აშშ-ში, ტეხასის შტატში, უიღბლო გამტაცებელმა დანაშაულის ადგილზე პოლიცია თავადვე გამოიძახა. ამის შესახებ KLTV წერს.
38 წლის ჯერემაი მეგალომ ავტომობილის გატაცება პირდაპირ ავტოსალონიდან გადაწყვიტა. სალონში შეღწევა მან ფანჯრიდან სცადა და ამისთვის მინას ქვა ესროლა.
დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მამაკაცი ნამსხვრევებით სერიოზულად დაზიანდა.
მეგალომ შიგნით შეღწევა შეძლო, თუმცა ჭრილობის გამო უკან ვეღარ გამოვიდა და ფაქტობრივად ხაფანგში აღმოჩნდა.
სხვა გზა რადგან ვერ ნახა, მამაკაცმა პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დამნაშავეს პირველადი დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. როგორც კი ის გამოჯანმრთელდა, დააპატიმრეს. ავტოსალონის წარმომადგენლის თქმით, ერთადერთი რისი მოპარვაც მეგალომ შეძლო ერთ-ერთი თანამშრომლის მაგიდიდან კანფეტები იყო.