LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ლაფაჩიშვილი შეყვარებულია – როგორ გაიცნო რჩეული: „სულ ვაპირებ, მას სიურპრიზები გავუკეთო, რადგან როცა ადამიანი გიყვარს, მთელი შენი ცხოვრება მისთვის არის მიძღვნილი…“

825
გიორგი ლაფაჩიშვილი

სხვადასხვა მუსიკალური კონკურსის მონაწილე და ინტერნეტვარსკვლავი, რომლის მიერ შესრულებული ქართული სიმღერა ძალიან პოპულარულია – გიორგი ლაფაჩიშვილი კიდევ ერთი კონკურსის მონაწილე გახდა. ის მალე „საქართველოს ხმაში“ გამოჩნდება. სწორედ ამ პროექტის გადაღებებზე ვნახეთ და ჩავწერეთ გიორგი როგორც კარიერულ, ასევე პირადულ თემებზე და აღმოვაჩინეთ, რომ მის პირად ცხოვრებაში დიდი სიახლეა.

გიორგი ლაფაჩიშვილი:

10 წლის წინ პროექტში მივიღე მონაწილეობა, შემდეგ აქტიურად დავიწყე ინტერნეტის საშუალებით ვიდეოების დადება. დიდ პრობლემაა, როცა პროექტის მერე მომღერლები ნაკლებად ჩანან. თანაც, ახლა ძალიან აქტუალურია სიმღერის ვიდეოების დადება, როდესაც მე დავიწყე, მაშინ ბევრი ადამიანი არ ათავსებდა ამგვარ ვიდეოებს. ხალხის დიდი სიყვარული დავიმსახურე, ვიდეოებს უყურებენ როგორც საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ქართველი ემიგრანტები. სხვათა შორის, მცირე ხნის წინ ბელგიაში ქართველი ემიგრანტებისთვის სოლოკონცერტი გავმართე. ეს ჩემი აქტიურობის დამსახურებაა. „საქართველოს ხმაშიც“ იმიტომ მინდა მონაწილეობა, რომ ძალიან მიყვარს, როცა ხალხს ჩემი სიმღერით ვეფერები. მინდა, გამოვხატო სითბო იმ თბილი სიტყვების გამო, რასაც ჩემ მიმართ არ იშურებენ.

როგორია ეს თბილი სიტყვები და შეფასებები, რაც ასე გახარებს?

როცა მშობელს ეხებიან, – რა კარგი დედის შვილი ხარ, ისეთი ადამიანი ხარ, ეს გეტყობაო – ეს შეფასება ყველაზე მეტად მახარებს. ყველგან ვამბობ, რომ დედამ ჩემს მუსიკალურ კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა. დედა ძალიან დიდი ხანია მღერის, საგარეჯოს ანსამბლ „ჩინარში“. დღემდე რეპეტიციები აქვთ… 30 წელზე მეტია, მღერის. დედამ მიბიძგა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. სხვა სამსახურებში ვიმუშავე, მაგრამ წამოვედი, რადგან მინდა, სულ სიმღერით ვიყო დაკავებული. გაყიდვების მენეჯერად ვმუშაობდი, კორპუსებსა და მშენებლობებს ვამარაგებდით მასალებით, მაგრამ ჩემი თავი იქ ვერ ვიპოვე. მომწონს კამერების წინ გამოჩენა. სიმღერით ვცხოვრობ…

უფრო მეტად ქართული სიმღერაა ხომ შენი მთავარი მიმართულება?

მიწევს კორპორაციულებზე, ივენთებზე, ქორწილებში სიმღერა და უცხოურებსაც ვასრულებ, მაგრამ ჩემს ძირითად რეპერტუარში მაინც ქართული სიმღერებია. ზოგს ჰგონია, რომ ინგლისურენოვანი სიმღერებისგან შორს ვარ, მაგრამ ასე არ არის. შემიძლია ვიმღერო, თუმცა არა ისეთი გულით, როგორც ქართულს ვასრულებ.

სიმღერის გამო იმედგაცრუება ხომ არ გქონია?

არა, სხვათა შორის. ადამიანებს თუ პროექტებში გამოსვლისას მოტივაცია ეკარგებათ იმის გამო, რომ ტურიდან ტურში ვერ გადადიან, ჩემზე ეს არ მოქმედებს. ჩემს ცხოვრებაში „საქართველოს ხმა“ რიგით მესამე პროექტია. მოხარული ვიქნები, თუკი ლაივშოუებამდე გავალ და დავინტერესდები, როგორი იქნება ხალხის ჩართულობა. ეს ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოცდილება იქნება. ყოველთვის მოტივირებული ვარ და გულის წყვეტა არ მაქვს. საკუთარი თავის მჯერა.

ბელგიაში კონცერტის შესახებ მოგვიყევი – ქართველი ემიგრანტები როგორ შეგხვდნენ?

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნიკოლოზ მღებრიშვილს, რომელიც ოჯახთან ერთად ბელგიაში ცხოვრობს და ზაფხულობით ჩამოდის საქართველოში. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს მოისმინა ჩემი სიმღერა და მოკლე პერიოდში დაიგეგმა ჩემი კონცერტი. ნიკოლოზის ოჯახმა უზრუნველყო დარბაზის ქირაობა. ივენთებზე 10-15 სიმღერას ვასრულებ ხოლმე, მაგრამ იმდენად კარგი ატმოსფერო დამხვდა ქართველი ემიგრანტების მხრიდან შექმნილი, რომ 25 სიმღერა შევასრულე. მეუბნებოდნენ, რომ აკლიათ იქ გამართული ქართული კონცერტები. ვფიქრობ, კიდევ დაიგეგმება იმავე დარბაზში კონცერტი. ქართველის დანახვა ჩვენს თანამემამულეებს ძალიან უხარიათ. მოსწონთ, როცა ქართულ სიმღერას ისმენენ. სიმართლე გითხრათ, ცრემლი ჩემს კონცერტზე არ დამინახავს, მაგრამ განათებული და ლამაზი თვალებით მიყურებდნენ. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ნიკოლოზ მღებრიშვილს.

თუ არსებობს შენს ცხოვრებაში ადამიანი, ვისთვისაც განსაკუთრებულად მღერი?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ოჯახის წევრები, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან პერიოდებში სულ ჩემთან არიან, ასევე ჩემს ცხოვრებაში არის ახალი ადამიანი, უკვე რამდენიმე თვეა. სულ მინდოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოფილიყო ადამიანი, ვისაც ჩემი სიმღერით მეტ სიყვარულს დავანახვებდი. ძალიან კარგი ადამიანია და დიდ მოტივაციას მაძლევს. მისი სახელია ინა…

როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ყოველთვის მეგონა, რომ პირისპირ ვნახავდი იმ ადამიანს, რომელიც შემიყვარდებოდა და ჩემი ცხოვრების მეგზური გახდებოდა, მაგრამ ასე მოხდა. მე და ინამ ერთმანეთი სოციალური ქსელით გავიცანით. სხვათა შორის, „ტიკ-ტოკზე“ მე დავამატე და მერე „ინსტაგრამზე“ დავამატე, ჩვენ შორის გაება მიწერ-მოწერა… ისეთი ურთიერთგაგება და სიყვარული გვაქვს ერთმანეთის მიმართ, როგორსაც ყოველდღიურობაში იშვიათად ვერ შეხვდებით. შენი ხასიათი და ფიქრები უსიტყვოდ რომ ესმის, ასეთი ადამიანია.

სიურპრიზებს უკეთებ?

კი და ძალიან უყვარს ყვავილები. მომავალშიც სულ ვაპირებ, მას სიურპრიზები გავუკეთო, რადგან როცა ადამიანი გიყვარს, მთელი შენი ცხოვრება მისთვის არის მიძღვნილი და ფიქრობ, როგორ გააბედნიერო… სხვა ადამიანის გაბედნიერებაზე რომ ზრუნავ, ეს არის სიყვარული, სადღაც წავიკითხე და ვეთანხმები… რადგან ეს ასეა, მართლა დიდი სიყვარულის მანიშნებელია.

დღეს უფრო სხვანაირად მღერი, რადგან შეყვარებული ხარ?

რა თქმა უნდა… ზოგადად, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და სცენაზე სხვანაირი მოტივაციით გავდივარ…

Dio magti 5g