LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნატო აღარ იქნება ის, რაც ომამდე იყო.. ახლა, ჩვენ გვჭირდება თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა, ჩვენი ჯარი ნატოს სტანდარტების შესაბამისია“ – ვართ თუ არა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე და რას (შე) ცვლის ნატოს გაფართოება?

402
BeFunky-collage (19)

ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ნაბიჯია, მითი იმის შესახებ, რომ ნატო იშლება, დასრულებულია, – ასე აფასებს  ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველი და საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე რუსეთის უკრაინაში ომის ფონზე, შვედეთისა და ფინეთის მიერთებას ნატოსთან.

როგორც ვახტანგ კაპანაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ აღნიშნა, მისი შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით ნატომ კიდევ ერთხელ აჩვენა ერთიანობა, განსაკუთრებით თურქეთის თანხმობის შემდეგ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური დარტყმაა რუსეთისთვის.

„დარწმუნებული ვარ, ნატო ის აღარ იქნება, როგორიც იყო ამ კონფლიქტამდე, ომამდე. ნამდვილად იცვლის სახეს. გახდა უფრო აქტიური, მოქნილი, უფრო ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების საკითხებში. მნიშვნელოვანი იყო ის საკითხი, რომ რუსეთი, როგორც საფრთხე ღიად იქნა აღიარებული.

NATO-ს დეკლარაცია: რუსეთი არის პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის, ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

ის კონცეფცია, რომელიც შემუშავებულია მიმართული იქნება რუსეთის აგრესიული პოტენციალის შემცირებისკენ. ის, რაც ეხება გაფართოებას, ძალიან დიდი დარტყმაა რუსეთისთვის, ვინაიდან ფინეთისა და შვედეთის გაერთიანება ნატოს აძლევს საშუალებას შევიდეს ფაქტობრივად, არქტიკაში, რომელსაც ადრე მხოლოდ ნორვეგიის საშუალებით ახორციელებდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მურმანსკი (ქალაქი რუსეთის ფედერაციაში), რომელიც მდებარეობს ამ მიმართულებაზე იყო ერთ-ერთი მთავარი ბირთვული პოტენციალის მქონე რაიონი, მნიშვნელოვანია ფინეთის, თუნდაც შვედეთის მიახლოება რუსეთთან.

პუტინი: რუსეთი ფინეთისა და შვედეთისგან შესაძლო საფრთხეებს „სარკისებურად უპასუხებს“

კი თქვა პუტინმა, რომ სარკისებურად იმოქმედებს, მაგრამ ეს სარკისებური მოქმედება გულისხმობს ძალების გადაჯგუფებას, ახალი დაჯგუფებების შექმნას, გადაიარაღებას, იარაღის შეტანას და ა.შ. ასე რომ ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ნაბიჯია, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

 

„კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი პუტინის აგრესიის წინააღმდეგ“ – ზრდის თუ არა ესკალაციას შვედეთისა და ფინეთის მიერთება ნატოსთან?

 

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, NATO-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციის ტექსტში ხაზგასმულია, რომ რუსეთი ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ვინაიდან, უკვე განსაზღვრულია კონკრეტული საფრთხე, მის გასანეიტრალებლად კონკრეტული ნაბიჯებიც იქნება გადადგმული. თუმცა, ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველი და საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ნატო-ს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯები ესკალაციას არ გაზრდის.

„ჩათვალეთ, რომ ეს დოკუმენტი არის ჩარჩო, რომლის შიგნითაც იქნება უამრავი გეგმა შემუშავებული და მცდელობა იქნება ამ სცენარის განხორციელების.

რაც შეეხება შეკითხვას, გაზრდის თუ არა ესკალაციას ნატოს მხრიდან მსგავსი ნაბიჯები, მიმაჩნია, რომ ერთადერთი ფაქტორი, რომელსაც რუსეთი ერიდება, ეს არის მის წინააღმდეგ ნაჩვენები ძალა. ფაქტია, რომ რუსეთისთვის ნებისმიერი სისუსტე იწვევს აგრესიის აკუმულირებას. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ნატოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯები ნამდვილად არ გაზრდის ესკალაციას, პირიქით, იმოქმედებს როგორც კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი რუსული აგრესიული არქეტიპის წინააღმდეგ“, – თქვა ვახტანგ კაპანაძე.

 

„ეს არ ნიშნავს რუსეთის დაშლას, ნიშნავს რუსეთის დამარცხებას უკრაინაში“ – რა გარდატეხას მოახდენს ნატოს გაფართოება

 

რუსეთი სტრატეგიული თვალთახედვიდან უკვე დამარცხებულია, უკრაინა კი [სტრატეგიული თვალთახედვიდან] გამარჯვებული, – ამბობს ვახტანგ კაპანაძე და დასძენს, რომ ახლა რუსეთი მზად არ არის რაიმე დამატებითი კონფრონტაციისთვის.

„ამ შემთხვევაში მას არც შესაძლებლობა და არც ძალა გააჩნია. რუსეთის პოზიციაში ევროკავშირის მიმართ იგრძნობა რაღაც იგნორირება, ნატოს მიმართ შეშფოთება. არც ერთი და არც მეორე მას გულზე არ ეხატება, მაგრამ მას შიდა მომხმარებლებისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ მისთვის ეს მთლად არ არის მისაღები.

ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ამიტომ ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო

ქვეყანა, რომელიც დღემდე აწარმოებს ომს უკრაინაში, რომელმაც დაკარგა ამდენი პირადი შემადგენლობა, ტექნიკა და საუბარია მხოლოდ სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის მიმართულებაზე, თუნდაც მთელი დონბასი რომც დაიკავოს რუსეთმა ეს მისი გამარჯვება არ იქნება. ჩვენ კარგად გვახსოვს საბჭოთა კავშირის და ფინეთის ომი, როდესაც ფინეთმა დაკარგა კარელია, მაგრამ ამ ომში გამარჯვებულად არავინ მიიჩნევს საბჭოთა კავშირს.

რუსეთი სტრატეგიული თვალთახედვიდან უკვე დამარცხებულია, უკრაინა კი [სტრატეგიული თვალთახედვიდან] გამარჯვებული. ეს არ ნიშნავს რუსეთის დაშლას, ნიშნავს რუსეთის დამარცხებას უკრაინაში. აი, ამაზეა საუბარი“,- ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

ვლადიმირ პუტინი ახალ დაძაბულობას არ გამორიცხავს, ნატოს გაფართოების შემთხვევაში

ვდგავართ თუ არა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე?

 

ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ახლა ნატომ და ცივილიზებულმა მსოფლიომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეძლოს შეაჩეროს ომი. საუბარია რუსეთს დამარცხებაზე უკრაინაში.

„რაც შეეხება მესამე მსოფლიო ომს, რაც გაჟღერდა უკრაინული მხარის მხრიდან, მესმის და გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკური მიმართვა და გზავნილი, რათა იმოქმედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებაზე და მათ სენსიტივებზე იმუშაოს ამ მიმართვამ.

“მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო.. ნუ შეგეშინდებათ” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატოს მიმართავს

ცნებებით რომ მივუდგეთ, მაშინ საბჭოთა კავშირი ეხმარებოდა არაბულ ქვეყნებს და გაცილებით ძლიერ, ვიდრე ახლა ეხმარება ნატო უკრაინას”, აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

სად არის საქართველო?

 

მადრიდის სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს, მათ შორის: NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია – 2030, სამიტის კომუნიკე და „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“.

„გადავწყვიტეთ, ახალი ზომები მივიღოთ, რათა პარტნიორების პრაქტიკული მხარდაჭერა გავაძლიეროთ“ – რა წერია NATO-ს დეკლარაციაში, რომელშიც საქართველოა ნახსენები

ოფიციალური ცნობის თანახმად, „სამივე დოკუმენტი შეიცავს საქართველოსთვის კრიტიკულ ყველა საკითხს. კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, აღნიშნულია NATO-ს ღია კარის პოლიტიკა, საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი და დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს თემატიკა დეტალურად არის ასახული NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რაც ალიანსისთვის მომდევნო ათი წლის განმავლობაში სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.

 ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველი და საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის შეფასებით, „საქართველოსთვის პოზიტიური იყო გზავნილები, რომელიც მიღებულ იქნა“.

ვერ ვიტყვი, რომ ეს არაორდინარული და გარდამტეხი იყო, მაგრამ ეს იყო იმის დადასტურება კიდევ ერთხელ, რომ ნატოს კარი ღია არის და საქართველომ უნდა განაგრძოს სწრაფვა ნატოსკენ, რაც გულისხმობს გარდაქმნებს, მოდერნიზაციას, ტრანსფორმაციას და ა.შ.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად, ნატოს სტანდარტების შესაბამისია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვითარება იცვლება.

ნატო არ იქნება ის, რაც იყო წინა დღეებში. ნატო იქნება გაცილებით აქტიური და ამავდროულად, საქართველოდანაც უნდა იყოს შემხვედრი აქტიურობა ნატოს მიმართულებით.

უპირველეს ყოვლისა, ახლა ჩვენ გვჭირდება თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა და გაძლიერება. ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში ნატოს უფრო მეტი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.