LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონები სოციალური ქსელების მავნე გავლენას ბიჭებზე მეტად განიცდიან

104
ქირიას NEWS შაბლონი (2)

სოციალური ქსელები უფრო ძლიერად აზიანებს თინეიჯერ გოგონებს, ვიდრე ბიჭებს: ისინი უფრო ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლი, უფრო მეტად ნერვიულობენ გარეგნობასთან დაკავშირებით და უფრო მძაფრად რეაგირებენ ონლაინ გარემოს ზეწოლაზე. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფრანგული სახელმწიფო სააგენტოს ANSES ექსპერტები, რომლებმაც ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სოციალური ქსელების გავლენის მასშტაბური კვლევა გამოაქვეყნეს.

ანგარიშის ავტორები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. საშუალოდ, გოგონები უფრო ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელებს და მეტად არიან დამოკიდებული თანატოლების რეაქციებზე. ლაიქები, კომენტარები და საკუთარი თავის სხვებთან შედარება მათ შემთხვევაში უფრო სწრაფად ხდება თვითშეფასების ნაწილი და იწყებს გავლენას განწყობასა და საკუთარი თავის აღქმაზე.

ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ექსპერტები ასახელებენ არარეალური სილამაზის სტანდარტების ზეწოლას. სოციალური ქსელები მუდმივად აჩვენებს დამუშავებულ სახეებსა და სხეულებს, რაც ქმნის ისეთ „ნორმას“, რომლის მიღწევაც რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია. ასეთი შედარება ამცირებს გოგონების თავდაჯერებულობას და იწვევს შფოთვასა და დეპრესიულ მდგომარეობას.

კიდევ ერთი პრობლემა ონლაინ-ბულინგია. ანგარიშის მიხედვით, გოგონები უფრო ხშირად ხდებიან მისი ობიექტი და როგორც წესი, უფრო მძიმედ განიცდიან შედეგებს.

ექსპერტებმა ცალკე ყურადღება გაამახვილეს რეკომენდაციების სისტემაზეც. ალგორითმები ხშირად ერგება მომხმარებლის ინტერესებს და აგრძელებს მსგავსი კონტენტის შეთავაზებას. შედეგად, თინეიჯერი გოგონები ისევ და ისევ აწყდებიან მასალებს, რომლებიც მათ მოწყვლად მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ცვლილებები თავად პლატფორმების დონეზე უნდა განხორციელდეს. მათი აზრით, სოციალური ქსელები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ იცავდეს არასრულწლოვნებს – არ ავრცელებდეს მავნე კონტენტს რეკომენდაციებში და არ ახალისებდეს აპლიკაციებში ზედმეტად დიდხანს ყოფნას.

ბოლო წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად ცდილობენ ბავშვების  სოციალური ქსელების მავნე გავლენისგან. საბერძნეთში უკვე აკრძალულია 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება, დანიაში კი შეზღუდვა წელს ამოქმედდება. ლატვიაში მოსახლეობის მესამედი მხარს უჭერს 13 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას, ხოლო გერმანიაში უმრავლესობა  16 წლამდე შეზღუდვას ემხრობა.

საფრანგეთში სენატის კომისიამ ასევე მოითხოვა „ციფრული კომენდანტის საათის“ დაწესება – 20:00-დან 08:00 საათამდე, როდესაც 15-დან 18 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელებზე წვდომა შეეზღუდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები