LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური ვირეშმაკობაა..“, „ცდილობენ, რუსეთში მათ პატრონებს დაუმტკიცონ ლოიალობა“ – როგორ ეხმაურებიან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას

219
ფორტუნა - 2023-09-01T140308.665

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ როცა „ქართული ოცნება“ ევროპაში სტატუსთან დაკავშირებით ვიზიტის გამო პრეზიდენტს იმპიჩმენტს უწყობს, ამით ცდილობს, რომ რუსეთს ლოიალობა დაუმტკიცოს. მისივე თქმით, „ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება ნიშნავს პუტინისთვის კიდევ ერთ საჩუქარს“.

„იმდენი თხარა, თხარა, რომ გამოთხარა იმპიჩმენტი და ეს სამწუხარო რეალობაა“ - გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოინდომა წასვლა და პრაქტიკულად, ქართულ საზოგადოებას კონსტიტუცია თავზე გადაახია, რისი რეაგირების გარეშე დატოვებაც კონსტიტუციის შეურაცხყოფა იქნებოდა.

„კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, უნდა იცოდეს, რომ სამართლებრივზე მეტად ეს არის პოლიტიკური პროცესი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირ შედეგს არ დებს, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი, ანუ პოლიტიკური ორგანო, პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე. ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის პირდაპირი ლუსტრაცია, თუ ვის სამსახურში დგას ე.წ. “ქართული ოცნების” ხელისუფლება.

ეს არის პირდაპირ ღალატის გზა, ყველა პარლამენტის წევრის “ქართული ოცნებიდან” და ე.წ. ოპოზიციიდან (ეგეთიც არსებობს) ხელის მოწერა და დათანხმება ამ იმპიჩმენტის პროცედურაზე ნიშნავს საქართველოს ღალატს, რაც არ შეიფუთება და ჩვენ დავთვლით, რამდენი მოღალატე იქნება პარლამენტში. ეს არანაირი სამართლებრივი, პროცედურული საკითხი არ არის, რადგან ირაკლი კობახიძემ კარგად იცის, რომ საბოლოო ვერდიქტი არის პარლამენტის ხელში და გადაწყვეტილება არის პოლიტიკური.

ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება ნიშნავს პუტინისთვის კიდევ ერთ საჩუქარს. ყველა ხელმოწერა, ყველა სახელი და გვარი, რომელიც დაფიქსირდება ამ წარდგინებაზე, რომელსაც საკონსტიტუციოში შეიტანენ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ღალატზე ხელის მოწერაა.

ისინი ცდილობენ, რუსეთში მათ პატრონებს დაუმტკიცონ ლოიალობა, უთხრან, რომ საფრანგეთში გაზრდილი პრეზიდენტი კი ჰყავთ, მაგრამ მას ემიჯნებიან და ყველა ქართულ პროდასავლურ გამოვლინებას ამოძირკვავენ ჩანასახში, რომ რუსული კანონი ვერ მიიღეს, მაგრამ დასჯიან ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პრეზიდენტს, დასჯიან ყველას, ვინც გაბედავს ღიად მხარი დაუჭიროს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას,“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ საბოტაჟს განაგრძობს და ყველა მეთოდს იყენებს ამისთვის, რაზედაც პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესიც მიუთითებს.

თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს დამატებითი მტკიცებულებაა, რომ შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას – კობახიძე პრეზიდენტზე

„ალბათ ეს ინფორმაციაც გავრცელდება, რა ხარჯებით არის წასული“ – აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.

„იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა ბერკეტის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს აგრძელებს, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სურთ გადაფარონ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც მათთვის სასიცოცხლო საფრთხის შემცველია – „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობა, ის რაც ხალხს აწუხებს.

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მათი გულგრილობა, უმოქმედობა, მათ შორის ეს ყველაფერი უკავშირდება იმ სოციალურ პრობლემებს, რომლებზეც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს აქცენტს და კონკრეტული პროგრამები გვაქვს.

ზოგადად, ოპოზიციის სხვა აქტორების აქტიურობას უპირისპირებენ ამ ხელოვნურ თემებს, რომელსაც ისედაც ვერ განახორციელებენ, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ არ აქვთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მოახდინონ“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარტია „გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება, თუ მიშას არ გამოუშვებს, იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ“. მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში, შესაძლოა, პრეზიდენტი დათმობაზე წავიდეს და სააკაშვილი შეიწყალოს.

„ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ „ბუა“ სჭირდება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას, რადგან ციხეში პოლიტიკურად ძალიან სუსტად გამოიყურება და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ თავად არ გამოუშვან და ეს პრეზიდენტის ხელით გააკეთონ. იმპიჩმენტს „ნაცმოძრაობის“ ხმების გარეშე ვერ გააკეთებენ, 13 ადამიანს ვერ მოისყიდიან. ასეთ კონფიგურაციაში „ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება – თუ მიშას არ გამოუშვებთ, იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთო. ამ სიტუაციაში პრეზიდენტმა შეიძლება, იმპიჩმენტის გამო დათმოს და მიშა შეიწყალოს. მას ბოლომდე „ნაცობა“ „შეეტენება“, „ქართულ ოცნებას“ კი საარჩევნოდ ბუა ეყოლება და მიშას გათავისუფლებაც არ დაჰბრალდება.

კონსტიტუციის დარღვევა არასერიოზულია, საკუთარი თავით დაიწყონ, რაც საგამოძიებო კომისიაზე გააკეთეს. უნდა დაამტკიცონ, რომ პრეზიდენტის ქმედებები პროცესს აზიანებდა და ამის დამტკიცება შეუძლებელია. ეს „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის შეთანხმებას არ ჰგავს, ეს არის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სტრატეგია. მიშა ციხეში ზის და საფრთხეს საერთოდ არ წარმოადგენს, მისი სახელით სოფო ჯაფარიძე დადის და ხალხს ეხუტება, რაც არ შეიძლება, პრობლემა იყოს.

„ქართულ ოცნებას“ მეტი დაძაბულობა სჭირდება. მიშაა, ვინც შეიძლება ხელისუფლების ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინოს და მას თავად ვერ გამოუშვებენ, თავისივე მხარდამჭერები შეჭამენ და ეს გზა მოიფიქრეს. თუ პრეზიდენტი მართლა აპირებს, სერიოზულ დაპირისპირებაში შევიდეს, მას შეუძლია, „ქართულ ოცნებას“ ცხოვრება გაურთულოს – შეწყალებები დაიწყოს და ვეტოები დაადოს კანონპროექტებს. პრეზიდენტი რომ ვიყო, „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად დავაზიანებდი და ვნახავდი, ოპოზიცია იმპიჩმენტს როგორ დაუჭერდა მხარს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება „ლელოს“ შეფასებას, პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ „ოცნებამ“ პრორუსული გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით. პარტია მოუწოდებს ყველას, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას არ შევიდეს არანაირ განხილვაში ხელისუფლებასთან.

„შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდი ვერ ახორციელებს რეალურ პოლიტიკურ პროცესებს და ამისთვის ქმნის სრულიად გაუგებარ და გაუგონარ პოლიტიკურ მაქინაციებს. ჩვენთვის ცხადია ის, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პრორუსული გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფება ევროპის დედაქალაქებში იმისთვის, რომ აწარმოოს მოლაპარაკება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამის პარალელურად საქართველოს ხელისუფალი ქართული ოცნების სახით,რომელიც ემსახურება ყოველდღიურად რუსეთის ინტერესებს იწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს პარლამენტის გავლით.

ეს იქნება იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება და წარმოუდგენელია რომ მისი ფინალამდე მიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს. მოვუწოდებთ მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, არ შევიდეს არანაირ განხილვაში ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს იქნება გამყოფი წითელი ხაზი „ქართული ოცნების“ პრორუსულ პოლიტიკასა და პროდასავლურ ნაბიჯებს შორის“, – განაცხადა კუპრაძემ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მმართველი გუნდის განცხადებას ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძეც და ამბობს, რომ ყოველთვის, როდესაც მინიმალური პოზიტიური შანსი ჩნდება, რომ საქართველომ შეიძლება კანდიდატის სტატუსი მიიღოს, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ პროცესის საბოტაჟი მოახდინოს.

„ამას ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს, მხოლოდ ის, რომ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი მოახდინოს. ასევე, გადაფაროს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ქვეყანაშია და საქართველოს მოქალაქეს აწუხებს.

ასევე, სხვა სოციალური ეკონომიკური საკითხებიც გადაფაროს, მათ შორის შოვის ტრაგედია და პარლამენტში გვაყურებინოს სპექტაკლს, რომელიც დაკავშირებული იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან“, – აღნიშნა წითლიძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. როგორც გახარია საკუთარ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს.

„ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე რამეს ნიშნავს. პირველი, ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.

მეორე, ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს. გარდა ამისა, მინდა თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, ვინც დარჩა ჯერ კიდევ „ოცნებაში“, მინდა მათ ვკითხო, როგორ ფიქრობთ, 2012 წელს გამარჯვების შემდგომ, რატომ არავის მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის დაყენება და დღეს რატომ აყენებს ვიღაც საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად დიდი წვლილი გვაქვს მიღებული?“, – აცხადებს გახარია.

ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, იმპიჩმენტის პროცედურას შინაარსობრივი მხარე არ აქვს და მას უფრო პოლიტიკური პროცესის განზომილება აქვს. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ ახლა ამ იმპიჩმენტის პროცესზე უარს იტყოდა, ეს შეიძლებოდა აღქმულიყო როგორც სისუსტის გამოვლინება და ამ შიშმა ისინი აიძულა, წასულიყვნენ იმპიჩმენტზე.

ხუხაშვილმა „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს, „პოლიტიკური ვირეშმაკობა“ უწოდა.

„მე დარწმუნებული ვიყავი, რომ „ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა – მათი მხრიდან იყო მუქარა, რასაც პრეზიდენტი არ შეეგუა და გამომდინარე იქიდან, რომ „ქართლი ოცნების“ მთავარი შიში არის სისუსტის გამოვლინება, ფაქტობრივად, თვითონ ჩაიგდეს თავი ისეთ მდგომარეობაში ამ მუქარის შემდეგ, რომ მოუწიათ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა.

კობახიძემ თქვა, რომ ან ქულების დაწერა უნდა პრეზიდენტსო, ან საბოტაჟი უნდაო.

„კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სალომე ზურაბიშვილს სურს, ქულები თავად დაიწეროს“ – ირაკლი კობახიძე

ფაქტობრივად, მან გააკეთა ვირეშმაკული პოლიტიკური განცხადება, რომ თუ სტატუსი მივიღეთო, სალომე ზურაბიშვილი უბრალოდ ქულებს იწერს და მეტი არაფერი აინტერესებსო და თუ სტატუსი ვერ მივიღეთო, ეს სალომე ზურაბიშვილის ბრალი იქნებაო. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური ვირეშმაკული თამაში და არანაირი კავშირი ამას სახელმწიფო ინტერესთან არ აქვს.

თვითონ კობახიძის დღევანდელი განცხადება არის უკვე სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენება და იმის დადასტურება, რომ მათი ინტერესია მხოლოდ ის, რომ საკუთარ ტყავზე, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესზე იზრუნონ და არ უნდათ სხვისი გაკეთებული თუნდაც სასარგებლო საქმე, რომ ვიღაცამ ქულები არ დაიწეროს. ამ პრიზმაში უყურებენ სამყაროს და ეს არის ამ ქვეყნის უბედურება“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ისრაელსა და არაბთა საამიროებში ვიზიტებზე – მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g