LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან“ – შესაძლო მუქარის ფაქტზე, ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

100
Untitled design (2)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეხმიანება ტელეკომპანია „ფორმულას“ სიუჟეტს, რომელში გასული აუდიოჩანაწერიც ნაკრების ფეხბურთელების და ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო მუქარას უკავშირდება.

ფედერაციაში აცხადებენ, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ფედერაცია გამოძიებასთან ითანამშრომლებს:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. უპირველესად, გვინდა, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და აღვნიშნოთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესია, ვგმობთ და ვემიჯნებით ყველა სახის ძალადობას, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია.

მსგავს სიტუაციაში, თითოეული ადამიანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, დაუყოვნებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

ჩვენთვის თითოეული მოთამაშის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ ვაცნობეთ შესაბამის ორგანოს რეაგირებისთვის. ფეხბურთის ფედერაცია, თავის მხრივ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი გუნდის უსაფრთხოება, შევქმნათ მათთვის შესაბამისი გარემო და ხელი შევუწყოთ ეროვნული ნაკრების წარმატებას. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარეშე ფაქტორებმა ზეგავლენა არ მოახდინოს გუნდის ერთიანობასა და წარმატებაზე“, – აღნიშნულია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საუბარია „შაბათის ფორმულაში“ გასულ სიუჟეტზე, რომლის მიხედვითაც ნაკრების წევრებმა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები მიიღეს.

როგორც წყარო აღნიშნავს, მუქარის შემცველი გზავნილი ეკუთვნის ნოდარ ნიშნიანიძეს, რომელიც ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმაა და წლებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულია.

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ნიშნიანიძე უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველო-მაკედონიის მატჩთან დაკავშირებით, რა დროსაც ვაკო ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, ნოდარ ნიშნიანიძე აუდიოჩანაწერს ნაკრების მენეჯერს – ლადო დვალიშვილს უგზავნის:

„ხელოვნურად ხდება ეს შევიწროებები, ხომ იცი, არ ათამაშო, 55 000-იანი სტადიონი სავსე, მნიშვნელოვანი თამაში, ვაკოს არ ათამაშებს, ეძახის – ფორმაშია, რად უნდა მაგას „ბაზარი“, „იავნად“ იკითხება, რომ რაღაც ხელოვნურად მიდის, ეს კობი, ხიზანა, იაშკა, ალბათ შენც, თავის ტყუპებით, მონებით… როგორც ხდება, ის იმას ეტყვის, ეს ამას ეტყვის, ეს ბიჭი „იავნად“ რომ დაიჩაგრა, რად უნდა ბაზარი, ვაკოს თუ მანდ ძირითადში თამაში არ ეკუთვნოდა და იმ ხუთ კაცში არ ეკუთვნოდა შესვლა…

აზრი მრჩება, რომ ეს ყველაფერი ხდება შეგნებულად, ჩემს მისამართით, რომ ვითომ მე „გამიტეხონ“ და ყველა თითო აგურს ადებს, შეხედე, რატომ გეუბნები ამას, შენ მანდ სიტყვა გეთქმის…

დავათხელებ ამ ფედერაციას, თავის ფეხბურთელებით, იქამდე, სანამ ხვეწნას არ დაუწყებენ – მოდი ითამაშეო, მერე არ თქვან ეს ბიჭი გაბოროტდა და რას დაგვერიაო“, – ამბობს პირი აუდიოჩანაწერში.

ტელეკომპანია „ფორმულაში“ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა თავად ვაკო ყაზაიშვილმაც:

„პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.

ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს, ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს, იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში.
პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.

ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.

ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის, რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომის და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.

ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.

ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია, არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ, მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება“, – წერს ყაზაიშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით, მუქარის ფაქტზე დაიწყო.

ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდო მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები