მოცეკვავე მზია ორველაშვილის ცხოვრებაში კარგი ახალი ამბების დროა. ის ახლახან სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა, თუმცა მხოლოდ ეს არ არის, მზიამ ცოტა ხნის წინ სამშენებლო კომპანიის დირექტორის პოსტი ჩაიბარა.
მზია ორველაშვილი:
სერიალში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ჩემმა დაქალმა მირჩია, ჩემი ფოტოები გამეგზავნა ქასთინგმენეჯერთან. გიორგი ბახუტაშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ცალკე ის მეუბნებოდა, წადი კასტინგზეო. მოკლედ, მეგობრების რჩევით, მართლა გავგზავნე ჩემი ფოტოები და კასტინგზე დამიბარეს. იქ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ცოტა ხნის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, ერთ-ერთ მთავარ როლზე ხარ დამტკიცებულიო. სიხარულისგან ყვირილი დავიწყე. ძალიან მიყვარს ეს სერიალი და ამ ზარმა უზომოდ დიდი ბედნიერება მომიტანა. რაც შეეხება როლს, ვფიქრობ, რომ კარგად მოვირგე. საინტერესო პერსონაჟია და მგონია, რომ მაყურებელი შეიყვარებს. მიხარია, რომ ამ სერიალით სხვა კუთხითაც გამიცნობენ. სინამდვილეში ჩემი პერსონაჟისნაირი საერთოდ არ ვარ, მაგრამ სერიალში მონაწილეობა ძალიან საინტერესო პროცესი ყოფილა.
კასტინგზე მისვლისას გჯეროდა, რომ აგიყვანდნენ?
მე ხომ არაფერში არ მიმართლებს? (იცინის) თითქოს, ვიღაცამ გამთვალა და რამეს რომ მოვკიდებ ხელს, ან საშუალოდ გამოვა, ან საერთოდ არ გამოვა. მე და ჩემი დაქალი-რძალი, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავით. გარეთ გავედით, სასოწარკვეთილები გულის გადასაყოლებლად. კასტინგიდან რამდენიმე დღე იყო გასული და ვიცოდი, რომ გადაღებები მალე უნდა დაწყებულიყო. ვეუბნებოდი, ხომ იცი ჩემი ბედის ამბავი, გამორიცხულია, არ დამირეკავენ-მეთქი და ზუსტად ამ დროს გაისმა ტელეფონზე ზარი. რომ მითხრეს, აგიყვანეთო, ისე გამიხარდა, ლამის ვიტირე (იცინის). აქამდე ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტზე – „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“, ვმუშაობდი. „ჩემი ცოლის დაქალებიც“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომელსაც ყველა უყურებს. ასე რომ, მეორე სერიოზულ პროექტშიც ჩავერთე.
მსახიობის ამპლუა პირველად მოირგე?
ერთ-ერთი სერიალის ორ სერიაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ეს ამბავიც სრულიად შემთხვევით მოხდა, მაგრამ ამას დიდ გამოცდილებას ვერ დავარქმევ. ძალიან მომწონს გუნდი, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მუშაობს და ვფიქრობ, რომ მათ გვერდით ბევრ რამეს ვისწავლი. ვერ ვიტყვი, რომ მსახიობი ვარ, მაგრამ ძალიან საინტერესო პროფესია ყოფილა და თურმე, ძალიან დიდ შრომას საჭიროებს. სტრესიც ბევრია და დიდი ადრენალინიც მოაქვს. თითქოს, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
არ ნერვიულობ?
პირველივე გადაღებაზე აღვნიშნე, რომ ძალიან ვნერვიულობ. შეჯიბრებებზე არ მქონია ასეთი განცდა, როგორიც გადაღებების დაწყებისას. ვნერვიულობდი, რამე ცუდად არ გამეკეთებინა, დაძაბული ვიყავი. არ მინდოდა, იმედი გამეცრუებინა იმ ადამიანებისთვის, ვინც მენდო. დღესაც ვნერვიულობ, ჩაწერებზე სულ ემოციებში ვარ.
ეს არ არის ერთადერთი ახალი ამბავი, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი გახდი.
კი, ასეა. მიწა ვიყიდეთ და სექტემბრიდან მშენებლობას ვიწყებთ. ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ამბობენ, სწავლა სიბერემდეო და მეც ვსწავლობ. ეს შემოთავაზება ძალიან ახლობელი ადამიანისგან მივიღე და დავთანხმდი.
მოცეკვავე მზია ორველაშვილი სამშენებლო კომპანიის დირექტორი გახდა: „ფინანსური ანალიზი ძალიან მიყვარს…“