LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილმა საკუთარი სახელობის წითელი პომადა გამოუშვა – „ყველა ნიუანსში კარგად გავერკვიე…“

2557
nuki243455467786

ნუკი კოშკელიშვილმა ქართველ ქალბატონებს დიდი სიახლე შესთავაზა. მან ბელარუსულ ქარხანასთან კონტრაქტი გააფორმა და გამოუშვა ახალი წითელი ფერის ტუჩსაცხი „ნუკის“ სახელწოდებით, რომლის შეკვეთაც „ინსტაგრამზე“ nuki_cosmetics-ის გვერდიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ.

ნუკი ამ თემაზე fortuna.ge-ს ესაუბრა.

ნუკი კოშკელიშვილი:

10 წლის წინ ერთ-ერთ გადაღებაზე ვიყავი, სადაც ჰქონდათ საოცარი სილამაზის ტუჩსაცხი. ჩამრჩა გულში. მას მერე ვცდილობდი მის შეძენას. ერთი პერიოდი იყიდებოდა საქართველოში, ძალიან ძვირი ღირდა, მერე – აღარ. ამერიკაშიც ვერ ვნახე, მხოლოდ ევროპაში თუ შეიძენდი და გარკვეული პერიოდის მერე იქაც გაქრა. მქონდა მხოლოდ ორი კოლოფი დარჩენილი და მას ვიყენებდი.

პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა, ხუმრობით ვთქვი, რა კარგია, რომ არსად წასასვლელი არ ვარ, პომადის წასმა არ დამჭირდება-მეთქი. დაიბადა იდეა, თავად ხომ არ მეპოვა ქარხანა, რომელიც შეძლებდა ასეთი ფერის გამოშვებას.

დავიწყე შესაბამისი ქარხნის ძებნა, მინდოდა, ეს ყოფილიყო არა ხელნაკეთი პომადა, არამედ ყველა სტანდარტის დაცვით გამოშვებული პროდუქტი, რომელსაც სიამაყით შევთავაზებდი ჩემს მეგობრებსა და მყიდველს.

ქარხნის ძებნის პროცესი დიდხანს გაგრძელდა. ვიპოვე ძალიან კარგი ქარხანა ბელარუსში, სადაც დავიწყეთ მუშაობა შესაბამისი ფერის შექმნაზე. დაახლოებით 10-12 ფერი გამოგვიგზავნეს და ყველა დავიწუნე. ბოლო ავირჩიე ფერი, რომელიც იყო, მე რაც მქონდა, იმის იდენტური. გავერკვიე კოსმეტიკის მზადების პროცესში, პარფიუმერიის პროდუქტების ნიუანსებში. ყველა სხვა დეტალთან ერთად, დატესტეს ალერგიაზე, კოლოფის არჩევაც გაგვიგრძელდა. პომადას რაც შეეხება, უკვე ბევრი რამ ვიცი. რაღაცები არასწორად გავაკეთეთ და თავიდან მოგვიწია შემდეგ მიბრუნებამ, მაგრამ საბოლოოდ, პომადამ ყველა ტესტი გაიარა.

სოციალურ ქსელში სულ მეკითხებოდნენ ამ პომადის შესახებ და ვერასდროს ვურჩევდი, რადგან აღარ იყიდებოდა. როდესაც დავამტკიცეთ ფერი და დაიწყო წარმოებაზე მუშაობა, ბოლო წლის განმავლობაში ყველგან ამ ტუჩსაცხს ვისვამდი განზრახ, რომ მენახა, თუ მომწერდა ვინმე, რა ლამაზი ფერია, რომელი ტუჩსაცხიაო. ამ დროს ვფიქრობდი, თუ მოგწონთ, მალე თქვენი იქნება-მეთქი.

მოკლედ, ბიზნესვუმენი გახდი…

ამ ახალ წამოწყებას შვილივით ვუყურებ… ახლა, როცა პროდუქტი ჩამოვიდა, ვარ სრულ გაუგებრობაში. მე და ბიზნესი ვართ ისე, როგორც ღორი და დიეტა. ყველაფერი ოფიციალურად მაქვს გაკეთებული, მაგრამ როგორ უნდა მიაწოდო პროდუქტი მომხმარებელს, მერე როგორ უნდა სთხოვო თავისი შთაბეჭდილების გაზიარება, ამას ვსწავლობ. მინდა, ყველას მოეწონოს და გამიზიაროს საკუთარი მოსაზრებები. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა, ვინც აქამდე იდეალური წითელი ფერის ტუჩსაცხს ეძებდა, მას სწორედ ამ პომადაში ნახავს.

ჯერჯერობით ლიმიტირებული პარტია მაქვს გამოშვებული და ვნახოთ. „ინსტაგრამის“ გვერდი შევქმენი ამ პომადისთვის და შესაკვეთად იქ შეუძლიათ მოწერა. თავად ვცემ პასუხს ყველას და მივაწვდი საქართველოს მასშტაბით ყველგან, თბილისსა თუ რეგიონებში.

ფიქრობ, რომ შეიძლება ბიზნესი გააფართოვო?

ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა, წითელი არა, მაგრამ ესა და ეს ფერი მინდაო. დავაკვირდები, რა ფერებზე იქნება კიდევ მოთხოვნა. ვნახოთ, როგორ გაიყიდება პირველი პარტია. ის ვერ გავთვალე, რომ პომადა იმდენად მდგრადია, ძალიან დიდხანს გაძლებს და მეორედ ყიდვა ორი წელი აღარ დასჭირდებათ (იღიმის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები