LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა მესხი: „მოცეკვავე ნიკა ცისკარიძისგან მქონდა შემოთავაზება, რომ რუსეთში წავსულიყავი და იქ მემღერა… ალა პუგაჩოვა აკეთებს „ვარსკვლავების აკადემიას“, ჩამოდი და მოგხედავ, როგორც საჭიროაო…“

192
გოგა მესხი

მომღერალი გოგა მესხი ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს, რატომ თქვა უარი რუსეთში გამგზავრებასა და იქ სიმღერაზე წლების წინ:

გოგა, როგორც მახსოვს, გარკვეული პერიოდი უცხოეთში წასვლასა და იქ კარიერის გაგრძელებას აპირებდი.

არ ცდებით, ახლაც მაქვს საკმაოდ კარგი შემოთავაზებები უცხოეთიდან და სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ. ზოგადად, თუ წავალ, ალბათ, ორი-სამი თვე, რადგან ზუსტად ვიცი, მეტხანს სხვაგან ვერ გავჩერდები. მაქსიმუმ, ოთხი თვე დავტოვე საქართველო და ერთი თვის მერე, რომ ვიღვიძებდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი, ვამბობდი: კიდევ აქ ვარ? (იცინის) სხვა ქვეყანაში დიდი ხანი ვერ ვჩერდები, ორი კვირის მერე, ნოსტალგია მეწყება. გეტყვით, რომ დაახლოებით, თხუთმეტი წლის წინ მოცეკვავე ნიკა ცისკარიძისგან მქონდა შემოთავაზება, რომ რუსეთში წავსულიყავი და იქ მემღერა. ნიკა ნათესავად მეკუთვნის, დედაჩემის ხელშია გაზრდილი. ყაზახეთში ვიყავი, დამირეკა და მითხრა: ალა პუგაჩოვა აკეთებს „ვარსკვლავების აკადემიას“, ჩამოდი და მოგხედავ, როგორც საჭიროაო. ჩემი კარიერისთვის, ალბათ, კარგი იქნებოდა, თუმცა, მაინც არ წავედი.

და მიზეზი რა იყო? არ გინდოდა, რუსეთში გემღერა?

ვერაფრით ვერ გამიჯნავ პოლიტიკას და სიმღერას, როგორც არ უნდა მოინდომო და რა აპოლიტიკურიც უნდა იყო, როგორიც მე ვარ. სად მე და სად პოლიტიკა, მაგრამ მაინც არაფრით იქნება ლამაზი, იმღერო იმ ქვეყანაში, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და თან, მამაჩემი, აფხაზეთის ომს შეეწირა. ამის გათვალისწინებით, არ მინდოდა რუსეთში სიმღერა და თან, დედისერთა ვარ და დიდი ხნით ვერ წავიდოდი. დედაჩემი სულ იბრძოდა, დიდი ხნით არსად წავსულიყავი (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები