ნუცა ბუზალაძე მთელ მსოფლიოს უმტკიცებს, რომ ოცნებები მართლაც ხდება.
ქართველი მომღერალი, რომელიც მეგა შოუში American Idol წარმატებით მონაწილეობს, უკვე 12 საუკეთესო კონკურსანტს შორისაა.
ნუცამ ჰოლივუდში მოხვედრა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაისახა მიზნად, დიდი შრომის შედეგად კი, ის უკვე ჰოლივუდშია და შეიძლება ითქვას, რომ მთელ ამერიკას აოცებს.
აღსანიშნავია, რომ ნუცა ერთადერთი უცხოელი კონკურსანტია, რომელიც American Idol-ში მონაწილეობს, თუმცა მან უკვე უკან ჩამოიტოვა, საკმაოდ ძლიერი ამერიკელი მონაწილეები.
მოდით გავიხსენოთ რა გზა გაიარა ნუცამ იქამდე, ვიდრე 12 კონკურსანტს შორის მოხვდებოდა.
ნუცათი ჟიური ჯერ კიდევ მაშინ აღფრთოვანდა, როცა ქართველი მომღერალი კეტი პერის, ლეიონელ რიჩისა და ლუკ ბრიანის წინაშე პირველად წარდგა და ოქროს ბილეთი მოიპოვა.
„ჯეი-ლო საქართველოდან“ – ასე შეაფასა მაშინ ჟიურიმ ნუცას გამოსვლა.
ნუცას მეორე გამოსვლა კი იმდენად ემოციური იყო, რომ ჟიურის სამივე წევრი მას ფეხზე წამოუდგა.
ნუცამ „I Surrender!“ შეასრულა და ჟიური კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.
American Idol-ი წერს, რომ ნუცამ როგორც ჟიური, ისე დარბაზი, შოკში ჩააგდო.
ვიდეო: ნუცა ბუზალაძის მორიგი გამოსვლა American Idol-ში, სადაც მას ჟიური ფეხზე წამოუდგა
შოუს მომდევნო რაუნდში ნუცა უკვე დუეტში წარდგა, სადაც ამერიკელ პარტნიორთან ერთად შეასრულა სიმღერა.
დუეტების ტურში გარკვეული უთანხმოება მოხდა. კარინამ, რომელმაც ნუცასთან ერთად იმღერა, ქართველი მომღერლის შესახებ აუდიტორიის წინაშე განაცხადა, რომ ტურისთვის სათანადოდ ვერ მოემზადა, რადგან ნუცამ რეპეტიციას ძილი არჩია.
ნუცამ მას ჟიურის და დარბაზის წინაშე არაფერი უთხრა, თუმცა მოგვიანებით მან აღიარა, რომ მსგავსი ფაქტი მის ცხოვრებაში არასდროს მომხდარა და ძალიან ინერვიულა.
მოგვიანებით, ნუცამ ჟიურის გაუგებრობის გამო მოუბოდიშა კიდეც, რასაც კეტი პერის მხრიდან ჩახუტება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში მომდევნო ტურში არა ამერიკელი გოგონა, არამედ ნუცა გადაიყვანეს.
ვიდეო: ნუცა ბუზალაძე ჟიურის წინაშე დუეტში წარდგა – ნახეთ ნუცას შესანიშნავი პერფორმანსი
https://www.youtube.com/watch?v=YGRrOfSLBJU&ab_channel=AmericanIdol
მომდევნო ტურში კი შეიძლება ითქვას, რომ ნუცამ სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო.
ნუცამ ცნობილი ჰიტი „Proud Mary“ შეასრულა და სიმღერასთან ერთად აუდიტორიას შესანიშნავი პერფორმანსი შესთავაზა.
ამჯერადაც, ნუცას ჟიური და დარბაზი ფეხზე წამოუდგა.
არანაკლებ ცეცხლოვანი იყო ნუცას მომდევნო გამოსვლა American Idol-ის სცენაზე.
„რა შოუა!“ – ამ წარწერით გამოაქვეყნა მეგა შოუმ ნუცას გამოსვლა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტურში ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა კეტი პერიმ ნუცას შენიშვნა მისცა. კეტიმ ნუცას უთხრა, რომ ნაკლებად ჩაეცვა ბრჭყვიალა სამოსი და ყოფილიყო ისეთი ნუცა, რას სინამდვილეშია.
შოუს მომდევნო ტურში, ნუცამ კეტი პერის შენიშვნა გაითვალისწინა და საკუთარი ვოკალური მონაცემები სრულად გამოავლინა.
ნუცამ ცნობილი ჰიტი „Un-Break My Heart“ შეასრულა და კვლავ დარბაზის უწყვეტი ოვაციები დაიმსახურა.
ნუცას გამოსვლა შეაფასა კეტიმ და აღნიშნა, რომ ქართველმა მომღერალმა შენიშვნა სწორად გაიგო.
და ბოლოს, ყველაზე ემოციური მაინც ნუცას ის გამოსვლა იყო, სადაც მას ჟიურიმ შესაძლებლობა მისცა მომდევნო ტურში გადასულიყო.
აღსანიშნავია, რომ ნუცას ხმების საჭირო რაოდენობა არ ეყო და კეტიმ, ლაიონელმა და ლუკმა გადაწყვიტეს, ქართველი მომღერლისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცათ.
შესაბამისად, ნუცა ბუზალაძე 12 საუკეთესო კონკურსანტს შორისაა და ფინალს სულ უფრო და უფრო უახლოვდება.
ვიდეო: რა თქვა ნუცა ბუზალაძემ, სანამ თავისი გამოსვლით „ამერიკის ვარსკვლავში“ მორიგ ფურორს მოახდენდა