LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერვიუ დერმატოლოგთან – რა უნდა ვიცოდეთ ნაირფერ პიტირიაზზე?

467
თოდუას კლინიკა

ნაირფერი პიტირიაზი მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებსა და ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში – ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში. უფრო დეტალურად დაავადებაზე თოდუას კლინიკის დერმატოლოგი ნათია თოდუა გვესაუბრა.

რა არის ნაირფერი პიტირიაზი და რა იწვევს მას?

ნაირფერი პიტირიაზი კანის სოკოვანი ინფექციაა, რომლის დროსაც ირღვევა კანის ნორმალური პიგმენტაცია და თავს იჩენს მუქი, თეთრი ან მოვარდისფრო ლაქები.

ნაირფერ პიტირიაზს იწვევს სოკო Malassezia, რომელიც ნებისმიერი კანის ნორმალური მიკრობიომის შემადგენლობაში გვხვდება, უმეტესწილად ცხიმოვან ანატომიურ მიდამოებში. მათ ჭარბად გამრავლებას გავლენა აქვს კანის პიგმენტაციაზე, სწორად ამიტომ ვითარდება ზემოხსენებული ლაქები.

რა ფაქტორები უწყობს ხელს ნაირფერი პიტირიაზის განვითარებას და წელიწადის რა დროს იმატებს მისი შემთხვევები?

ნაირფერი პიტირიაზის გაჩენას ხელს უწყობს ცხელი და ნესტიანი ამინდი, შესაბამისად, შემთხვევათა რაოდენობა იმატებს ზაფხულის პერიოდში. ის შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს ჭარბოფლიანობასთან და ტანის ზეთის გამოყენებასთან. ხშირად გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობა და იმუნიტეტის დაქვეითება.

რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?

ნაირფერი პიტირიაზის დროს კანზე წარმოიქმნება ჰიპერპიგმენტური (უმეტესწილად ღია ან მუქი ყავისფერი), ჰიპოპიგმენტური (თეთრი) ან მოვარდისფრო მსუბუქად აქერცვლადი ოვალური ფორმის ლაქები, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება მსუბუქი ქავილითაც ხასიათდებოდეს. თვითონ დაავადების სახელწოდებაც „ნაირფერი“ მიანიშნებს იმაზე, რომ ლაქებს შეუძლია დროთა განმავლობაში ფერი შეიცვალოს, მაგალითად, ყავისფერი შეფერილობიდან გადავიდეს მოთეთრო ფერში. ლაქები ძირითადად ვლინდება ზედა კიდურების და ტანის მიდამოში. ბავშვებში მათ შესაძლოა თავი იჩინონ სახეზეც.

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა?

პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, როდესაც ტანისა და ზემო კიდურების მიდამოში შეამჩნევს კანის აჭრელებას მასზე ლაქების გაჩენის შედეგად. პაციენტის ფიზიკური დათვალიერება, როგორც წესი, საკმარისია დიაგნოზის დასასმელად.

ნაირფერი პიტირიაზის მკურნალობა ხდება ადგილობრივად, სოკოს საწინააღმდეგო
შამპუნებითა და კრემებით. სისტემური მკურნალობა, რაც გულისხმობს დასალევი
მედიკამენტის მიღებას, ხშირ შემთხვევაში საჭირო არ არის. მკურნალობა სრულიად
უსაფრთხოა, თუმცა თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე რაიმე საშუალების გამოყენება, სასურველი არ არის.

რა გართულებები შეიძლება წარმოიქმნას დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში?

ნაირფერ პიტირიაზს არ ახასიათებს რაიმე ტიპის სერიოზული გართულებები. უმეტესწილად უყურადღებოდ დატოვებულმა ამ კონკრეტულმა მდგომარეობამ კანზე
შეიძლება დატოვოს პერმანენტული თეთრი ლაქები და კანის ბუნებრივი ფერი აღარ
აღდგეს.

შესაძლებელია თუ არა ნაირფერი პიტირიაზის პრევენცია? რა რეკომენდაციებს მისცემდით პაციენტებს?

ნაირფერი პიტირიაზი მიეკუთვნება მორეციდივე დაავადებების რიცხვს, ამიტომ
წარმატებულად ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ხელსაყრელ პირობებში
(როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცხელ და ტენიან ამინდში, ჭარბოფლიანობისას) მან
მარტივად შეიძლება იჩინოს ახლიდან თავი და ხელახლა გახდეს მკურნალობის
კურსის ჩატარება საჭირო.

მაქსიმალური პრევენციისთვის პაციენტებს შეუძლიათ გამოიყენონ კეტოკონაზოლის შემცველი შამპუნი კვირაში 2-3 ჯერ შხაპის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები