LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმას, რასაც სხვას აპატიებენ, მე არ მპატიობენ… მივეჩვიე, რომ უამრავ პოზიტიურ შეფასებასთან ერთად, იქნება ნეგატიურიც…“ – რატომ უთხრა უარი ნინი ბადურაშვილს ქალიშვილმა კლიპში მონაწილეობაზე და რა ისწავლა 101 წლის ბებიისგან

1174
ნინი ბადურაშვილი (1)

ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ ნინი ბადურაშვილი თავით გადაეშვა თავის ყველაზე საყვარელ საქმიანობაში, რომელიც ამ წლების განმავლობაში, რაც „იმედში“ მუშაობდა, მეტ-ნაკლებად დაპაუზებული ჰქონდა – ახლახან კლიპი გადაიღო მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე, ჩაწერა ახალი კომპოზიცია დუეტ „ჯორჯიასთან“ ერთადაც. ნინი ამბობს, რომ ახლა საკუთარი თავის ძიებაშია…

ნინი, შენი ახალი სიმღერა გამოდის, რომელიც მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. რაიმე ახალი გამოცდილება თუ მიიღე კლიპის გადაღებისას?

სიმღერა მაიკოსია, სწორად აღნიშნე, ტექსტი ირინა სანიკიძემ დაწერა, არანჟირება კი ბორიკო შხიანს ეკუთვნის. მე და მაიკოს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს და ჩვენთვის ეს ყველაფერი ახალი არ იყო, მაგრამ ახლებურად მივუდექით თავად პროცესს. ფეხი უნდა აუბა იმას, რაც დღეს ხდება. ჩვენ როგორი სიმღერებიც გვიყვარდა, ძველი, ის არის თანამედროვე ჟღერადობით. სიმღერის სახელწოდებაა „სიყვარულის დროა“. ვფიქრობ, ის ზაფხულს უხდება, ისევე, როგორც კლიპი, ლევან ყანდაშვილმა და ირაკლი ფიფიამ იმუშავეს მასზე. ჩავწერეთ „ბრავო რეკორდსში“. მგონია, მხიარული ნამუშევარი გამოვიდა.

უჩვეულოდ ბევრს ცეკვავ კლიპში…

ირაკლი ფიფიას ვთხოვე, რომ დაედგა მარტივი ილეთები, მაგრამ დამიდგა ურთულესი ცეკვა, რომელსაც მგონია, რომ თავი გავართვი…

როცა ტელევიზიიდან წამოხვედი, მაშინ ვისაუბრეთ და მითხარი, რომ სიახლეები გექნებოდა მუსიკალური მიმართულებით. კმაყოფილი ხარ იმით, რასაც დღეს აკეთებ და რომ დაუბრუნდი შენს სფეროს?

კი, ძალიან მომწონდა და მსიამოვნებდა ტელეწამყვანობა, იყო საინტერესო გამოცდილება და არც უარვყოფ, რომ მომავალშიც შეიძლება წავიყვანო გადაცემა, მაგრამ ჩემთვის უპირველესი სფერო იყო მუსიკა. არ დავუთმე იმდენი დრო, რასაც მანამდე ვუთმობდი, რადგან ტელევიზიას დიდი დრო მიჰქონდა. ტელევიზია შრომატევადია. როცა ერთ საქმეზე ვარ კონცენტრირებული, სხვა რამის კეთება მიჭირს. პარალელურად, უნდა მეკეთებინა აქეთაც რაღაცები და ამას ვნანობ.

ამას წინათ, შენი ვიდეო შემხვდა, სადაც ამბობდი, რომ შენმა ქალიშვილმა, ელენემ შენი არც ერთი სიმღერა არ იცის. ახლები მოასმენინე?

ეს ხუმრობა იყო… „ამოდენა მდინარე“, აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილის ხელებსაც უყვართ და „სთორებს“ დებენ, მისმა კლასელმა მკითხა, ამ სიმღერას შენ ასრულებო? და ელენემ მაშინ აღმოაჩინა, რომ მე ვმღერი ამ სიმღერას. ელენე სხვა თაობაა, თავისი ფლეილისტი აქვს. ეს სიმღერა რომ შეხვდა, ალბათ, არც უფიქრია, რომ ჩემია. ხალხმა ცოტა ცუდად გაიგო ეს ვიდეო, შვილს არ ეკონტაქტებაო. როგორ გეკადრებათ. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს… უბრალოდ, ისე მოხდა, რომ არ იცოდა, „ამოდენა მდინარეს“ მე თუ ვასრულებდი.

ახალ კლიპში მინდოდა, რომ ელენესაც მიეღო მონაწილეობა და ეცეკვა, მაგრამ არ უნდა სიმღერა და გამოჩენა, პროტესტი აქვს. ძალიან კარგად ცეკვავს და მღერის…

რით არის ეს პროტესტი გამოწვეული, როგორ ფიქრობ?

ალბათ, ჰგონია, რომ სიმღერა დედასთან გატარებულ დროს ართმევს. მას ჩემთან ურთიერთობა ნამდვილად არ აკლია, მაგრამ ალბათ, ყველა შვილს კიდევ უფრო მეტი უნდა. როცა იგებს, რომ გადაღებაზე ვარ, ალბათ, ეს იწვევს გარკვეულ პროტესტს. სხვათა შორის, მეც მქონდა იგივე დამოკიდებულება, კატეგორიულად არ მინდოდა მსახიობობა. ახლაც არ ვნანობ, რომ მსახიობობა არ ავირჩიე, ეს არ იყო ჩემთვის საოცნებო პროფესია. საოცნებო იყო სიმღერა და ავირჩიე კიდეც.

ელენეს აქვს ხელოვნებისადმი მიდრეკილება… გინდა მისთვის შენი მსგავსი კარიერა?

ელენე ძალიან კარგად ხატავს კიდევაც… არ ვიცი, რაც თავად უნდა, ის უნდა აარჩიოს. ბევრ რაღაცას განვიხილავთ. ძალიან უნდა მოდელობა. 24 საათი დგას სარკის წინ და იპრანჭება.

მკაცრი დედა ხარ თუ უფრო მეგობრული?

შუალედურს დავარქმევდი. მკაცრი არ ვარ. ეკა მეუბნება, ზედმეტად ლმობიერი ხარ და ცოტა გამკაცრდიო, მაგრამ არ მინდა. ჩვენ უფრო ჩაკეტილი ბავშვები ვიყავით და სხვანაირად გვზრდიდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელენეს ყველაფრის უფლებას ვაძლევ. მშობელი რომ ვარ და რიდი უნდა ჰქონდეს, ეს მნიშვნელოვანია.

ნინი, ამდენი წელია, გიყურებთ ეკრანზე და მის მიღმაც და ასაკი არ გეტყობა... ამის მიზეზი, შენი აზრით, რა არის?

მადლობა. ალბათ, გენეტიკაც არის. დიდად გურმანი არ ვარ, ამაზე არ ვარ ორიენტირებული. ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც მზადებაც ერთგვარი ხელოვნებაა და ჭამაც. მე დიდად არც მზადება მიყვარს და არც ჭამა. რაც არის მაცივარში, შეიძლება იმით გადავატარო მთელი დღე.

მშობიარობის მერე, მახსოვს, ძალიან მალე ჩადექი ფორმაში…

კი, უფრო გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. ვცდილობ, ნაკლებად ვჭამო ცომეული. ვარჯიშით თავს არ ვიკლავ, მაგრამ ვვარჯიშობ.

ბავშვობიდან ხარ საზოგადოების დაკვირვების ქვეშ და ბევრი რთული პერიოდიც გამოგივლია ცხოვრებაში. რა ისწავლე წარსული გამოცდილებებიდან?

ადამიანი ყოველდღე რაღაცას სწავლობ. რომ გგონია, ყველაფერი იცი და შეცდომას არ დაუშვებ, ასე არ არის. ყოველდღიურად ადამიანები გაოცებენ თავიანთი ნაბიჯებით. შესაძლოა, ადამიანს იცნობ წლობით და უცებ მიხვდები, რომ არ იცნობდი. თურმე საკუთარ თავსაც არ იცნობ. მე, მაგალითად, დღემდე მაკვირვებს ჩემი თვისებები.

რა აღმოაჩინე ბოლოს საკუთარ თავში?

მივხვდი, რომ არასდროს გავბოროტებულვარ. მიუხედავად იმ უამრავი ქარცეცხლისა, რაც გამოვიარე. როცა მე გამოვჩნდები სადღაც, აქვს დიდი ნახვა, ბევრ პოზიტიურ რაღაცას დამიწერენ, მაგრამ ბევრ ნეგატიურსაც. რაც უნდა გავაკეთო, ეს ნეგატივი მაინც არის. იმას, რასაც სხვას აპატიებენ, მე არ მაპატიებენ… რაღაცას მაინც გამომიძებნიან. არის ადამიანების ნაწილი, რომელიც თითქოს ჩასაფრებულია, გამოგინახოს, გაგაკრიტიკოს. შენ გაგატარებენ უბედურ ქარცეცხლში, სხვაზე კი საერთოდაც არ შეიმჩნევენ. ვყოფილვარ ნაწყენი, მაგრამ არა გაბოროტებული. სამყაროში არაფერი იკარგება. ის ნეგატივი, რასაც ადამიანი ადამიანს უსურვებს, მას უკან დაუბრუნდება. ახალ კლიპზე მიწერენ, რომ ვარ დაბერებული, არ უნდა ვიცეკვო, სხვა რამე უნდა ვიმღერო. თუ არ ვცეკვავ, მიწერენ, ცოტა გაინძერიო (იცინის). ამას უკვე მივეჩვიე. რაც არ მომწონს, აღარ ვაქცევ ყურადღებას. მაგალითად, მე და დუეტი „ჯორჯია“ ვდგავართ, თან ნახულობენ და თან – ნეგატივს დამიწერენ… მივეჩვიე, სადღაც რომ გამოვჩნდები, იქნება კარგიც და იქნება ნეგატივიც. მე რომ ცუდს დამიწერენ, არასდროს მომინდება, რომ მას საშინელებით ვუპასუხო. ცუდი და კარგი ენერგია, რასაც ადამიანი ასხივებს, უკან ბრუნდება – ამის მჯერა. ამას თუ გაანალიზებენ ადამიანები, ძალიან კარგი იქნება. ეთერ კაკულიას ვიდეო ვნახე ამას წინათ, ადამიანებმა ზუსტად რომ გაანალიზონ, რა არის სიკვდილი, ამდენ რამეზე აღარ ინერვიულებენ, ამიტომ დატკბნენ ცხოვრებით, ყველამ თავისი საქმე აკეთოს. 101 წლის ბებია მყავდა, გარდაიცვალა. სულ ვეკითხებოდით, რა იყო მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო, გვპასუხობდა, რომ ბოღმა არ უნდა ჩაიდო გულშიო და ამას ვეთანხმები.

ახლა მყარად დგახარ მიწაზე, თუ საკუთარ თავს ეძებ?

მყარად ვდგავარ, მაგრამ ძიებაში ვარ, მათ შორის, მუსიკაშიც. ეს საინტერესო პროცესია.

დაბოლოს, სიყვარული დრო არის ნინი ბადურაშვილისთვის?

რა თქმა უნდა (იღიმის).

მეტს არაფერს გვეტყვი?

არა…

magti 5g