ღვიძლის აბსცესი ამებური დიზენტერიის ან ზოგადი ჩირქოვანი ინფექციის გართულების შედეგად ვითარდება. განასხვავებენ აბსცესის შემდეგ სახეებს: ამებურს და ჩირქოვანს. ავადმყოფი მარჯვენა ფერდქვეშა არეში ძლიერ და მუდმივ ტკივილს უჩივის. აბსცესის ზრდის კვალდაკვალ ტკივილი ძლიერდება და მჭრელი ხდება. მუცლის მარჯვენა ნახევარსა და გულმკერდში შეიგრძნობა სიმძიმე და დაძაბულობა, რომელიც თანდათან იმატებს. ნებისმიერი მოძრაობა ღვიძლის ტკივილს იწვევს. პიოგენური აბსცესისა და მეორეული ინფექციის შემთხვევაში აღინიშნება მძიმე ჩირქოვანი ინტოქსიკაცია. მუცლის კუნთები მარჯვნივ ოდნავ დაჭიმულია, შეხებისას ძლიერი ტკივილი შეიგრძნობა. პულსი სუსტია. არტერიული წნევა დაქვეითებულია.

ღვიძლის აბსცესის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ენდოსკოპიური გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში). ღვიძლის აბსცესის მკურნალობა კომპლექსურია და დამოკიდებულია აბსცესის ტიპზე (ამებური ან პიოგენური), სიმძიმეზე და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. აბსცესის დრენირებას მიმართავენ პიოგენური აბსცესის დროს. ამებური აბსცესის დროს დრენაჟი ინიშნება მხოლოდ დიდი ზომის აბსცესების ან გართულებების შემთხვევაში.
ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ აბსცესი რთული ფორმისაა ან დრენირება ვერ მოხერხდა. ამებური აბსცესის დროს ქირურგიული ჩარევა იშვიათადაა საჭირო. მედიკამენტური თერაპია ხშირად დადებით პასუხს იძლევა. მკურნალობის შემდეგ პაციენტს უტარდება პერიოდული კვლევები პროგრესის შესაფასებლად. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება გამაჯანსაღებელი თერაპია, ვიტამინები და დიეტა (ცილისა და ნახშირწყლების დაბალანსებული მიღება). ასევე, პარაზიტების პროფილაქტიკა, თუ საქმე ეხება ამებურ აბსცესს ეხება.