LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთად უკეთესი გარემოსთვის!“ – გაიგეთ, რა გაკეთდა უკვე და რა კეთდება საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით

23
samyaro

ევროკავშირმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაიწყო კამპანია „მწვანე კვირეული“ – სლოგანით „ერთად უკეთესი გარემოსთვის!“ თუ რას გულისხმობს ეს კამპანია და რა აქტივობებია დაგეგმილი მის ფარგლებში – აღნიშნულ საკითხებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეული“, რომელიც 2 ივნისიდან 8 ივნისამდე ჩატარდება, ორიენტირებული იქნება ბავშვებზე, ახალგაზრდებსა და ფართო საზოგადოებაზე, ყურადღებას გაამახვილებს გარემოს მნიშვნელობაზე ჩვენთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ხაზს გაუსვამს იმ როლს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ასრულებს გარემოს დაცვაში. კამპანიის დროს წარმოდგენილი იქნება 52 რჩევა, რომელიც დაგვეხმარება გარემოს დაცვაში, ეკო-ფაქტები და ინფორმაცია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გარემოს დაცვის სფეროში გაწეული მხარდაჭერის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდება ტელევიზიისა და ინტერნეტის, კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდის მეშვეობით.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ამბობს, ყოველწლიურად, 5 ივნისი –  გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აერთიანებს ადამიანებს, საზოგადოებას და მთავრობებს, რომ მათ მიიღონ ზომები პლანეტის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. წელს მსოფლიო ერთიანდება ბუნების და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გარშემო.

„ჩვენი მოვალეობაა, გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას, მის უნიკალურ მრავალფეროვნებას და ყველა ცოცხალ ორგანიზმის კეთილდღეობას ჩვენი მომავალი თაობების მდგრადი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, ერთად ვიზრუნოთ ისეთი მომავლისთვის, რომელიც უფრო უკეთესი იქნება ადამინისთვის და პლანეტისთვის“, – აღნიშნა ალადაშვილმა.

მან გადაცემაში იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას გარემოს დაცვის კუთხით, ასევე თამარ ალადაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში უკვე განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც სწორედ გარემოს დაცვას ემსახურება და სამომავლო გეგმებიც დაანონსა.

თუ გაინტერესებთ, რა გაკეთდა და რა კეთდება საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით, მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები