„თუ ერთი ჰყავს სააკაშვილის დედას ნაქირავები, რომელიც თავისი შვილის გადარჩენას ცდილობს, საქართველოს გადასარჩენად ივანიშვილს მივმართავ, 10 რატომ არ იქირავეთ?,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე გამოხმაურებების საპასუხოდ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძის თქმით, „მავნებლობაა იმის გამოცხადება, რომ 600-კაციანი მხარდაჭერით მიღებული რეზოლუცია თურმე სააკაშვილის ოჯახის კორუფციის შედეგია“.
„ბიძინა ივანიშვილს მილიონი დაელია? თუ 75 ათასად შესაძლებელია ამის გაკეთება, იქირაონ, ბატონო, 3 კომპანია. „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, თუ უკრაინელები ომს გვაძალებენ, პოლონელებს შეთქმულება აქვთ ხელისუფლების წინააღმდეგ, აზერბაიჯანი ტერიტორიას გვართმევს, ევროპარლამენტი ჩვენი მტერია, ნეიტრალური შვეიცარია ივანიშვილს ფულს არ აძლევს, მეგობარი ვინ არის? – რუსეთი.
გაიაშვილი პირდაპირ დაფრინავს რუსულ ჭაობში და ეს ყოფილა „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ტაში უნდა ვუკრათ ამაზე თურმე ღარიბაშვილს, რუსულ ჭაობში რომ თავით მიგვართმევს და სამი ვადით კი არ უნდა ავირჩიოთ, მეოთხეა თურმე კიდევ საჭირო, რადგან ბოლომდე ვერ შეგვათრიეს.
ასეთ შემთხვევაში ალბათ, ამერიკის ვიზა უნდა ავიღოთ და გავიქცეთ. მე დიდი წარმოდგენის ვარ საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოს დამონება ასე ადვილი რომ ყოფილიყო, ამას შეძლებდნენ მურვან ყრუ, შაჰ აბასი და ა.შ. მაგრამ ვერავინ შეძლო. ვიზასთან დაკავშირებით ვიხუმრე, რა თქმა უნდა, საქართველოს “ქართულ ოცნებას“ არ დავუტოვებთ“, – ამბობს პაატა მანჯგალაძე.