ცნობილმა მეცო-სოპრანომ, თამარ ივერმა TV პირველის ეთერში, გადაცემაში “შუადღე LIVE” პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
როგორც ივერმა აღნიშნა, მის ცხოვრებაში იყო შემთხვევები, როცა ვიღაცას ურიგებდნენ, თუმცა მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.
“მეც მირიგებდნენ ვიღაცებს ერთი ორჯერ…
მაგრამ როცა ადამიანს შენი ინიციატივით არ იცნობ, ხარ ყოველთვის დაძაბული.
ის ადამიანიც ასეა… მერე იწყებოდა, აი არ მომეწონა, რაღაც ცოტა მანიაკალურია, ასე მიყურებდა, ფრჩხილის ფორმები არ მომეწონა, ფეხსაცმელი სადღაც ჭუჭყიანი ჰქონდა, პალტო ცუდად ჩამოკიდა… ასეთ რაღაცებს ვაქცევდი ყურადღებას…
ვერანაირად ვერ ამიყოლიეს, რომ ვიღაც გაერიგებინათ ჩემთვის, იმდენად მკაცრი ვიყავი,“ – აღნიშნა თამარ ივერმა.
ცნობილმა მეცო-სოპრანომ გადაცემაში ასევე გაიხსენა, თუ როგორ გაიცნო თავისი მეუღლე, რაულ ცხადაძე.
„არენა დი ვერონაზე ვმღეროდი, 2010 წელი იყო. ის ადამიანი, ვინც დაპატიჟებული იყო და უნდა ჩამოსულიყო ვერ ჩამოვიდა, ჩამოვიდა რაული, მისი მეგობარი იყო.
ჯერ სახელი არ მომეწონა…
თავიდან რომ დავინახე, ბუნჩულა ლაბრადორის ლეკვივით იყო, ვიფიქრე, რა საყვარელი ბიჭია-მეთქი.
აურა მოდიოდა კარგი, პოზიტიური.
თავიდან არ მომეწონა მისი მანქანის სალონი და ვუთხარი.
ვუყურებდი ყველაფერს, ვუთხარი, რომ ეს წვეტიანი ფეხსაცმელები ცოტა არ იყოს არ გიხდება-მეთქი, ამ სიცხეში კოსტიუმი ვის აცვია-მეთქი.
პირველად შემხვდა ასეთი ადამიანი, ვინც აი უკვე 12 წელია იტანს ამ ყველაფერს.
ყველაზე მეტად რა თვისებაც მომეწონა იყო ის, რომ საოცრად მზრუნველია, რაც ქართველი მამაკაცებისგან ცოტა იშვიათია.
იტალიაში, ჩავსხდებოდით ტაქსიში, მძღოლს ეტყოდა, ეს მომღერალია კონდიციონერი გამორთე…
მე ვფიქრობდი, რომ ალბათ თამაშობს, ალბათ იცის, რომ ცნობილ მომღერალთან აქვს საქმე-მეთქი.
მაგრამ 12 წელია ერთად ვართ და ეს არის მისი ხასიათი,“ – აღნიშნა თამარ ივერმა.