ბრიტანელ ტელეწამყვანს, ჯერემი კლარკსონს, პარკინგზე მომხდარი შემთხვევის გამო სასამართლოში უჩივლეს. როგორც გამოცემა The Standard წერს, დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ ბარის ადმინისტრაციამ ინციდენტის შემდეგ პასუხისმგებლობა სათანადოდ არ აიღო.
Top Gear-ის და The Grand Tour-ის ყოფილი წამყვანი, ასევე გადაცემის Clarkson’s Farm ავტორი, ოქსფორდშირში 2024 წლიდან მართავს ბარს Farmer’s Dog-ს. სწორედ ამ ობიექტის პარკინგზე მოხდა ინციდენტი.
68 წლის ელიზაბეტ პალმბის თქმით, უამინდობის გამო გრუნტის საფარი დროებით მეტალის ფირფიტებით იყო დაფარული. ერთ-ერთი ფირფიტის ამობურცულ ნაწილზე ქალმა ფეხი წამოკრა, დაეცა და მუხლი და ხელი დაიზიანა. საავადმყოფოში მას ხელზე ათი ნაკერი დაადეს და დიდი ალბათობით ნაიარევიც დარჩება. ქალი ასევე აცხადებს, რომ ნეკნები აქვს მოტეხილი.
დაზარალებულის მტკიცებით, კომპენსაციის სახით ბარმა მხოლოდ უფასო სადილი შესთავაზა. გარდა ამისა, მისი თქმით, ადმინისტრაციამ პარკინგის მოწესრიგებისთვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, რის შემდეგაც მან სასამართლოს მიმართა.
ბარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარკინგზე მყარი საფარის დაგების პროექტი უკვე მომზადებულია და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია, თუმცა სამუშაოების დაწყება შეუძლებელია გრუნტის წყლების გადინების სისტემის საბოლოო დამტკიცებამდე.