LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძე და სოფო მეძმარიაშვილი უკეთესი წლის მოლოდინში – „ახალ წელს კარგი განწყობით ვხვდებით!..“

2340
otonemsadze201221223

ოთო ნემსაძისა და სოფო მეძმარიაშვილის ოჯახში საახალწლოდ ყველაფერი მორთულია. სოფოს განსაკუთრებით უყვარს ახალი წელი და არც ოთო ჩამორჩება. ცოლ-ქმარმა თავის ძაღლთან ერთად გვიმასპინძლა შინ  ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.

ოთო, როგორი საახალწლო განწყობა გაქვს?

საახალწლო განწყობა სულ მაქვს. რატომ არ უნდა მქონდეს? სახლში მაქვს ნაძვის ხე, მექნება გოზინაყიც, კარგ ღვინოს დავაყენებ. ახალი წელი მოდის. ახლა უფრო უნდა გვქონდეს კარგი განწყობა, რადგან ყველასთვის ცუდი წელი იყო და ის უნდა გავაცილოთ. ალბათ, პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს იყო, ალბათ, ასეთი განწყობა და ახლა უიარაღო ომის შემდეგ ვხვდებით ახალ წელს. იმედი მაქვს, რომ კარგი წელიწადი გვექნება.

საახალწლო კონცერტში მონაწილეობ?

არავის დაურეკავს ჩემთვის და ამდენი ხნის განმავლობაში არც არავის მოუქცევია ყურადღება.

როგორია შენთვის ეს პერიოდი, როგორც მომღერლისთვის?

ძალიან მძიმე. ეს წელიწადი უნდა ყოფილიყო ჩემი ახალი ალბომის გამოშვების წელი, მაგრამ სამწუხაროდ,  ვერ ვახერხებ ვერც ვიდეორგოლების გადაღებას, ვერც კონცერტების გამართვას. ზუსტად იმ ასაკში ვარ, როცა ყველაზე აქტიური უნდა ვიყო და ვერაფერს ვშვრები. ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის. ამდენი წელი ვიწვალე, რომ აქამდე მოვსულიყავი და ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, წელს არაფერი გამომდის არც მე და არც სხვას.

გესიზმრება, რომ მღერი?

კი, რამდენჯერ დამსიზმრებია. ისე მენატრება სიმღერა… ძალიან ცუდი შეგრძნებაა. მთელი ცხოვრება რომ აქტიურობ და უცებ სახლში დაჯდები, თავიდან ძალიან რთულია, მერე, ალბათ, ეჩვევი.

ახალი წლის ღამეს, ალბათ, ოჯახში ვიმღერებ. წინასწარ გავიტესტებით და ასე შევხვდებით ერთმანეთს საახალწლო სუფრაზე დიდი ოჯახი, არ მინდა, დედ-მამას რამე გადავდო.

როგორია თქვენი საახალწლო ტრადიციები?

სოფო:

ნაძვის ხეს სახლში აუცილებლად მე ვაწყობ. ეს სულ ასე იყო. სანამ ოთოს გავიცნობდი და მისი გაცნობის შემდეგაც. ჩემი ტრადიციაა, რომ აუცილებლად ვხვდები სახლში და მერე მივდივარ სხვაგან. წელს ეს ტრადიცია არ დაირღვევა, რადგან ჩემმა ნათესავებმა და მეგობრებმა, ყველამ მოიხადეს კორონა, ასე რომ, მათ აუცილებლად ვესტუმრები.

სახლს როგორ რთავთ?

მთელ სახლს ვრთავ, ნივთებსაც კი ვცვლი, მათ შორის ჭიქებსა და ჩაიდნებს, რომლებიც აუცილებლად საახალწლო უნდა იყოს. ასევე ვცვლი ტუალეტის ქაღალდს საპირფარეშოში, ფარდას, თეთრეულს.

სანტა კლაუსის ცოლი ხომ არ ხარ?

(იცინის) ჩემი სახლი პატარა ლაპლანდიას ემსგავსება. ნელ-ნელა ვამატებ საახალწლო ნივთებს. აივანი სულ განათებული მაქვს, საძინებლის ლოგინიც, ფარდებზეც მიკიდია განათება, კარადაზე ვასკოჩავ მთლიან ზოლზე ასევე განათებას, აბაზანასა და ტუალეტშიც განათებაა დამონტაჟებული.

ოთო რაში გეხმარება?

მე ვჭამ, ძირითადად, ხორცს. ნახევარ სუფრას დედაჩემი ამზადებს, ასევე ბებია გვეხმარება.

სოფო:

მე რა სუფრა უნდა გამეშალა, როდესაც ახალ წელს კონცერტი მიმყავდა, ოთო კი ცხრა რესტორანში მღეროდა. ახლა სერიოზული ცვლილებაა. ვაპირებ, ჩაქაფულიც გავაკეთო და საცივიც.

ოთო:

დიდი მადლობა პანდემიას, რომ წონაში მოვიმატე. ახლა მინდა, წონაში დავიკლო. დავიწყებ ვარჯიშს და ფორმაში ჩავდგები.

საახალწლოდ სურვილებს ჩაუთქვამთ ხოლმე?

არ მოგატყუებ, ასე ჩაფიქრება არ მახასიათებს 31 დეკემბერს, მაგრამ ახლა აუცილებლად ჩავიფიქრებ, რომ პანდემია მიბრძანდეს  და დაგვაცადოს ცხოვრება. ათასი კარგი იდეა გვაქვს და გეხვეწები, კორონა, გაგვანებე რა, თავი!..

სოფო:

მე 31 დეკემბერს ჩავუთქვამ ხოლმე საახალწლო სურვილს. შამპანურშიც კი ჩამიგდია ფურცელზე დაწერილი ოცნება, რომელსაც შემდეგ წვავ და დამილევია, მაგრამ არ მახსოვს, ამხდენია თუ არა ის სურვილი. ახალ წლის ღამეს დავხუჭავ ხოლმე თვალებს და ჩავიფიქრებ ყველასთვის უკეთეს ცხოვრებას, მარტო ჩემი თავისთვის არა. ჩემს ფიქრებში სულ არის ჩემი ქვეყანა და აფხაზეთი… მინდა, რომ დავიბრუნოთ და საახალწლოდ სულ ჩავუთქვამ ხოლმე. ჩემი ოცნებაა, მოვხვდე იმ კუთხეში და ჩემი ოცნებაა, ეს კუთხეც ძალიან ლამაზი გავხადოთ ქართველებმა. ოთოსთვისაც ბევრ სურვილს ჩავიფიქრებ ხოლმე.

საუკეთესო ახალი წელი რომელი იყო?

როცა ოთომ ლილუ მომიყვანა. ეს იყო საოცარი ახალი წელი. მე წასული ვიყავი ქალაქგარეთ, სადაც კონცერტი მიმყავდა, ოთოსაც თბილისში ჰქონდა კონცერტები. მე ცოტა გვიან ჩამოვედი, ოთო სახლში მელოდებოდა და დამხვდა საჩუქრით, პატარა ძაღლით, რომელიც ძალიან მინდოდა. ღმერთს და ოთოს ყოველდღე ვუხდი მადლობას ამისთვის!.. ლილუს აქვს თავისი კარადა, სადაც დევს მისი ზაფხულისა და ზამთრის ტანსაცმელი, შამპუნი, ბალზამი და სხვა თავის მოვლის საშუალებები. ასევე ვუყიდეთ საახალწლო ტანსაცმელიც.

ოთო:

ჩემთვისაც ეს იყო საუკეთესო ახალი წელი, როდესაც ლილუ ვაჩუქე სოფოს. ვფიქრობ, კიდევ ბევრი კარგი ახალი წელი გველოდება წინ!..

ფოტო: დათუნა აგასი

ინტერვიუ: ნინო მურღულია.

 

magti 5g