32 000 ადამიანი – ანუ ისინი ისინი, ვისი შემოსავალიც 40 000 ლარს აღემატება საყოფელთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
რა ცვლილებები იქნება საყოველთაო ჯანდაცვაში უკვე ცნობილია, თუმცა როდიდან შევა ძალაში ახალი რეგულაციები, ამას მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტენ.
ოჯახის შემოსავლის მიუხედავად, საყოველთაო ჯანდაცვა შეუნარჩუნდებათ 0–დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს.
ასევე, სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს ნებისმიერი პირის მშობიარობასა თუ საკეისრო კვეთას – ამ მხრივ ცვლილებები არ იგეგმება.
ცვლილებები შეეხება საშუალო შემოსავლის მქონე პირებს – ასეთებად ითვლებიან ისინი, ვინც თვეში ოფიციალურად 1000–ლარიდან 36000–ლარამდე გამოიმუშავებენ.
საშუალო შემოსავლის მქონე პირები, ამბულატორიული მედიკამენტების 100%–იან დაფინანსებას მიიღებენ, თუმცა მათ გეგმიურ სტაციონარში განთავსება (1000 ლარის ქვევით) მხოლოდ 70%–ით დაუფინანსდებათ. მედიკამეტების 100%–იანი დაფინანსება ექნებათ მიზნობრივ ჯგუფებსაც.
მათ გადაუდებელ სტაციონარში მოთავსებას სახელმწიფო 100%–ის ნაცვლად 90%–ით დააფინანსებს.
რაც შეეხება დაბალი შემოსავლის მქონე პირებს, სახელმწიფო მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ, როგორც საყოველთაო ჯანდაცვით, ასევე კერძო დაზღვევით ერთდროულად.
საშუალო შემოსავლის მქონე პირებს კი კერძოსა და საყოველთაო ჯანდაცვას შორის, არჩევანის გაკეთება მოუწევთ, მათ ამ ორიდან მხოლოდ ერთ–ერთის არჩევის საშუალება ექნებათ.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საყოველთაო პაკეტები იცვლება ისე, რომ თითოეულ მოქალაქეს ექნება იმ მოცულობის დაფინანსება, რომელიც მას სჭირდება ქონებრივი მდგომარეობის და შემოსავლების მიხედვით.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.