LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ცისკარიშვილი ბევრ შვილზე ოცნებობს: „ოტია კომპლიმენტებით არ გამოირჩევა, ძირითადად, სათქმელს საქმით მაჩვენებს…“

1969
ნუცა ცისკარიშვილი

ნუცა ცისკარიშვილი ოტია იოსელიანის დიდი ოჯახის წევრია. ის შესანიშნავი ქართველი მწერლის შვილიშვილის მეუღლეა.

ახლახან წყვილს, დიდხნიანი მოლოდინის შემდეგ, ნანატრი შვილი შეეძინა, რომელსაც დაჩი დაარქვეს.

„ოტიას ეზოში“ მთელი ოჯახი ერთად საქმიანობს, ნუცას კი თავისი ვიდეობლოგები აქვს სოციალურ ქსელში და საზოგადოების დიდ სიმპათიას იმსახურებს.

ნუცა ცისკარიშვილი fortuna.ge-ს საკუთარ ძალიან საინტერესო ცხოვრებაზე ესაუბრება.

ბლოგი, ბავშვის მოვლა და საოჯახო ბიზნესი, ამ ყველაფერს ერთად როგორ უმკლავდებით?

ნუცა ცისკარიშვილი:

ყველაფერი ბევრად მარტივია, როცა ოჯახთან ერთად აკეთებ, ერთმანეთს ვუდგავართ მხარში. ბავშვის მოვლაშიც მეხმარებიან მეუღლე და დედამთილ-მამამთილი და სხვა საქმეებშიც, სტუმრების დახვედრა იქნება ეს თუ სხვა საქმიანობა, ყველაფერს ერთად ვუმკლავდებით.

პატარა დაჩი როგორი ბიჭია?

საყვედური არ მეთქმის ბავშვთან დაკავშირებით. თვალი არ ეცეს, რამდენჯერაც ვთქვი, კარგად სძინავს ან არ ტირის-მეთქი, მთელი ღამე ტიროდა და გამათენებინა (იღიმის). მთლიანობაში კარგი ზნის ბავშვია.

თქვენი ბლოგები – „ოტიას ეზო“ და „ნუცას დღიური“ ძალიან პოპულარული სოციალურ ქსელში. როგორ მიხვდით, რა აინტერესებდა მაყურებელს?

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს საქმე ძალიან მიყვარს – ვიდეოების გადაღებასა და მონტაჟს ვგულისხმობ. ბავშვობიდან ჩემი საყვარელი სფეროა. მერვე კლასში რომ ვიყავი, ჩემმა ძმამ ფოტოაპარატი მაჩუქა. ჩემი კლასელები სულ იმას ამბობდნენ, დაიწყო ცისკარიშვილმა ისევო. ბავშვობიდან მოყოლებული, ყველაფერი მაქვს აღბეჭდილი. ამის მიუხედავად, თავიდან ინტერნეტში ჩემი ცხოვრების გამომზეურებას გავურბოდი. პანდემიის შემდეგ, როცა ოტიას ეზოში ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა, მივხვდი, რომ ბევრ საინტერესო საქმეს ვაკეთებდით და ამ ყველაფრის სხვებისთვის გაზიარება მომინდა. „ოტიას ეზოს“ თავიდან 3000 გამომწერი ჰყავდა, რაც ვიდეოების დადება დავიწყე, სწრაფადვე ავიდა 10 000-მდე, ახლა კი უკვე 70 000 გამომწერი მყავს.

ოტიას ეზო სპეციფიკური სივრცეა და ამ ფეისბუქ-გვერდზე ვერ დავდებდი ისეთ ვიდეოებს, რომლებიც სცდება მის კონცეფციას, ადამიანები კი მწერდნენ, რომ ჩემი ყოველდღიური აინტერესებდათ, რის გამოც გადავწყვიტე სხვა გვერდის შექმნა. მას დავარქვი „ნუცას დღიური“. დღიური ისეთი რამეა, სადაც ყველაფრის ჩაწერა შეგიძლია. ასეთივეა ჩემი ბლოგიც. რა თქმა უნდა, პირადი დეტალების ჩვენება არც აქ მიყვარს, მაგრამ „ნუცას დღიური“ სრულ თავისუფლებას მაძლევს, რაც მინდა, როგორც მინდა, ის დავდო და გავაზიარო. ეს არ არის ძალდატანებითი სამსახურებრივი საქმიანობა. ეს არის საყვარელი საქმე და ჩემი ცხოვრება. ისედაც ყოველთვის ვიღებდი ფოტო და ვიდეომასალას, ბარემ ვაზიარებ კიდეც.  ჩემი გამომწერები ამ გვერდით იმედგაცრუებულები არ არიან.

თქვენს მეუღლეს, ოტია იოსელიანს როგორ მოსწონს თქვენი გადაღებული ვიდეოები? კომპლიმენტებს ან შენიშვნებს თუ გეუბნებათ?

ოტია კომპლიმენტებით არასდროს გამოირჩევა. შეფარვით თუ მეუბნება ხოლმე რაღაცას. სიტყვების ნაცვლად, ძირითადად, საქმით გამოხატავს. მეც ასე მირჩევნია. ოტიას ვიდეოები ხან მოსწონს, ხან არ მოსწონს, ხან მეკამათება, ხან მთხოვს, მოდი, ეს არ გადაიღოო. ხან არ მაქცევს ყურადღებას, ვითომ საერთოდ არ იცის, რომ ვიღებ. ძირითადად, არ მოსწონს (იცინის). ურჩევნია, ჩვენი სივრცე დარჩეს ჩვენად. ვცდილობ, ამ საქმიანობით ჩემი ოჯახის წევრები არ გავაღიზიანო.

როცა ბლოგერებს ბავშვები ჰყავთ, უფრო აქტიურად უდგებიან გადაღებას. მე კი ვცდილობ, დაჩის სივრცეში ძალიან ღრმად არ შევიჭრა. დაჩი ამქვეყნად დიდი მოლოდინის შემდეგ არის მოვლენილი და არ მინდა, მოწონებების, გამოხმაურებებისა და პოპულარობისთვის გამოვიყენო. ბლოგში მხოლოდ ჩემი შვილის გადმოსახედიდან ხვდება.

აღნიშნეთ, რომ მეუღლეს არ უყვარს კომპლიმენტები და მხოლოდ საქმით გამოხატავს თქვენდამი დამოკიდებულებას. რას გულისხმობთ ამაში?

ოტია ჩვენი გაცნობის პირველივე დღიდან ყოველთვის მეუბნება, რომ არ უყვარს დაპირებები და ზედმეტი ლაპარაკი. სიტყვაძუნწია. უცნობი ადამიანებისთვის უხეშ და პირქუშ ადამიანად წარმოჩნდება. რეალურად კი ასე არ არის, პირველი შთაბეჭდილება არასდროს მართლდება. საყვარელი და თბილი ადამიანია. ხომ არიან ადამიანები, ვინც ბევრ კომპლიმენტს უკეთებს მეუღლეს, ოტია ამას არ აკეთებს. სამაგიეროდ, ცდილობს, ყველა ჩემი სურვილი გაითვალისწინოს. ვგრძნობ, რომ მისთვის მთავარი ადამიანი ვარ. ალბათ, მეუღლეებს შორის ეს დამოკიდებულება უფრო დასაფასებელია, ვიდრე მხოლოდ სიტყვიერი ურთიერთობა. თუ ორივე ერთადაა, ამაშიც არაფერია ცუდი, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგება საქმე, როგორც ოტია იქცევა, ასე მირჩევნია. ზოგჯერ ცალყბად მეტყვის ხოლმე რაღაცას, ცდილობს, კომპლიმენტი არ გამოუვიდეს, მაგრამ მაინც მე მაინც ამოვიცნობ ხოლმე (იცინის).

10 წლის შემდეგ როგორი წარმოგიდგენიათ ოტიას ეზო და თქვენი ოჯახი?

ჩემი სურვილია, რომ მაგ დროისთვის, სულ მცირე, ოთხი ბავშვი ან ხუთი გვყავდეს. იმედია, 10 წლის შემდეგ, ეს საქმიანობები, რაც დაწყებული გვაქვს, რაშიც დიდი შრომა და ფინანსები გვაქვს ჩადებული, თავისას იზამს და უკვე დაგვეტყობა. დავიწყებთ სიამოვნების მიღებას ჩვენი დიდხნიანი შრომისგან.ახლა შრომას დასასრული არ უჩანს. იმედი მაქვს, გვექნება დრო, რომ ვიმოგზაუროთ, შევირგოთ, ამხელა ფიზიკური შრომის გაწევა არ გვიწევდეს…  თითოეული ოჯახის წევრის თუ ჩვენი ახლობლების  ფიზიკური შრომით ხდება ეს ყველაფერი. ვისურვებდი, რომ ეს შრომა სხვა ადამიანებზეც განაწილდეს. რაც ჩაფიქრებული გვაქვს და საძირკველი ჩასხმული, ყველაფერი აშენებულიყოს. ამას დიდი ყოველდღიური შრომა სჭირდება.

ასევე, ჩვენი დიდი სურვილია, რომ ოტია იოსელიანის შემოქმედება უფრო მეტად ახლობელი და ნაცნობი იყოს საზოგადოებისთვის და ეს დიდი იდეაა. ჩვენ ახლა ვაქტიურობთ თავის გადასარჩენად და დასამკვიდრებლად, რადგან ჩვენი მუზეუმი კერძოა და ვცდილობთ, გავალამაზოთ და გავამდიდროთ. საზოგადოებისთვის არ არის ნაცნობი, რას ვაკეთებთ მწერლის შემოქმედების გასაცოცხლებლად. რეალურად დღეს წიგნებს გაცოცხლება სჭირდება. დღეს წიგნი თაროზე შემოდებული კარგი ეგზემპლარია, ოდესღაც ადამიანები რომ კითხულობდნენ… ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი 10 წლის შემდეგ შეიცვლება.

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g