – არა…
ეს დამოკიდებულება შეიცვალა. სამი თვის განმავლობაში მაყურებელს, რომელსაც არ მოვწონდი, ძალიან შევუყვარდი.
ის ხარ ნამდვილად, რაც იმ პროექტში იყავი?
ნამდვილად! ემოციურ მომენტში ვიფეთქებ, ისე ძალიან მხიარული ადამიანი ვარ. მოგცემ ტელეფონს, გახსენი, ყოველდღიურად ვეკონტაქტები გულშემატკივრებს.
ვიცი, რომ ფინანსურად გეხმარებიან…
ჩემს გულშემატკივარს სულ უნდა ჩემი დახმარება. ბოლოს თანხა შემიგროვეს და დიდი საჩუქარი გამიკეთეს, ბოლოს ვთხოვე, დამთავრდა, მეგობრობა გავაგრძელოთ და ფინანსური მხარე დავასრულოთ-მეთქი. დიდი ბრიტანეთიდან იყო ჩამოსული მამა-შვილი, რომლებიც პირადად გავიცანი. ძალიან მიხარია, ისეთი ადამიანები გავიცანი, რომელთაც უანგაროდ ვუყვარვარ, მათი დაკარგვა გამორიცხულია.
შენ ვინ გიყვარს?
პირად ურთიერთობაში მარტო ადამიანი ვარ.
ძალიან ხომ არ გიყვარს საკუთარი თავი?
ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი და დიდი ყურადღება მაქვს გადატანილი მათზე. შეიძლება, ეს არის მიზეზი, რომ პირადი ურთიერთობებისთვის ვერ ვიცლი. ჩემთვის ოჯახი და მეგობრები ისეთ საფეხურზეა, რომ იმის იქით არაფერია.
თუმცა ამ ოჯახს გარეთ გყავს შვილი, რომელიც აშშ-შია და მის დასაბრუნებლად აპირებ ბრძოლას…
ამ თემაზეც მილიონი რამ დაწერეს… იღადავეს.
ზოგს არ სჯერა შვილის ამბავი…
შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ ეს პროექტისთვის მოვიგონე. თამუნა მუსერიძეს აქვს ხელშეკრულება კომპანიასთან, სადაც დე ენ ემის ანალიზი კეთდება. მე და თამუნა პირდაპირ ეთერში ამ პროცესს ჩავატარებთ, გაიგზავნება ანალიზი და შემდეგი საფეხური იქნება ადვოკატთან დაკავშირება. ჩემ გულშემატკივარს სულაც არ ჰგონია, რომ მე ამ ამბავს ვიგონებ.
ბევრი მუქარა და პრობლემა იყო – ვის ჰგონია, რომ ერთი ბინის მოგებით ბავშვს დავიბრუნებ? არავინ გადაამოწმა, პირდაპირ რომ მლანძღავენ, როგორ გართულებულია აშშ-ის საელჩოში ვიზის აღება. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ოღონდ ასაუბრე… ბინის გაყიდვას ვაპირებ, რომ ეს საქმე მოვიგო. გულშემატკივარი იმიტომ არ მედგა მხოლოდ, რომ ბავშვის დაბრუნება მინდა. ჩემ გვერდით იყვნენ იმიტომ, რომ საინტერესო მოთამაშე ვიყავი, უსამართლობას ვებრძოდი. როცა 12 მონაწილე შენ წინააღმდეგ გამოდის და ასახელებს მიზეზს, რომ ასაკით დიდი ხარ და შენთან ერთად არ ჭამენ… ამას უყურებდა ჩემი ოჯახი და მეგობრები. ეს იყო მათთვის ძალიან მძიმე დარტყმა და ძალიან განიცდიდნენ. რაც უნდა თქვა, მე 38 წლისას არ ვგავარ. შეურაცხყოფას ამით ვერ მომაყენებდნენ. ქალები არაკაცს მეძახდნენ, როცა ჩემთან ერთად ჭამაზე უარს ამბობდნენ. ისეთი რაღაცები მაქვს გავლილი, ეს არ გამიკვირდება, უბრალოდ, დედაჩემმა ბოლოს მომწერა, გიორგი, გამოდი ამ პროექტიდანო, ზურგს უკან დედას მაგინებდნენ… 75 წლის მშობლები რომ გყავს, უფროსი ძმები, ისინი არ გაჩუმდებიან, სხვა ღირსება აქვთ… ზუსტად ვიცოდი, რა პროექტში შევდიოდი, განცდები უკავშირდებოდა ჩემი ოჯახის წევრების და სამეგობროს ნერვიულობას. პროექტში მინდოდა საკუთარი თავის გამოვლენა, რომ ვიღაცისთვის მომეწონებინა თავი, რომ დავესაქმებინე.
დასაქმდი კიდევაც, გახდი „ღამის პრაიმ ტაიმის“ წამყვანი.
და როგორ მიხარია, არ იცით (იღიმის). კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. ამ პროექტში თავს ვგრძნობ ისე, როგორც თევზი წყალში. ეს არის ჩემი პროექტი. პირველ ეთერში მძიმე თემა გვქონდა, ამიტომ თანაწამყვანებთან შეთამაშება ვერ მოვასწარით, მაგრამ ძალიან საინტერესო წამყვანები არიან და ეს თავისთავად მოხდება.
50 წლის ასაკში თავი როგორ წარმოგიდგენია? ოჯახი გექნება, შენი აზრით?
ისევ ისეთი ენერგიული და მოვლილი ვიქნები. არ ვიცი, ოჯახი მექნება თუ არა. თუ უფალს ენდომება, იქნება ოჯახი. ძალით ოჯახს ვერ შევქმნი იმიტომ, რომ ასაკში მყავდეს შვილი, რომელიც მომივლის. მყავს უკვე შვილი, რომელსაც თუ მოუნდება, მომივლის. მგონია, რომ შევძლებ ჩემი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ დავალაგო. აგარაკს ვაკეთებ ფასანაურში და იქ დავმკვიდრდები აქტიურად, თბილისში კი მაშინ ჩამოვალ, როცა საქმე მექნება.
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: „ღამის პრაიმ ტაიმი“
გიორგი ნაზღაიძე: „ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მარცხი არის ის, რომ თავის დროზე ამ ქვეყანაში დავრჩი…“