მუსიკოსი გიგა კუხიანიძე ცოტა ხნის წინ მარჯვენა მხარის მოტეხილობით საავადმყოფოში შეიყვანეს. ორსაათიანმა ოპერაციამ კარგად ჩაიარა, რამდენიმე დღე სტანციონარში დატოვეს და შემდეგ სახლში გამოწერეს. სამწუხაროდ, ფაქტია, მისი სამუშაოდან გამომდინარე, დროებით მოუწევს შესვენების აღება, რაზეც ძალიან განიცდის და ნერვიულობს. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება.
– გიგა, როგორ მოიტეხე მხარი და ახლა როგორ გრძნობ თავს?
– რამ გამასულელა, არ ვიცი, ლუციფერი შემომაჯდა თავზე – სქროლზე დაჯექიო, მითხრა. დავჯექი და ამოვტრიალდი. დილის ცხრა საათზე ფეხით მივსეირნობდი, დავინახე სქროლი და ვიფიქრე, ამით წავალ-მეთქი. ალბათ, ბედისწერა იყო, თორემ, წესით, იმ ადგილას სქროლზე, რომლის ტარებაც კარგად არ ვიცი, არ უნდა დავმჯდრიყავი. მაგრამ, არ ვიცი, რატომ მომინდა. მოკლედ, სქროლით მოვინდომე ჭავჭავაძეზე გადაადგილება, ცუდი გზა იყო, წონასწორობა ვერ დავიცავი, ცუდად დავამუხრუჭე, გადმოვვარდი და მხარი მოვიტეხე. გამვლელებმა ძლივს ამფხიკეს მიწიდან, გამოიძახეს სასწრაფო, გადამიყვანეს საავადმყოფოში, გამიკეთეს ოპერაცია და რკინები ჩამიდგეს. ახლაც გამაყუჩებლებს და ანტიბიოტიკებს მიკეთებენ, გაოგნებული ვარ და გული მწყდება, რომ უამრავი საქმე მქონდა და ხელი მეშლება. თვე-ნახევარი ხელი დაფიქსირებული უნდა მქონდეს, მერე რეაბილიტაციის პერიოდი უნდა გავიარო, თავისი ვარჯიშებით. ახლა, როცა ამდენი საქმე მაქვს, ჩემთვის მხარის მოტეხა ჩვეულებრივი „დასტოპებაა“.