“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის “გადაცემა” ან “გათავისუფლება გამორიცხულია”.
კობახიძის განცხადებით, ვინც ამას ითხოვს, მათი მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა, ხელისუფლება კი ასეთ განცხადებებს არ აჰყვება:
“გადაცემა, გათავისუფლება გამორიცხულია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუკი ვინმე მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას ან სადმე გადაცემას, ყველას ამოძრავებს ერთი მიზანი, ეს საქართველოს ომში ჩართვაა. ასეთ განცხადებებს ჩვენ არ ავყვებით.
მარტივად გვაქვს აქ საქმე, მას შეუძლია, მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას. კეთილი ინებოს, მიიღოს და დამთავრდება ყველაფერი.
ვერ იღებს ან არ იღებს, რას ჰქვია თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. არ აქვს ეს გამოცხადებული. რაც შეეხება იმას, რომ ვერ იღებს, მე არ ვიცი, რატომ ვერ უნდა ჭამდე კვერცხს ან ხაჭოს ადამიანი? ეს არ ვიცი და ამ დეტალებში ვერ შევალ. რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და არ ჭამდე ხაჭოს, ამ დეტალებში მე ვერ შევალ. ჭამოს კვერცხი და ხაჭო და დამთავრდება პრობლემა.
მე მგონი, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რაღაც განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ. ეს ხუმრობით. ეს შეიძლება, იყოს მარტივი, წინასწარ განსაზღვრული გეგმა. შეიძლება, ზუსტად იმიტომ არ იღებდა ცილას, რომ მერე ეს დიაგნოზი დაგისვან. ასეთ რაღაცებში ჩვენ ვერ შევალთ”, – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ,მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, ადვოკატები და ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილის ინფორმაციით, სასამართლო პენიტენციურ სამსახურს დღეს ოფიციალური წერილით მიმართავს, რომლითაც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და უკვე გატარებულ ღონისძიებებზე დამატებით ინფორმაციას გამოითხოვს.